დოკუმენტური ფილმი
მესხური ენდემური ვაზის ჯიშების ახალი სიცოცხლე
წითელი ჩიტის კვერცხა ერთ-ერთი უძველესი ვაზის ჯიშია სამცხე-ჯავახეთში. გაველურებული ვაზის თითოეული ძირიდან დაახლოებით 100-150 კგ ყურძენი იკრიფება. რეგიონში, მსგავსი გაველურებული ვაზის 800-მდე ჯიში ბოლო ოცი წლის განმავლობაში გიორგი ნათენაძემ მამასთან ერთად აღმოაჩინა. ამბობს, რომ წინაპრები ძირითადად მაღლარ ყურძენს კრეფდნენ, აღმოჩენილი ჯიშებიც ყველა ხეზეა ასული.

მესხური ვაზის მკვლევარის აზრით, სწორედ ხეზე ასვლამ განაპირობა უძველესი ჯიშების გადარჩენაც. ძველი მესხები მაღლარი ვაზის ჯიშებს ბევრი მიზეზის გამო ირჩევდნენ.

,,ხეებზე ასულ ვაზს, სამცხე-ჯავახეთის ყინვაში ერთის მხრივ გადარჩენის დიდი შანსი აქვს, მეორეს მხრივ არ იწამლება, სიმაღლეზე დაავადებები არ ხვდება და შესაბამისად, ყველაზე ნატურალური და ბუნებრივი ღვინო იწურება“ - გვიხსნის გიორგი ნათენაძე.
მესხეთი არამხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოშიც კი მევენახეობისთვის ყველაზე მაღალმთიანი რეგიონია. ვაზი აქ ზღვის დონიდან 900 – 1700 მეტრ სიმაღლეზე ხარობს. ჰაერის ტემპერატურა კი ზამთარში მინუს 30 გრადუსამდე ეცემა.

უძველესი ვაზის ჯიშების აღდგენისა და ღვინის წარმოების იდეა მამისგან მოდის. სკოლის დამთავრებისთანავე მამა-შვილი ერთად გავიდა სხვადასხვა სოფელში და მივიწყებული და გადაშენების პირას მყოფი ვაზის ჯიშების მოძიებას შეუდგა. ვაზის სიყვარულითაც ამ დროს ,,მოიწამლა“. დღეს შედეგით კმაყოფილია, მაგრამ ფიქრობს, რომ სირთულეები ჯერ კიდევ წინ ელის. 

,,ყველაზე ძნელია, როცა ასეთ საქმეს აკეთებ და არ გაქვს ფინანსები. პროცესში ხვდები, რომ ძალიან დიდი გზაა გასავლელი სასურველი შედეგის მისაღწევად. ჯერ უნდა მოიძიო ჯიშები, მერე გააშენო, შემდეგ მისგან ღვინო აწარმოო, მერე გაიტანო და ხალხს გააცნო. 2009 წელს ჩამოვასხით პირველად ღვინო ოჯახში და 2012 წელს უკვე ექსპორტზე გავიტანე იაპონიაში, რომელსაც მოყვა საფრანგეთი და სხვა ქვეყნები“ - იხსენებს გიორგი.

2009 წელს, საქართველოში ჩატარებულ პირველივე საერთაშორისო გამოფენაზე, მესხური ღვინო მონაწილეობდა. სპეციალისტთა დაინტერესებით მიხვდა, რომ სწორი არჩევანი გააკეთა და მიზნის მისაღწევად შრომა უნდა გაეგრძელებინა.

,,მესხური ღვინო დიდ ინტერესს იწვევდა, მოდიოდნენ სომელიეები და სინჯავდნენ, სპეციალისტები თავის აზრს გვიზიარებდნენ და მაშინ ვიგრძენი, რომ ეს საქმე ბოლომდე მისაყვანი იყო“ - ამბობს გიორგი.

2015 წელს ნათენაძეებმა ისტორიული „ხიზაბავრის ტერასები“აღადგინეს. 12 ჰექტარზე გაშენებულ ვენახში ის იშვიათი 24 დასახელების ვაზის ჯიში გაახარეს, რომელიც წლების განმავლობაში მოიძიეს. 2018 წელს კი, ამ ტერასებზე ოთხსაუკუნოვანი პაუზის შემდეგ პირველი რთველიც გამართა. გადმოცემის მიხედვით, სწორედ ხიზაბავრის ტერასებზე მოწეული მოსავლით ჩვენი წინაპრები, ვარძიას და თამარის ჯარს ამარაგებდნენ.

,,როდესაც ხედავ რომ შენ შესახებ საუბრობენ ძალიან ცნობილი სომელიეები და გამომცემლობები, ეს არის ყველაზე მაღალი მიღწევა, რომელიც შეიძლება ჰქონდეს იმ წვალებას, რისი გავლაც 20 წლის განმავლობაში მოგვიწია. სამცხე-ჯავახეთში არ დარჩა სოფელი თუ ნასოფლარი, სადაც ნამყოფი არ ვარ. მესხური ვაზის ჯიშებიდან უპირატესობას თამარის ვაზსა და მესხურ მწვანეს ვანიჭებ“ - ამბობს გიორგი.

დღეისათვის, საშუალოდ ექვი ათას ბოთლს აწარმოებს და ღვინოს 12 ქვეყანაში ჰყიდის. მისი მიზანი ამ ეტაპზე რეალიზაციაზე მეტად ღვინის პოპულარიზაციაა. ფიქრობს, რომ ღვინის დასახელება ,,თამარის ვაზი“ უკვე დიდ ინტერესს იწვევს. ,,ლეგენდის მიხედვით, უკავშირდება თამარ მეფეს და ითვლებოდა, რომ ეს იყო მისი საუკეთესო ღვინო. დღეს ეს ჯიში, წითელ ღვინოებში საუკეთესო შედეგს იძლევა და არაერთი გამარჯვება აქვს მოპოვებული მსოფლიო მასშტაბით. ინტერესიც ძალიან დიდია “.

საინტერესო და ჰარმონიული არომატებით გაჯერებული მესხური ღვინო ერთნაირი წარმატებით იყიდება როგორც ევროპულ, ასევე აღმოსავლურ ქვეყნებში. ამიტომ მისი რეალიზაცია არ უჭირს. მესხური ღვინის საექსპორტო ფასი 15 ევროდან იწყება და ჯიშების და დაძველების მიხედვით იზრდება.

მესხური ვაზის ჯიშების უნიკალურობას კლიმატის ცვლილებით გამოწვეულმა პრობლემებმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი. გიორგი ნათენაძე განმარტავს, რომ ,,გლობალური დათბობის ფონზე, უამრავი დაავადება ჩნდება. ევროპის ქვეყნებში არაერთ ღონისძიებას მიმართავენ, რომ ყინვას და დაავადებებს ვაზი გადაურჩეს. მესხური ჯიშები კი სხვა ვაზებთან შედარებით ყინვაგამძლე და დაავადებების მიმართ მდგრადია“.
მესხი მეღვინე და მკვლევარი ყველაზე მეტად თავს მსოფლიო აღიარებით იწონებს. ამბობს, რომ ამერიკულმა Forbes-მა საუკეთესო ღვინოებს შორის, ქართული მესხური, ფრანგული Bordeaux, შვეიცარული Diolle და ფრანგული Verdesse დაასახელა. Forbes 2020 წელს თავის მკითხველს მივიწყებული ყურძნის ჯიშებისგან დაყენებული ღვინის დაგემოვნებას და საქართველოში მოგზაურობას ურჩევდა.

გიორგი ამბობს, რომ მესხური ვაზის პოპულარიზაციისთვის უკვე მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადიდა. მისი მაგალითი გადამდები აღმოჩნდა და რეგიონში უკვე ოთხი მარანი ჩამოყალიბდა, სადაც ღვინოს ძველი მესხური ვაზის ჯიშებით აყენებენ.

| Print |