დოკუმენტური ფილმი
სრულფასოვან მოქალაქედ რომ იგრძნონ თავი, კარგად უნდა ისწავლონ ქართული ენა - ასტღიკ საღათელიანი
ასტღიკ საღათელიანი 26 წელია სოფელ დამალაში ეთნიკურად სომეხ ბავშვებს სახელმწიფო ენას ასწავლის. ამბობს, რომ ,,პატარებისთვის სწავლა სულაც არ არის რთული. მაგრამ, ქართულ გარემოში რომ იცხოვრონ, საერთოდ აღარ გაუჭირდებათ. პრობლემა ის არის, რომ დამალაში ძირითადად სომხური მოსახლეობა ცხოვრობს და ბავშვები დილიდან საღამომდე სომხებში არიან“.
გაკვეთილების შემდეგ ეზოში სოფლის მეურნეობას უძღვება. მასწავლებლობისა და ფერმერობის შეთავსება უჭირს, მაგრამ სხვა გზა არ აქვს. სოფელში ყველაფერი უნდა მოასწროს, მითუმეტეს როცა დედაქალაქში სტუდენტი შვილი სწავლობს. 47 წლის პედაგოგს სამი შვილი ჰყავს. ,,დიდმა უმაღლესი რუსეთში დაამთავრა, იქ მუშაობს, მეორე თბილისში სწავლობს, სამედიცინოზე, მესამე მე-9 კლასში გადავიდა“.

იმისთვის, რომ ახალგაზრდებმა საქართველოში სრულფასოვან მოქალაქედ იგრძნონ თავი, ასტღიკი მათ სახელმწიფო ენის კარგად სწავლას ურჩევს. ქართული ენის მასწავლებელი სოფელ დამალაში მიგრაციის მაღალ მაჩვენებელზეც ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ მოსწავლეთა რაოდენობა თითქმის განახევრებულია და სკოლაში 150 ბავშვამდე დარჩა.

,,წინათ დამალის სკოლას ბევრი მოსწავლე ჰყავდა, მაგრამ რადგან მოსახლეობის უმეტესი ნაწილი გაემგზავრა რუსეთისკენ, თავისთავად იკლო მოსწავლეთა რაოდენობამ სკოლაში“.

ფიქრობს, რომ ვისაც სწავლა არ ეზარება და სახელმწიფო ენას კარგად ფლობს, დასაქმდება და დასახულ მიზანს ყოველთვის მიაღწევს.


| Print |