კულინარიული შოუ
უგემრიელესი ფუნთუშეული, რომელსაც მესხეთში სააღდგომოდ აცხობენ
მესხეთში, ტრადიციული ქადის გარდა, აღდგომის სუფრას ყოველთვის ამშვენებს ნაზუქი. ძველად მას მრგვალი პურის ფორმა ჰქონდა და სიპრიალისთვის ზევიდან კვერცხს უსვამდნენ. ძირითადი მასალა რძე, ბლომად კვერცხი, ღორის ქონი, შაქარი და საფუარი იყო.

დროთა განმავლობაში ტრადიციული მესხური ნაზუქის რეცეპტი გამრავალფეროვნდა და დაიხვეწა. შედეგად მივიღეთ უგემრიელესი ფუნთუშეული, რომელიც დიდხანს ინახება და ყველასთვის საყვარელია.

გთავაზობთ ნაზუქის თანამედროვე რეცეპტს, რომლის გამოყენებასაც სააღდგომოდ გირჩევთ.

დაგვჭირდება 15 ცალი კვერცხი, 2 კგ და 400 გრამი შაქარი. გავთქვიფოთ კარგად მიქსერით. ცალკე ავადუღოთ 1 ლიტრი რძე, ჩავუმატოთ 3 ცალი 250 გრამიანი მარგარინი. რომ შეგრილდება, შევურიოთ ათქვეფილ კვერცხს და შაქარს. შემდეგ დავუმატოთ 1 ლიტრი მაწონი, შევდგათ დაბალ ცეცხლზე და შევათბოთ.

მანამდე მოვამზადოთ საფუარი: დაგვჭირდება 6 სუფრის კოვზი საფუარი, ფქვილი და თბილი წყალი. დავდგათ სითბოში და როცა წამოფუვდება, შევურიოთ დანარჩენ მასას. დავამატოთ ფქვილი რასაც შეიზელს. ცომი უნდა იყოს ჩვილი. შევფუთოთ თბილად და დავაცადოთ გაღვივება.

ამოსული ცომი ჩავზილოთ ზეთიანი ხელით და დავუმატოთ ქიშმიში. ისევ შევფუთოთ. ცომი რომ ამოვა, ამოვიღოთ პატარა გუნდები და დავასვენოთ 2 საათით. გადავაფაროთ ტილო, თავი რომ არ მოუხმეს. ორი საათის შემდეგ ფრთხილად გავწიოთ გუნდები და დავსვათ ცხელ ტაფაზე. თავზე გადავუსვათ კვერცხის გულისა და მაწვნის ნაზავი და გამოვაცხოთ 150 გრადუსზე.
| Print |