ფარმა–რჩევები
პიტნა – კუჭის დაავადებების სამკურნალო ბუნებრივი საშუალება
ბაღის პიტნა ტუჩოსანთა ოჯახის წარმომადგენელია. მრავალწლიანი, ძირიდანვე დატოტვილღეროიანი და ფესვურიანი მცენარეა.

მთელი მცენარე ეთერზეთებს შეიცავს.

მედიცინაში პიტნისაგან მიღებული მენთოლი ნევრალგიურ ტკივილგამაყუჩებლად გამოიყენება გარეგანი ხმარებით, აგრეთვე შაკიკის, კბილის ტკივილის დროს. ანტისეპტიკურ საშუალებად გამოიყენება სურდოს, ხახის კატარის, ბრონქიტის და ბრონქოექტაზიის დროს.

მენთოლის მიღება რეკომენდებულია სტენოკარდიის, კუჭის ტკივილის დროს, მას ადგილობრივი ტკივილგამაყუჩებელი სპაზმოლიტური და ანტისეპტიკური თვისებები გააჩნია. იწვევს კორონალური ძარღვების რეფლექსურ გაგანიერებას.

პიტნის ფოთლების ნაყენი და მიქსტურა გამოიყენება როგორც გულისრევის და პირღებინების საწინააღმდეგოდ, აგრეთვე საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად.

ხალხი სამკურნალოდ გამოყენებისას პიტნის სახეობების გარჩევას არ აწარმოებს. ბაღის პიტნის გარდა სამკურნალოდ ხმარობენ და ზოგჯერ უპირატესობასაც აძლევენ ველურად მოზარდ პიტნასაც.

ბაღის პიტნა უპირატესად კუჭის წვენის მაღალი მჟავიანობის დროს გამოიყენება, იმ შემთხვევაში, თუ მას კუჭის შეკრულობა არ ერთვის თან.
პიტნას გულისა და ფილტვების დაავადებების, განსაკუთრებით ფილტვებიდან სისხლღებინების შემდეგ სამკურნალოდ იყენებენ.

პიტნის წვეთებს აძლევენ კუჭაშლილობის, კუჭნაწლავების სპაზმების, კუჭში ჭრის შეგრძნების და გულისრევის შემთხვევებში.

მენთოლი სისხლძარღვების შევიწროებას ახდენს სურდოს დროს. ამ მიზნით იგი შედის პრეპარატ ბორმენთოლის, პეკტუსინის და ინგაკამფის შემადგენლობაში.

პიტნის ზეთს კბილის პასტასა და ფხვნილს უმატებენ.

შაქრის ნატეხზე დასხმულ 2-4 წვეთს უნიშნავენ კუჭის არეში ტკივილებისას. ნაყენს შემდეგნაირად ამზადებენ: 2 ჩაის კოვზ დაქუცმაცებულ ფოთოლს 1 ჭიქა მდუღარე წყალს ასხამენ. გაწურულ და დატკბილულ ნაყენს ყლუპ-ყლუპობით სვამენ ერთი დღის განმავლობაში.


| Print |