დოკუმენტური ფილმი
ვიბარებთ პლასტმასისს ბოთლებს - საქმედ ქცეული სარეკლამო წარწერა
საკუთარი საქმიანობის შედეგს ყველაზე მეტად მაშინ მიხვდა, როდესაც საბავშვო ბაღებში მინიონების ფორმის ურნები დადგა და პატარებს ასე თამაშ-თამაშით აუხსნა, რომ ,,ევროპელობა სისუფთავით იწყება“.

ვიდრე საბავშვო ბაღის ეზოში მინიონებს დადგამდა, გრძელი გზა გაიარა. საქმეში ოჯახის წევრები და თანაქალაქელები ჩართო. მამა დანადგარების აწყობაში, ხოლო ახალციხელი ცოლ-ქმარი ნარჩენების შეგროვებაში ეხმარება.
პოლიეთილენის და მინის ბოთლები, ცელოფნები, სიგარეტის ნამწვავები, პლასტმასის ნარჩენები, პირბადეები, თუნუქის ქილები - ეს იმ ნივთების მცირე ჩამონათვალია, რომელსაც ქუჩებში მიმოფანტულს შეამჩნევთ. თემურ თაბუნიძემ სწორედ ასეთი ნარჩენების შეგროვება და დახარისხება დაიწყო.

ახალციხეში საყოფაცხოვრებო ნარჩენების ჩასაყრელად ურნები დისტანცირებულად დგას, მაგრამ ქალაქის ქუჩებში ნაგავი მაინც ყრია. მერიის მიერ განთავსებული ურნების გვერდით დახარისხებული ნარჩენებისთვის საკუთარი ხელით აწყობილი ურნები თემურ თაბუნიძემ ორი წლის წინ განათავსა, დღეს კი ფიქრობს, რომ წლების წინ დაწყებულმა საქმიანობამ შედეგი გამოიღო. მოსახლეობა ნარჩენებს ძირითადად თავად ახარისხებს და შესაბამის ურნაში ყრის.

ამბობს, რომ ერთდროულად სამ საქმეს აკეთებს - იცავს გარემოს, ასუფთავებს ქალაქს და სწორი მარკეტინგის შემთხვევაში ბიზნესსაც განავითარებს.

,,ჯერ კიდევ სტუდენტი ვიყავი, სარეკლამო წარწერა რომ დავინახე თბილისში - ,,ვიბარებთ პლასტმასის ბოთლებს“, დავიწყე ფიქრი, მაგრამ მაშინ ზუსტად არ ვიცოდი როგორ შეიძლებოდა საქმის წამოწყება, დაახლოებით ათი წლის შემდეგ იდეასთან ერთად შესაძლებლობაც გაჩნდა და საქმეც დავიწყე“ - იხსნებს თემური.

როდესაც ახლობლებს ნარჩენების სეპარაციაზე დაელაპარაკა, მათგან არაერთგვაროვანი პასუხი მიიღო. მის იდეას ერთ-ერთმა პირველმა მხარი ადგილობრივმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ დაუჭირა. დღეს კი ფიქრობს, რომ ნარჩენების დახარისხება მოსახლეობისთვის უკვე ჩვეულ ამბად იქცა.

პრობლემების ჯაჭვი არ ილევა - თავდაპირველად თუ საზოგადოების ინერტული დამოკიდებულება და მწირი ფინანსები აღელვებდა, დღეს საჭირო დანადგარების სიძვირეზე, გადამზადებული მუშახელის სიმცირესა და არასტაბილურ გარემოზე ჩივის.

,,რადგან ქსელი არ მაქვს ჯერ, მარტო ახალციხეში ნარჩენების ის რაოდენობა არ გროვდება, ხარჯს რომ გავწვდე. ქსელის გამართვის შემთხვევაში, ქარხანა აშენდება ახალციხეში, ადგილზე ავიყვანთ დამატებით თანამშრომლებს და თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა, დაახლოებით 10-დან 30 ადამიანამდე დასაქმდება. გააჩნია როგორი ქარხანა გვექნება - პატარა თუ დიდი წარმადობის, იმის მიხედვით“.

მწირი ფინანსების გამო ინტერნეტში საჭირო დანადგარების შესახებ ინფორმაციას ეძებს, საჭირო დეტალებს ყიდულობს და მამასთან ერთად დანადგარებს თავად აწყობს. თაბუნიძეებმა ყველაზე ბოლოს ძრავი და ნარჩენების საქუცმაცებელი გამოიწერეს.

„ქალაქს დასუფთავება აკლია, პლასტმასი ისეთი ნარჩენია, რომელიც არ იშლება და ასწლეულების მანძილზე რჩება მიწაში. ახლა ვაგროვებთ და მიგვაქვს თბილისში, მაგრამ გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ახალციხეში ასეთი ქარხნის გახსნის შემთხვევაში, რეგიონი მაქსიმალურად დასუფთავდება. ჩვენი ხელით ავაწყეთ ,,სეტკის საქსოვი“ და წერტილოვანი შედუღების დანადგარები და ამით ვმუშაობთ“ - გვიყვება თემურის მამა ვაჟა თაბუნიძე.
ვაჟა თაბუნიძე საკუთარი ხელით აწყობილ დანადგარს ამუშავებს

თაბუნიძეებს ორი წლის წინ მოულოდნელად გაჩენილმა ხანძარმა თითქმის ყველაფერი გაუნადგურა და საქმიანობის დაწყება თავიდან მოუწიათ. მიუხედავად ამისა, საკუთარი ხელით აწყობილი 80 ნაგვის ურნა ახალციხეში, უკვე დგას. მომავალში საქმიანობის გაფართოვებას გეგმავს და ურნების რაოდენობის 300-მდე გაზრდას აპირებს. ახალციხელ ცოლ-ქმართან ნარჩენების შეგროვებაზე ხელშეკრულება გააფორმა და საქმიანობის დასაწყებად საკუთარი მანქანაც ათხოვა. მისი პარტნიორები ქალაქში შეგროვებულ ნარჩენებს ახარისხებენ, საჭიროების შემთხვევაში ,,პრესავენ ან აქუცმაცებენ“ და თბილისში გასაგზავნად ამზადებენ.

ნარჩენების გადამამუშავებელი 10-ზე მეტი საწარმო ამჟამად მხოლოდ თბილისში ფუნქციონირებს, თუმცა საწარმოები მხოლოდ ერთი მიმართულებით მუშაობენ. შესაბამისად, ახალციხიდან დახარისხებული ნარჩენებიდან პლასტმასის ბოთლები ერთ საწარმოში ხვდება, თუნუქის ქილები - მეორეში, შეგროვებული მაკულატურა - მესამეში და ა.შ.

თემურ თაბუნიძე ამბობს, რომ თავად სამცხე-ჯავახეთში მრავალპროფილურ საწარმოს გახსნის, სადაც დახარისხებული ნარჩენების მიტანა ერთ სივრცეში მოუწევთ დასაქმებულებს.

,,ამ დროისათვის ჩვენი ძირითადი შემოსავალი, ნარჩენების ჩაბარებით მიღებული თანხაა, რომელიც მოგებაზე ვერ გადის, მაგრამ სახელფასო, საწვავისა და კომუნალურ ხარჯებს ისტუმრებს. ქსელის აწყობის შემთხვევაში, საწარმო მოგებაზე ერთ წელში გავა. როდესაც ხედავ, რომ მთელი მსოფლიო ამ მიმართულებით მუშაობს, ახალი ველოსიპედის გამოგონება აღარ გჭირდება. რეგიონს მორგებული სტრატეგია გამოცდილებაზე დაყრდნობით უკვე მზად გვაქვს“ - ამბობს თემური.

ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ახალციხეში სხვა მუნიციპალიტეტების მსგავსად, 2017 წელს, ნარჩენების მართვის ხუთწლიანი სამოქმედო გეგმა შემუშავდა. შესრულებულ საკითხებთან ერთად ძირითად გამოწვევად მაინც რჩება ნარჩენების რედისტრიბუცია. მსოფლიოში წელსაც მთავარ გეგმად ნარჩენების მინიმიზაცია დასახელდა. ახალციხეში, ვინც ნარჩენებს ახარისხებს, მხოლოდ ერთი ინდ.მეწარმე თემურ თაბუნიძეა.

ვიდრე ახალციხის მუნიციპალიტეტი ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებს, თემურ თაბუნიძე რედისტრიბუციით, სწორედ იმ მიმართულებების განვითარებაზე ფიქრობს, რომელიც სამცხე-ჯავახეთში წარმატებით იმუშავებს.

,,პლასტმასის გადამუშვებით შეიძლება მომზადდეს - ფოცხები, ჟოლოს კალათები, ხილის ყუთები, კვერცხის ჩასადებები, სარეცხის სარჭები, ნახევარტონიანი და უფრო მეტი სიდიდის ,,ცისტერნები“, დუტის ქურთუკებისთვის ბამბა და შესაბამისად, საბნები, ლეიბები, ბალიშები. მაკულატურის გადამუშავებით ძირითადად მზადდება ტუალეტის ქაღალდები. შესაძლებლობა და რესურსი არის, რეგიონში გროვდება იმდენი ნარჩენი, რომ საწარმომ სხვადასხვა მიმართულებით იმუშაოს. რაოდენობის გაზრდისა და რეგიონზე მუშაობის შემთხვევაში ეს ყველაფერი საკმარისი იქნება ქსელის ასაწყობად“ - ამბობს თემურ თაბუნიძე.
| Print |