უკრაინის ომით პუტინმა იმპერიის საფლავი გათხარა - თეიმურაზ ზაქრაძე
შეძლებს ევროპა უკრაინის დაცვას აშშ-ს გარეშე? - ეს მთავარი კითხვა გაჩნდა ოვალურ კაბინეტში მოწყობილი ტრამპი ვენსის უტიფარი ისტერიკის შემდეგ. ტრამპის ბრიგადა ამერიკაში და მისი მიმდევრები საქართველოში ცალსახად აპიარებენ, რომ უკრაინაც და ევროპაც ამერიკის გარეშე დაიღუპებიანო. ჰოდა, ამის გამო ზელენსკი უმადურია, "კეისარს" არ დაემორჩილა, როგორ გაბედა და არ შეასრულა უძლეველი სახელმწიფოს პრეზიდენტის ბრძანებაო და მაგვარები.
მოკლედ, გამოიგლოვეს უკრაინა ვითომ პატრიოტებმა, რუსეთუმეებს კი ზეიმი აქვთ კრემლთან ერთად. ლავროვი ბედნიერია ამერიკას მშვიდობა უნდაო. ევროპა კი "ბანკეტის" (ომის) გაგრძელებას ითხოვსო.
დონალდ ტუსკმა ყველაზე ლოგიკური არგუმენტი ჩამოაყალიბა. რატომ სთხოვს 500 მილიონიანი ევროპა 300 მილიონიან ამერიკას დახმარებას 140 მილიონიანი რუსეთის დასამარცხებლადო?
ეს არ არის მარტო ტუსკის პირადი აზრი, ეს არის ევროპის ხმა. ჰოდა, ასეთი ერთიანი და ასეთი მძლავრი ევროპა არ ყოფილა არასდროს ისტორიაში. ევროპას იმდენი რესურსი აქვს რომ რომც არ შექმნას სამხედრო საწარმოები შეუძლია ტრივიალურად იყიდოს იარაღი მთელი მსოფლიოსგან, მათ შორის აშშ-დან და მიაწოდოს უკრაინას.
ოღონდ არ იქნება სწორი, ბაზარი მკვეთრად აწევს ფასებს. ამიტომ, ევროპა იწყებს მილიტარიზაციის პროგრამას, ზრდის საკუთარ წარმოებებს, მარტო ნორვეგიის ჩართვა ყველაზე დიდი სარეზერვო ფონდით 1.7. ტრილიონით უკვე კატასტროფულია მოსკოვისთვის. ყველაზე მთავარი კი არის გეოპოლიტიკური ფაქტორი. აღმოსავლეთ პარტნიორობა, რომელიც დაიწყო 2011 წლიდან ნიშნავს, რომ დასავლეთ ევროპა აღარ აპირებს აღმოსავლეთ ევროპის დათმობას და მოსკოვის გავლენის ქვეშ დატოვებას.
აქაური ექსპერტები მართლა ექსპერტები რომ ჰგონიათ თავი, ერთ სიტყვასაც ვერ გეტყვიან რა გეოპოლიტიკური შედეგები მოყვა 2008 წლის 5 დღიან აგვისტოს ომს და რატომ იყო ის ომი საქართველოს გამარჯვება. აგვისტოს ომი იყო გადამწყვეტი. ხუთმა დღემ ნამდვილად შეძრა მსოფლიო. აგვისტოს ომით, მოსკოვმა, თავისივე ხელით დაანგრია და მოსპო პოსტსაბჭოური გეოპოლიტიკური წესრიგი, რომელიც მოსკოვს აძლევდა უფლებას აღმოსავლეთ ევროპაზე ნაწილობრივი გავლენა რომ ჰქონოდა. უკრაინა, საქართველო, კავკასია მოლდოვა დსთ-ში ვიყავით.
ჰოდა, გეოპოლიტიკის იდიოტები სხედან კრემლში და მოსკოველი პროპაგანდისტებიც იდიოტები. აგვისტოს ომის შემდეგ დაიწყო არა "გადატვირთვა" მოსკოვთან როგორც მეგარესპების პროპაგანდა გიჩიჩინებთ, არამედ დაიწყო გადატვირთვა მთელი მსოფლიო წესრიგის.
2010 წლიდან გლობალური მრავალპოლარული სამყარო;
2011 წლიდან აღმოსავლეთ პარტნიორობა;
2014 წელი ბრექსიტი და შემდეგ ბრიტანეთი დგება აღმოსავლეთ ევროპის სათავეში;
ბრიტანეთი სრულფასოვნად დაბრუნდა კონტინეტის გეოპოლიტიკურ "ტახტზე" და რეჟისორობს აბრეშუმის გზის აღდგენას.
ტრამპი და პუტინი კი არიან გეოპოლიტიკაში სრული იდიოტები. პუტინმა აგვისტოს ომით მოჭრა ტოტი, რომელზეც იჯდა. ჰქონდა აღმოსავლეთ ევროპაზე გავლენის უფლება, ეს უფლება დაკარგა და აიმხედრა მსოფლიო თავის წინააღმდეგ.
მეორე და მთავარი იდიოტიზმი - ბრექსიტს აქტიურად უჭერდა მხარს ტრამპიც და პუტინიც. ეგონათ ევროპას ასუსტებდნენ. რეალურად კი მხარი დაუჭირეს აღმოსავლეთ ევროპის ახალ მფარველს. ახლა კი იკვნეტენ ტუჩებს და კი ანთხევენ ბოღმას ბრიტანეთზე, მაგრამ უკვე გვიანია სინანული. ჰოდა, ამ იდიოტიზმით თავადვე მოჭრეს მოსკოვის იმპერიის არსებობის გეოპოლიტიკური "ხე". უკრაინის ომით პუტინმა იმპერიის საფლავი გათხარა და მოჭრილი ხისგან კუბო დაამზადა.
ტრამპი კი ამერიკის ევროპისგან ჩამოშორებით მინიმუმ კარგავს ყველაზე დიდ ევროპულ ბაზარს და ამერიკის ეკონომიკას შეიყვანს სტაგნაციაში, რაც კარგად "ეხერხებათ" სწორედ რესპუბლიკელ პრეზიდენტებს. მისი უდიდებულესობა დიდი ბრიტანეთი "მთავარი კუნძულის" გეოპოლიტიკური "მეფე" არის რეალური სამართლიანი ლიდერი. აშშ არის პერიფერია. ამ კონტინენტზე გეოპოლიტიკა ამერიკის საქმე არ არის და ტრამპის ჭინთვები ძველი წესრიგის აღდგენაზე არის სრული უტოპია.
მეფე ამზადებს ორი "გამსვლელი პაიკის" - უკრაინის და საქართველოს ფიგურებად გადაქცევის კომბინაციას. მეოცნებე რეჟიმი კი სულგანაბული ელოდება როდის "დააჩოქებს" ტრამპი ბრიტანეთს და ევროპას. არც კი იოცნებოთ. ჩემოდნები ჩაალაგეთ.