კულინარიული შოუ
როგორ მოვამზადოთ უგემრიელესი მესხური დელიკატესი - ტენილი ყველი?
ტენილი ყველი მესხეთის საგანძურია, რომელსაც გაფრთხილება, მემკვიდრეობით გადაცემა და შენარჩუნება სჭირდება. სამწუხაროდ, არც ისე ბევრი ადამიანია შემორჩენილი ვისაც მისი ტრადიციული წესით დამზადება ახსოვს, იცის და მისდევს.

ტენილი ყველი ნაღებისგან მზადდება ანუ იმ ცხიმოვანი ფენისგან რომელსაც დილით მოწველილი რძე საღამომდე მოიკიდებს თავზე, ხოლო საღამოს მოწველილი-დილისთვის. ნაღებმოხდილ რძეს ერთი დღით დაასვენებენ. შემდეგ რძეს ცეცხლზე შემოდგამენ და ნელ-ნელა დვრიტას სითხეს ჩაამატებენ. მესხეთში რძის შესადიდებლად დვრიტას სითხეს გამოიყენებენ რომელიც თავად მაჭიკისგანაა დამზადებული. მაჭიკი ზოგიერთი ცხოველის კუჭის ნაწილია რომელსაც ჯერ დაამარილებენ, შემდგომ ახმობენ და ყველის შესადედებლად გამოიყენებენ. დამარილება კი შემდეგნაირად ხდება; ქილაში ანდა რაიმე ჭურჭელში მოთავსებულ მაჭიკს შრატს დაასხამენ და ცოტაოდენ ქვამარილს ჩაამატებენ. იგი რამოდენიმე დღეში იქნება მზად.

შედედებულ ყველს ხის კოვზით ზედ გობზედვე ჩააჭერენ რომ ყველიდან შრატი გამოდევნონ და ცხელ-ცხელივეს რძიდან ამოიღებენ ჯერ მომრგვალებული ფორმით რომ ყველის სრული მასა ხელზედ მოიგროვონ, მერე ამ ყველს წრისებურ ფორმას მისცემენ და ცხელსავეს ხელზედ ატრიალებენ რომ გაიწელოს და გრძელი, შეკრული ძაფის გორგალისებური ფორმა მიიღოს. ეს საქმე საკმაოდ შრომატევადია, ამასთანავე სისხარტეს და მოქნილობას მოითხოვს. პარალულურად, ამ ძაფისმაგვარ ყველს იმ ცხელ შრატში ჩააბრუნებენ და ატრიალებენ რომ ყველი გამოიყვანონ. ყველის დაწვრილების ამ წუთებში შრატი მუდმივად ცხელი უნდა იყოს, ამიტომ ქვაბში ცხელი შრატის ჩამატებაა-ხოლმე საჭირო. პროცესი 20-25 წუთს მაინც გრძელდება შეუსვენებლივ.

როდესაც ყველი უკვე თმის ღერის ოდენა გახდება მას ცხელი შრატიდან ცივ წყალში გადაიტანენ, სარეცხივით გაავლებენ და გაწურავენ. მნიშვნელოვანია, რომ ყველის ღეროები ერთმანეთს არ ეკრობოდეს. ასეთ მდგომარეობაში მყოფს 10-15 წუთით მარილწყალში გაავლებენ და საბოლოოდ გაწურულს ხის ბოძზედ ჩამოკიდებენ გასაშრობად, მთელი ღამის ჩამოწრეტილ ყველს მეორე დღეს დაჭრიან დაახლოებით ერთ მტკაველ სიგრძე ნაჭრებად და გასაშრობად მარლაზე გააჩერებენ კიდევ 1-2 დღეს სრულ გაშრობამდე. როდესაც ყველი კარგად გაშრება ნაწილ-ნაწილ აიღებენ და ზემოთ რომ ნაღები მოვხადეთ რძეს იმ ნაღებს ორივე გვერდიდან კარგად წაუსმევენ და ცალკე ხის გობზე გადააწყობენ დახრილად, რათა შრატისგან საბოლოოდ კარგად ჩამოიწრიტოს.

ტენილი ყველის შემდეგი ეტაპია ყველის დამწნილება, რისთვისაც მესხეთში თიხის ქოთანს იყენებენ. ქოთნის სიგრძე, სიგანე და სიმაღლე იმაზეა დამოკიდებული თუ რა რაოდენობის ყველს ამზადებს ოჯახი. ყველი ისე უნდა ჩატენო რომ ჰაერი არ ჩაჰყვეს. აქედანაა მისი სახელიც წარმოშობილი: ტენილი ყველი. ყველით ჩაპრესილ ამ ქოთანს გადმოპირქვავებულად ნაცარ მოყრილ ფიცარზედ დაამხობენ რომ ნაღების შრატი ჩამოიწუროს. პირქვე დამხობილ ქოთანში მოთავსებული ყველი დაახლოებით 2 თვის მანძილზე მწიფდება.ტენილ ყველს უფრო ზამთრისთვის აკეთებენ. იგი, როგორც ასეთი ყოველდღიური საჭმელი არაა. მას უფრო აღდგომას და სადღესასწაულო დღეებში მიირთმევენ.

ტენილი ყველი რძის პროდუქტების დელიკატესია რომელსაც 2013 წელს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

| Print |