დღის ფრაზა
მე რომ საქართველოს პრეზიდენტი ვიყო, ვიფიქრებდი შეწყალების გამოყენებაზე - ომბუდსმენი
სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან „მთავარი არხის“ დირექტორის ნიკა გვარამიას შეწყალება არსებული სიტუაციიდან სამართლიანი გამოსავალი იქნებოდა.

როგორც ლომჯარიამ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გვარამიას მონახულების შემდეგ განაცხადა, მზადაა, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდეს.

„ვერ გეტყვით, რა შეიძლება გაკეთდეს. ალბათ, სამართლებრივად უნდა გასაჩივრდეს. ასევე, ვფიქრობ, მნიშვნელოვანი იქნება პრეზიდენტის პოზიციაც. ვიცი, მას აღელვებს საქართველოს ევროპული გზა და ევროინტეგრაცია. მზად ვარ, შევხვდე და გავუზიარო მიგნებები, რაც ამ განაჩენთან დაკავშირებით სახალხო დამცველს აქვს.

მე რომ საქართველოს პრეზიდენტი ვიყო, ვიცოდე, რომ ამ ქვეყნისთვის ისტორიულად გადამწყვეტი მომენტია და ქვეყანაში ასეთი გადაწყვეტილება მიიღონ მედიამენეჯერის მიმართ, სადაც სახალხო დამცველი ამბობს, რომ დანაშაულის ნიშნები არ იყო და კანონიერების პრინციპთან შეუსაბამო გადაწყვეტილებაა, ნამდვილად ვიფიქრებდი შეწყალების გამოყენებაზე. ვფიქრობ, ეს იქნებოდა სამართლიანი გამოსავალი ამ სიტუაციიდან“
,- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

შეგახსენებთ, რომ „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია, რომელიც სასამართლომ დამნაშავედ ცნო, სხდომათა დარბაზშივე დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლაშა ჩხიკვაძემ ნიკა გვარამია ნაწილობრივ დამნაშავედ ცნო, მის მიმართ წარდგენილი მუხლების ნაწილი 220-ე მუხლით გადაკვალიფიცირდა და მას სასჯელის სახით 3 წელი და 6 თვე განესაზღვრა.
ასევე ნახეთ: 

| Print |