ფარმა–რჩევები
პომიდორი – საუკეთესო ნატურალური ანტიდეპრესანტი
პომიდვრის უნიკალურობას საუცხოო გემოსთან ერთად მისი სასარგებლო თვისებებიც განაპირობებს. რაც უფრო მწიფეა პომიდორი, მით უფრო მეტ ვიტამინსა და სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს.

პომიდორი მდიდარია ლიკოპენით, რომელიც მძლავრი ანტიოქსიდანტია. მას აქვს სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება. თუ პომიდორს ყოველდღე მიირთმევთ, სიმსივნური დაავადება ნაკლებად დაგემუქრებათ, რაც სწორედ მის შემადგენლობაში შემავალი ლიკოპენისა და კაროტინოიდების დამსახურებაა.

პომიდვრის წვენი ფიტონციდების წყალობით ხოცავს მავნე მიკრობებსა და პათოგენური ფლორის სხვა წარმომადგენლებს. სასარგებლოა კუჭისა და ღვიძლისათვის.

აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლასა და საჭმლის მონელებას, ამცირებს სისხლში ქოლესტერინის შემცველობას და ზრდის ჰემოგლობინის დონეს. გარდა ამისა, ის არეგულირებს ნერვული სისტემის ფუნქციობას. პომიდორში შემავალი სეროტონინი ამაღლებს გუნება-განწყობილებას. ამის გამო პომიდორს საუკეთესო ნატურალურ ანტიდეპრესანტად მიიჩნევენ. მასაც, ვისაც ჭარბი წონისა ეშინია ან დაკლება სურს, შეუძლია, თამამად მიირთვას პომიდორი, რადგან ის ძალზე დაბალკალორიულია.

დადგენილია, რომ ამ მცენარის მწიფე ნაყოფში ნიტრატები არ გროვდება. დიახ, როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, მწიფე პომიდორში მავნე ქიმია არ არის!

ამერიკელმა მკვლევრებმა გაარკვიეს, რომ ჟელესმაგვარი სუბსტანცია, რომელიც გარს აკრავს პომიდვრის თესლს, მეტად სპეციფიკურ ნივთიერებას შეიცავს. მას მეცნიერებმა P3 უწოდეს. ეს ნივთიერება ეფექტურად ეწინააღმდეგება თრომბების წარმოქმნას. პექტინების წყალობით პომიდორი არტერიულ წნევასაც აბალანსებს.

B ჯგუფის ვიტამინების წყალობით პომიდორი აუმჯობესებს სახის ფერს, აფერხებს ნაოჭების წარმოქმნას და, საზოგადოდ, გამაახალგაზრდავებლად მოქმედებს კანზე.

პომიდორი უნიკალური შემადგენლობის წყალობით ეფექტურად ებრძვის ასთენიას. ახალგამოწურული წვენი და რბილობისგან მომზადებული პიურე ენიშნებათ ორსულებს, დასუსტებული იმუნური სისტემის მქონე ქრონიკულ ავადმყოფებსა და ბავშვებს. პომიდორი ავიტამინოზების სამკურნალო და საპროფილაქტიკო უნივერსალური საშუალებაა.

მისი სასარგებლო თვისებების მიუხედავად პომიდვრის მირთმევისას სიფრთხილე გვმართებს. ეს ბოსტნეული ერთ-ერთი ძლიერი ალერგენია, ამიტომ საკვების მიმართ ალერგიულმა პირებმა ის ფრთხილად უნდა მიირთვან, გამოხატული ალერგიული რეაქციის მქონეებმა კი საერთოდ ამოიღონ საკვები რაციონიდან.

პოდაგრითა და თირკმლის მწვავე პათოლოგიით დაავადებულებმა პომიდორი არ უნდა ჭამონ. მავნებელია ნაღველკენჭოვანი დაავადების მქონე პირებისთვისაც, რადგან ნაღვლის დენას აძლიერებს და ხელს უწყობს კენჭების გადაადგილებას. გარდა ამისა, პომიდორში შემავალმა ორგანულმა მჟავებმა ნაღველკენჭოვანი პათოლოგიის დროს შესაძლოა ტკივილი გაამძაფროს.



| Print |