დოკუმენტური ფილმი
,,ჯაყელის ბაღი“
სოფლებსა და რაიონულ ცენტრებში სიარული, აქტიურ მოქალაქეებთან შეხვედრები, პრობლემების გამოკვეთა და მათი მოგვარების გზების ძიება - ეს თამუნა უჩიძის ყოველდღიური საქმიანობის ნაწილია. მოსაგვარებელი საკითხები იმაზე მეტი ხვდება, ვიდრე წარმოუდგენია, მოსახლეობაც ხშირ შემთხვევაში ცხოვრებაზე ხელჩაქნეული და იმედგაცრუებულია. ასეთ დროს ცდილობს ისეთი პრობლემა გამოკვეთოს, რომელიც უმრავლესობასაც აწუხებს და თან არსებობს მექანიზმი, რითაც შეიძლება თვითმმართველობას მის მოგვარებაზე ზრუნვა დააწყებინოს.
ერთ-ერთი შეხვედრის დროს, თემის მიერ დასახელებული საკითხი, ახალციხეში მდებარე საბავშვო ბაღი აღმოჩნდა, რომელიც XX საუკუნის 40–იან წლებში აშენდა და 80 წლიანი საექსპლუატაციო ვადა გასული ჰქონდა.

დახეთქილი კედლები, დამსხვრეული მინები, შენობის ყველა ოთახის ფანჯრიდან ამოჭრილი საკვამურები, ჩამონგრეული ღობე - ეს იმ პრობლემების მცირე ჩამონათვალია, რომელშიც 60-მდე პატარას აღმზრდელებთან და ძიძებთან ერთად წლების განმავლობაში ყოფნა უწევდა.

მიუხედავად ამისა, საბავშვო ბაღი ფუნქციონირებდა და წინასაარჩევნოდ, ამ ავარიულ შენობაში საარჩევნო უბანიც იხსნებოდა. ახალციხელები ყველა წინასაარჩევნო შეხვედრების დროს კანდიდატებს მე-4 ე.წ. ,,ჯაყელის ბაღის“ შენობის გამო შექმნილი პრობლემის გადაჭრას თხოვდნენ, თუმცა უშედეგოდ. იაძის ქუჩა #40-ში მდებარე საბავშვო ბაღი პირველად 2016 წელს მოექცა მერიის ყურადღების ცენტრში, მაშინ პროექტის შესყიდვაში 36 ათასი ლარი ისე გადაიხადეს, შენობას ექსპერტიზა არ ჩატარებია. მაშინდელი მერის გიორგი კოპაძის განცხადებით, ,,ჯაყელის ბაღის“ ნაცვლად ახალი ენერგოეფექტური ბაღი უნდა აშენებულიყო, მაგრამ სად, არ დაუკონკრეტებია. შექმნილი ვითარების გამო, მოქალაქეები ეჭვობდნენ, რომ ქალაქის ცენტრში მდებარე 1648 კვ.მ. ტერიტორიის გაყიდვა იგეგმებოდა.

ქალაქის ცენტრში მდებარე საბავშვო ბაღი პატარებისთვის უსაფრთხო და მიმზიდველი რომ ყოფილიყო, ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ სამცხე-ჯავახეთის კოორდინატორმა თამუნა უჩიძემ ხელმოწერების შეგროვება ძველი შენობის დემონტაჟისა და მის ადგილას ახალი შენობის აშენების მოთხოვნით დაიწყო, პარალელურად მერიისგან შენობის ექსპერტიზის დასკვნა გამოითხოვა.
სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს, N4 ბაღის შენობების შესასწავლად, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ მხოლოდ უჩიძის მოთხოვნის შემდეგ, 2022 წლის 20 მაისს მიმართა. ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნით, საბავშვო ბაღის საინჟინრო შესწავლის შემდეგ დადგინდა, რომ შენობა რეაბილიტაციას აღარ ექვემდებარებოდა.

,,XX საუკუნის 40–იან წლებით დათარიღებულ შენობას, 80 წლიანი საექსპლუატაციო ვადა გასული აქვს. დაზიანებულია როგორც შენობების საძირკველი, ისე კედლები და სახურავი. ვიზუალური დათვალიერებით დგინდება, რომ შენობა მთლიანად ამორტიზებულია და განცდილი აქვს ასაკობრივი და ფიზიკური ცვეთა. შენობას არცერთ ნაწილში, გადახურვის დონეზე, ანტისეისმური სარტყელი არ გააჩნია. შენობის მთელს პერიმეტრზე არსებული სარინელები დაზიანებულია და მოუწესრიგებელია წყალამრიდი სისტემები, რის გამოც ხდება ატმოსფერული ნალექების ჩადინება საძირკვლებში და მზიდი კედლების ჯდენა, რაც ასახულია შენობაზე და გამოხატულია კედლებსა და ტიხრებში ბზარების სახით. სახურავის ხის მასალა სინესტის გამო წასულია ლპობაში და გამოფიტულია. დაზიანებულია იატაკებიც. შენობის სიძველისა და ასაკობრივი ცვეთის გამო კედლების წყობაში არსებული დუღაბი იშლება“,–ვკითხულობთ დასკვნაში.

დოკუმენტის მიხედვით, შესწავლილი და გამოვლენილი დაზიანებების გათვალისწინებით, შენობა რეაბილიტაციას არ ექვემდებარება. ექსპერტიზის დასკვნის გაცნობის შემდეგ, თამუნა უჩიძემ, ბაღის დემონტაჟისა და ამავე მისამართზე, ახლი შენობის აშენების მოთხოვნით საკრებულოში პეტიცია მიმდინარე წლის აპრილში შეიტანა. დოკუმენტს ხელი 360 ადგილობრივმა მოაწერა.

,,პრობლემა იყო ის, რომ საკრებულო ბაღის დემონტაჟს განიხილავდა, მაგრამ იმავე ადგილზე ახლის აშენებას აღარ. ბოლომდე ვიბრძოლეთ და დღეს შემიძლია უფრო თამამად ვთქვა, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, უფრო სწორად ბრძოლის ფორმას, რაც გულისხმობს იმას, რომ უნდა ვისწავლოთ თანამშრომლობის ენით ლაპარაკი“ - მიიჩნევს თამუნა უჩიძე.

როდის დაიწყება ბაღის დემონტაჟის სამუშოები, ასევე, საიდან მოხდება ახალი ბაღის ასაშენებლად ფინანსების გამოყოფა და გამოიყენებს თუ არა ახალი ბაღის მშენებლობის დამკვეთი ორგანიზაცია ზემოხსენებულ პროექტს, ამ ეტაპზე უცნობია.

| Print |