დოკუმენტური ფილმი
ახალქალაქში ადგილობრივი ჯიშის კარტოფილის სერტიფიცირებული თესლი გამოიყვანეს
სამცხე-ჯავახეთში, რეგიონის მთავარი კულტურის - კარტოფილის კულტივაციის წესები ფერმერების უმეტესობისთვის წლებია უცვლელია. თუმცა მათ შორის არიან ისეთებიც, რომლებიც არ უშინდებიან ექსპერიმენტებს და კარტოფილის მოყვანის ტრადიციულ მეთოდებს თანამედროვე ტექნოლოგიებით ანაცვლებენ. მახარე მაცუკატოვმა თანამოაზრეებთან ერთად ახალქალაქში კარტოფილის ადგილობრივი ჯიშების გამოყვანა დაიწყო. მახარე პირველი ფერმერია, რომელმაც ბრენდი „ახალქალაქის კარტოფილი“ ოფიციალურად დააპატენტა.

ახალქალაქს კარტოფილის სამი სახეობის ადგილობრივი, სერტიფიცირებული ჯიში აქვს. წითელი მესხური, ცქრიალა და ჯავახეთური. ჯიშები ინვიტრო ლაბორატორიაში პერუდან შემოტანილი თესლიდან გამოიყვანეს, რეგიონის მკაცრ კლიმატთან ადაპტირების შემდეგ კი ერთ წელში ადგილობრივი კარტოფილი მიიღეს. ის გარემოსთან ადაპტირებული, ხარისხიანი და უხვმოსავლიანია. ამის გარდა, სათესლე მასალის სერტიფიცირებას საქართველოს ასოცირების ხელშეკრულება ავალდებულებს.

„ჰექტარზე 30-35 ტონა სასურსათო კარტოფილი თუ მიიღე, ეს ძალიან კარგ მოსავლად ითვლება. სათესლე კარტოფილის შემთხვევაში, 17-20 ტონა არის ძალიან კარგი შედეგი. რადგან არ აძლევ ნიტრატებს, არ გინდა რომ გამსხვილდეს, ტონობით ცოტა გამოდის, მაგრამ ხარისხიანია“
, - ამბობს ასოციაცია „ახალქალაქის კარტოფილის“ გამგეობის თავმჯდომარე.

მახარე მაცუკატოვმა და ადგილობრივმა ფერმერებმა სათესლე კარტოფილის სერტიფიცირება რამდენიმე წელია დაიწყეს. ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე ამბობს, რომ ეს პროცესი საერთაშორისო ბაზარზე რეალიზაციის შესაძლებლობას ქმნის. გარდა ამისა, სამცხე-ჯავახეთში სათესლე კარტოფილის წარმოებისთვის იდეალური პირობებია და დროა რეგიონი ამ მიმართულებით განვითარდეს. ფერმერის თქმით, სულაც არ არის ამბიციური გეგმა, რომ საქართველომ ელიტური ჯიშის სათესლე კარტოფილი ევროპიდან არ შემოიტანოს და თავად აწარმოოს.

ასოციაცია „ახალქალაქის კარტოფილმა“, რომელიც 110 ფერმერს აერთიანებს, გვალვის გამო, წელს ბოსტნეულის ცუდი მოსავალი მიიღო. ნაწილი შემოდგომითვე გაიყიდა, დარჩენილი კარტოფილი დახარისხდა, სამაცივრე მეურნეობაში დაბინავდა და ნელ-ნელა მისი რეალიზაციაც დაიწყო. ხარისხიანი, სერტიფიცირებული სათესლე მასალის გაყიდვა არ ჭირს. კილოგრამი უმაღლესი ხარისხის სათესლე კარტოფილის საშუალო ფასი 2 ლარია.

„საქართველოს მასშტაბით იციან, რომ ჩვენ ვაწარმოებთ ხარისხიან სათესლე მასალას და მათი ჩადებული ინვესტიცია ყოველთვის ამართლებს. შემოდგომაზე გავყიდეთ საადრეო სათესლე მასალა, ადგილობრივებმა და მარნეულიდან ჩამოსულებმა იყიდეს. ახლა საშუალო და საგვიანო პერიოდის სათესლე დამრჩა, რომელიც გაზაფხულზე გაიყიდება და მას ბოლნისი-დმანისის ხალხი შეიძენს“.

ადგილობრივი, სერტიფიცირებული ჯიშების გამოყვანა ერთადერთი გამოწვევა არ არის, რომელსაც ასოციაცია გაუმკლავდა. მახარე მაცუკატოვისთვის ხელი არც კლიმატურ პირობებს და არც სოფლის მეურნეობაში არსებულ პრობლემებს შეუშლია, რომ მოსავლის მოყვანის თანამედროვე სტანდარტები დაემკვიდრებინა და კარტოფილი არა წლიდან წლამდე თავის რჩენის, არამედ ბიზნესის ნაწილად ექცია.

„2014 წელს შემთხვევით შევხვდი საქპატენტის წარმომადგენელს, რომელმაც თქვა, რომ გეოგრაფიული ადგილწარმოშობის პროდუქტების რეგისტრაცია უნდა გააკეთონ. ვკითხე, შეგვეძლო თუ არა ახალქალაქის კარტოფილი დაგვეპატენტებინა“.

მახარე მაცუკატოვმა ბრენდის შექმნასა და დაპატენტებაზე მუშაობა დაიწყო. თავდაპირველად, საჭირო იყო მის გარშემო მსგავსი ინტერესის ფერმერები შემოეკრიბა. ასე დაფუძნდა 2014 წელს ასოციაცია „ახალქალაქის კარტოფილი“.

„მოვიძიეთ სხვადასხვა ქვეყნის კარტოფილის სპეციფიკაციები, გადმოვთარგმნეთ ქართულად და მივუსადაგეთ ჩვენს პირობებს. ორი წლის განმავლობაში, ევროსტანდარტების ადგილობრივ სპეციფიკაციებზე ადაპტირება მოხდა. როგორი უნდა იყოს კარტოფილი გეოგრაფიულად, ფიზიკურად, ქიმიურად.“

გამგეობის თავმჯდომარემ გრანტების მოძიება დაიწყო და 2015 წელს თანამედროვე სტანდარტების სამაცივრე მეურნეობა ააშენეს. 2016 წელს კი გეოგრაფიული აღნიშვნების სახელმწიფო რეესტრში ახალი ბრენდი დაემატა - „ახალქალაქის კარტოფილი“. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ სახელით საქართველოსა და ევროპაში კარტოფილი ვერ გაიყიდება და მისი ექსკლუზიური უფლება ასოციაციას და მასში შემავალ ფერმერებს აქვთ. მახარემ კარტოფილის სამ და ხუთ კილოგრამიან ბადურებში დაფასოება და დედაქალაქის სუპერმარკეტებში რეალიზაცია დაიწყო, თუმცა ამ ეტაპზე „ახალქალაქის კარტოფილის“ ეტიკეტით ბოსტნეულს ვეღარ შეხვდებით. მისი თქმით, ამ ფორმით დახარისხებულ კარტოფილზე მოთხოვნა შემცირდა, მოქალაქეებს ურჩევნიათ პროდუქტი ბაზარში შეიძინონ.

„ასოცირების ხელშეკრულებას რომ ხელი მოეწერა, მთავრობამ ბევრი კანონი მიიღო. სამწუხაროდ, ზოგი ჯერ არ არის ამუშავებული. მასში წერია, რომ კარტოფილი კონკრეტულ სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს. როცა კანონი და სტანდარტები ამუშავდება, მაშინ უფრო კარგად ამუშავდება ჩვენი ბრენდი. იურიდიულად დიდი ნაბიჯი გადავდგით წინ, მაგრამ რეალურად ეს ბრენდი სამწუხაროდ, არ მუშაობს. გამოფენებზე გვეპატიჟებიან ხოლმე“.

საქართველოში წარმოებული კარტოფილის მოსავლის დაახლოებით, 70% სამცხე-ჯავახეთზე მოდის. ამის მიუხედავად, ფერმერები ამ დრომდე მოსავლის შენახვის ტრადიციულ მეთოდს იყენებენ. მახარე მაცუკატოვი ერთ-ერთი იყო, რომელმაც USAID-ის მხარდაჭერით სამაცივრე მეურნეობა ააშენა. თავდაპირველად, კარტოფილის მოყვანა-შენახვის თანამედროვე ტექნოლოგიებს ადგილობრივი ფერმერები სკეპტიკურად უყურებდნენ, თუმცა სასაწყობე მეურნეობის აშენების შემდეგ ნახეს, რომ კარტოფილის დანაკარგი ნაკლებია და მოსავალი უკეთ ინახება.

„თანამედროვე სასაწყობე მეურნეობები ახლა ინერგება. ეს არის მეორე, რომელიც თანამედროვე სტანდარტებით მოეწყო. თუმცა ძალიან პატარაა, 200 ტონა მოსავალი შეგვიძლია დავაბინაოთ. ჩვენი ფერმერები ტრადიციულად, ორმოებში ინახავენ, ახლა დაინახეს, რომ პროდუქტის თანამედროვე მეთოდით შენახვა უფრო კარგია, რადგან ორმოებში დანაკარგი მეტია. ვერ აკონტროლებ ტენიანობას და ტემპერატურას. სამაცივრე მეურნეობაში გრანტით დანადგარი შევიძინეთ, რომელსაც სამი ფუნქცია აქვს: ტემპერატურის, ნახშირორჟანგის და ტენიანობის კონტროლი, რომ არ გამოშრეს, წონაში არ დაიკლოს და ბაზარზე საღმა პროდუქტმა მიაღწიოს“.

მახარე მაცუკატოვმა კიდევ ერთ ტრადიციულ მეთოდზე თქვა უარი და კარტოფილის დახარისხებაც თანამედროვე ტექნიკას მიანდო.

„სამ ფრაქციად არჩევს ეს დანადგარი, თან მიწისგან ასუფთავებს კარტოფილს. ხელით როცა არჩევ, მაინც მიყვება წვრილი. ტექნიკით ეს შეუძლებელია. როცა გასაყიდად გამოგაქვს, სხვადასხვა ფასი შეგიძლია დაადო. ერთ ქალს, გადამრჩეველს შეუძლია ერთ დღეში 800 კგ. კარტოფილი გადაარჩიოს, ამ დანადგარს კი 9 ტონის გადარჩევა შეუძლია. დროშიც იგებ და უფრო ხარისხიანად ხდება გადარჩევა. ამიტომ თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა საჭიროა. ბევრი მიდის იმ დასკვნამდე, რომ ჯობია ექვსი ათასი ევრო გადავიხადო და დანადგარი ვიყიდო, ვიდრე ყოველწლიურად 7-8 ათასი ლარი გადავუხადო გადამრჩეველს, რომელიც ასე თუ ისე მაინც უხარისხოდ არჩევს“.

სამაცივრე მეურნეობა, კლიმატ-კონტროლის, გადარჩევის და დაფასოების აპარატები, ყველაფერი გრანტებით შეიძინეს. მახარე მაცუკატოვი ამბობს, რომ ფერმერებს სახელმწიფო ამ ეტაპზე, ვერაფერს სთავაზობს.

„ბარაქის შემქმნელი ადამიანები ცოტა არიან, ყველას უნდა, რომ მენეჯერი იყოს. მეწაღემ თავისი საქმე უნდა აკეთოს, პურის მცხობელმა - თავისი, კარტოფილი კი მეკარტოფილემ უნდა მოიყვანოს. ინსტიტუციური მიდგომებია შეცდომით. მე ყოველთვის ვეუბნები ევროკავშირსაც და USAID-საც - ადგილზე გააძლიერე ინსტიტუციები, რომ პროექტი როცა დამთავრდება, ეს ორგანიზაციები ძლიერი იყვნენ და ადგილზე გააგრძელონ საქმიანობა. რეგიონული განვითარება თუ გვინდა, ყველა სფეროში უნდა მოხდეს დეცენტრალიზაცია და არა მხოლოდ თვითმმართველობაში. მენტალიტეტია შესაცვლელი, ჩარჩენილია კომუნისტური მიდგომა - ზევიდან ქვევით ვიღაცამ უნდა გიკარნახოს, კარტოფილი აწარმოო თუ არა. ჩვენ პირიქით გვინდა, რომ ლიდერ მიდგომა იყოს, ეს არის ქვემოდან ზემოთ. ჩვენ ვიძახით, გვინდა ამის გაკეთება და დაგვეხმარეთ, რადგან ჩვენ ვიცით ადგილზე რა ხდება“.

სამცხე-ჯავახეთი, სადაც ფერმერებს გაცილებით მეტი დოვლათის შექმნა და უმაღლესი ხარისხის ადგილობრივი სათესლე კარტოფილის წარმოება შეუძლიათ, კვლავ ინფრასტრუქტურული პრობლემების წინაშე დგას. მახარე მაცუკატოვი ამბობს, რომ რეგიონში ამ დრომდე ვერ მოგვარდა მელიორაციის და მიწის პრივატიზების პრობლემა. სოფლის მეურნეობა ხელისუფლების პრიორიტეტად ვერ იქცა, ამიტომ განვითარებას კვლავ საკუთარი ძალებით და დონორების დახმარებით ცდილობს.
| Print |