დოკუმენტური ფილმი
ევროპაში უძველესი სინაგოგისა და 400 წლის სასაფლაოს დარაჯი
,,საქართველოს პრობლემები უნდა გადაწყვიტოს ქართველმა ხალხმა, სხვა ვერავინ გადაწყვეტს. თუ არ გაერთიანდა და ასე გააგრძელა ცხოვრება, როგორც ცხოვრობს ეს არის დამღუპველი“ - ასე იწყებს საუბარს ახალციხეში შემორჩენილი ერთადერთი ებრაული ოჯახის უხუცესი. ადამიანი, რომელიც ჯერ კიდევ ოცდაათი წლის წინ 3000-მდე ებრაელის გვერდით ცხოვრობდა. დღეს მთავარ დანიშნულებად მოძმეთა მიერ დატოვებული ორი სინაგოგისა და ებრაულთა სასაფლაოს მოვლას მიიჩნევს.
სიმონ ლევიშვილი ლოცვებს ყოველდღე, მშობლიურ ენაზე – ივრითზე კითხულობს. ებრაელთა წესის მიხედვით, სრულყოფილი ლოცვის ჩასატარებლად, ათი მამაკაცია საჭირო. 2004 წლიდან კი, საქართველოში ყველაზე ძველ სინაგოგაში, 10 კაცი ვეღარ იკრიბება. ქალაქში მხოლოდ ერთი ოჯახი შემორჩა. რის გამოც, რაბათში, 1741 წელს აშენებულ სინაგოგაში ლოცვა იშვიათად ტარდება - მხოლოდ მაშინ, როდესაც სინაგოგას ებრაელი ტურისტები სტუმრობენ.

,,ებრაული წესის მიხედვით, 10 მამაკაცი უნდა შეგროვდეს, რომ ხალხისთვის ვილოცოთ. ახლა ქალაქში ამდენი ვეღარ ვგროვდებით. ზაფხულის სამი თვეა, როცა ტურისტები ჩამოდიან და ჟივილ-ხივილია“
- ამბობს ებრაელთა საზოგადოების თავმჯდომარე.

სინაგოგის გარდა, სიმონ ლევიშვილი ხუთი ათასამდე ებრაელის საფლავს უფლის. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ისტორიულ სამშობლოში არ ბრუნდება. იხსენებს, რომ გასული საუკუნის 80-იან წლებამდე ახალციხეში სამი ათასი ოჯახი ცხოვრობდა. ისინი საქართველოში 26 საუკუნის წინ, სამცხე–ჯავახეთიდან შემოვიდნენ. თუმცა პირველ ცნობებს, ქალაქში მათი ცხოვრების შესახებ, 400 წლის წინანდელი ებრაელთა სასაფლაო იძლევა. ყველაზე ძველი სასაფლაო 1756 წლით თარიღდება. მეოცე საუკუნის ახალციხეში ორი სინაგოგა ფუნქციონირებდა. უძველეს სინაგოგას შვიდი წლის წინ რეაბილიტაცია ჩაუტარდა. 1902 წელს აგებული კი დანგრევის პირას არის. შენობას არ აქვს სახურავი, ფანჯრები და იატაკი.

,,ჯერ კომუნისტური რეჟიმის გამო ჩამორთმეული გვქონდა ორივე სინაგოგა, მოგვიანებით საბჭოთა რეჟიმმა, ებრაელებს სალოცავად მხოლოდ ერთი სინაგოგა დაუბრუნა. ეს სინაგოგა ახლა უმოქმედოა, თუმცა წარსულში აქ კინოჩვენებები იმართებოდა, წლების წინ ბიბლიოთეკა, კულტურის სახლი, საბილიარდო და კრივის დარბაზი ფუნქციონირებდა. მას უძრავი ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული, თუმცა მისი რეაბილიტაცია არ იგეგმება“ – აცხადებს სიმონ ლევიშვილი.

ებრაელთა საზოგადოების თავმჯდომარემ, ავარიული სინაგოგის რეაბილიტაციის თხოვნით, თვითმმართველობას არაერთხელ მიმართა თუმცა, უშედეგოდ. სიმონ ლევიშვილმა 2019 წელს „მეცხრე არხისგან“ შეიტყო, რომ ბიუჯეტში არსებობს კულტურული მემკვიდრეობისა და რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობის მუხლი, რომელიც სწორედ ასეთი მემკვიდრეობის გადასარჩენად უნდა იხარჯებოდეს.

„უარს მეუბნებოდნენ, ფული არ გვაქვსო. სასაფლაოს კედელი იყო დანგრეული, უარის შემდეგ ისევ მე მოვიძიე თანხები და გავაკეთე. სინაგოგა ინგრევა, ავარიულ მდგომარეობაშია, მაგრამ არც ამის დაფინანსებაზეა საუბარი. სახურავი ახდილია, წვიმა ჩამოდის. სულ ღიაა, ფანჯრები და იატაკი არ აქვს. ასე თუ გაგრძელდა, 1-2 წელიწადში დაინგრევა“.

ებრაელთა საზოგადოების თავმჯდომარეს 69 წლის ასაკში სიარული უჭირს, თუმცა ჯანმრთელობაზე მეტად მაინც სინაგოგის ბედი აწუხებს. პანდემიის დროს ჩაკეტილმა საზღვრებმა სალოცავი ტურისტებისგან მიღებული შემოწირულობების გარეშე დატოვა. პანდემიამდე ეს შემოსავალი სამ ნაწილად - სინაგოგის დამსუფთავებელზე, ებრაული სასაფლაოს დარაჯსა და კომუნალურ ხარჯზე იყოფოდა. სიმონ ლევიშვილი იძულებული გახდა, დედა-შვილისთვის, რომელიც წლების წინ შეიფარა და რომელიც სალოცავის დასუფთავებასა და სასაფლაოს მოვლაში ეხმარებოდა, პანდემიის დროს მშობლიურ სოფელში დაებრუნებინა.

სამცხე-ჯავახეთში ახსოვთ, 90-იანი წლები, როდესაც სინაგოგიდან რამდენიმე საუკუნის წინანდელი ხელნაწერი თორა მოიპარეს, რომლის დაბრუნება ვერ მოხერხდა. პანდემიის დროს დაცარიელებული სალოცავი შესაძლო კრიმინალის ობიექტი რომ არ გამხდარიყო, სიმონ ლევიშვილმა მუნიციპალიტეტის მერიას თხოვნით მიმართა, ვიდეოსათვალთვალო კამერებისთვის თანხა გამოეყო. ორთვიანი ლოდინის შემდეგ, ადგილობრივი ხელისუფლებისგან უარი მიიღო. ახალციხის უძველეს სინაგოგაში სათვალთვალო კამერები ებრაულ სალოცავს კეთილისმსურველებმა უსასყიდლოდ მას შემდეგ გადასცეს, როდესაც მეცხრე არხმა სალოცავის საჭიროებაზე სიუჟეტი მოამზადა.

სიმონ ლევიშვილს გული სწყდება, რომ საქართველო საკუთარ შესაძლებლობებსა და რესურსს სათანადოდ ვერ იყენებს. ისრაელის მაგალითი ხშირად მოჰყავს და ამბობს, რომ ,,კახეთის ტერიტორიის ხელა ქვეყანაში თითქმის 8 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ქვეყანა სოფლის პროდუქტების იმპორტს არ ახორციელებს, მიუხედავად იმისა რომ სასმელი და სარწყავი წყალი უდაბნოს ტერიტორიაზე ისეთი ხელმისაწვდომი არ არის, როგორც საქართველოში. ისრაელს შეუძლია საკუთარი მოსახლეობა შეინახოს თავისი მოწეული პროდუქტით და საქართველო, ასეთი სიმდიდრის ქვეყანა, იმპორტზეა დამოკიდებული“.

სწორედ ამიტომ, ქვეყნის გადარჩენის გზას განათლებული და ჭკვიან თაობაში ხედავს. ამბობს, რომ ,,შვილს მამის ქონება არ ჭირდება, თუ ჭკვიანია თავად მეტს შექმნის, უჭკუო კი ერთ საათში გაანიავებს“. იმედი აქვს, რომ მისი 21 წლის ვაჟი ბენიამინი მამის საქმეს გააგრძელებს დაა სინაგოგას და ებრაულ სასაფლაოს ისევე მოუვლის, როგორც ამას თავად აკეთებს.

ბენიამინი სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია. როცა მამა ვერ ახერხებს, სინაგოგაში ტურისტებსაც ხვდება და სალოცავსაც უვლის.

,,მამაჩემის შვილობა ჩემთვის დიდი პატივია, რადგან ის დიდი სირთულეების მიუხედავად მაინც ახერხებს რომ სინაგოგას სტატუსი ჰქონდეს. გავაგრძელებ თუ არა მამის გზას? - ალბათ კი. სამწუხაროდ მხოლოდ ერთი ოჯახი დავრჩით მხოლოდ და მეც მომიწევს მისი გზის გაგრძელება, რადგან ვიცი, რომ ეს მამაჩემისთვის ძალიან ძვირფასია. ისრაელში ოჯახის წევრები მყავს, ის ჩემი სამშობლოა, მაგრამ აქ გავიზარდე და საქართველოც ძალიან მიყვარს. ამიტომ ჯერ არსად წასვლას არ ვაპირებ“ - ამბობს ბენიამინი.

| Print |