დოკუმენტური ფილმი
"მანიკიურებით" ბოსტანში, თამადა ქორწილში, საუკეთესო ნარდში - გაიცანით ლიდა პოღოსიანი

68 წლის ლიდა პოღოსიანი ახალციხის სოფელ წყალთბილაში ცხოვრობს. ისევე, როგორც მისი თანასოფლელების, ლიდას დილაც ადრიანად იწყება. მზის ამოსვლამდე ბოსტანს უვლის, რძეს ჭურჭელში ათავსებს და ყველი ამოჰყავს, სახლის დალაგებისა და სადილის მომზადების შემდეგ, დრო მეზობლებთან ნარდის სათამაშოდ და ყავის დასალევადაც რჩება.

როგორც კი აუცილებელ საქმეებს დაასრულებს, ცდილობს ჰობისთვისაც მოიცალოს. ის ძველ, საოჯახო ნივთებს აგროვებს. ლიდას სახლში ერთი ოთახი თიხის და თუჯის ჭურჭელს უკავია.

„სოფლის ცხოვრება მარტივი არ არის“, - ამბობს ლიდა და მისი ახალგაზრდობის შესახებ გვიყვება. 17 წლის ლამაზი გოგო მეზობელი სოფლის მაცხოვრებლის თვალს არ გამოჰპარვია. ასე გახდა სრულიად უცნობი, ცხრა წლით დიდი კაცის ცოლი. „ძალიან კარგი კაცია, მშვიდი, წყნარი“, - გვიყვება ის.

ლიდას სწავლა უნდოდა, ამიტომ ქმარმა ერევანში წაიყვანა და მანაც ინსტიტუტში, საექთნოზე ჩააბარა. სომხეთიდან დაბრუნების შემდეგ, 30 წელი ვალეში, ექთნად მუშაობდა. ახლა თანასოფლელებს ეხმარება.

„სხვანაირი ქალი არ ვარ, აქ (სოფელში) ყველა ასეთია. მე ბევრი ლაპარაკი მიყვარს, სიმღერა და ლექსები. ღვინოს და არაყს ვერ ვსვამ, მაგრამ თამადობა შემიძლია. 15 წელია უკვე თამადა ვარ“.

ლიდას ორი შვილი ჰყავს. ორივე მათგანი საკუთარი ოჯახებით რუსეთში ცხოვრობს.
| Print |