ზარზმის ბერების საიდუმლო (ვიდეო)
ზარზმის მამათა მონასტერში საკმევლის 12 სახეობას ამზადებენ.
ათონის მთის ვატოპედის მონასტრის გუნდრუკის საიდუმლოც საქართველოში მხოლოდ აქ იციან.

,,ათონის მთაზე ვატოპედის მამათა მონასტერია, მისი წინამძღვარი არის გერონტა ეფრემი და იქ მზადდება ამ საკმევლის ორიგინალი. ჩვენ მოგვცა ლოცვა-კურთხევა, რომ მისი ასლი გვეწარმოებინა საქართველოში. ჩვენ უფლებაც კი არ გვაქვს, რომ ვინმეს ვასწავლოთ“.

საკმეველს მონასტერში, უკვე შვიდი წელია, ერთი ბერი, მამა დიონისე ამზადებს.
სამი ინგრედიენტიდან ის უდაბნოს ყვავილს, ქოქოსს, ვარდს, მიროს და საკმევლის სხვა სახეობებს იღებს.

,,ეს ლიბანი იფქვება, დოზირებით ერევა ზეთი, რაც სურნელს აძლევს და ერევა ასევე დოზირებით პუდრი. კეთდება ცომის მასა, რომელიც მუშავდება დანადგარებით. ,,გიდრო ცილინდრი“ საკმეველს ატარებს, პრესავს, იყინება, მერე ,,გელიოტინაში“ გამოდის, იჭრება და პუდრთან ერთად იყრება, რომ გამოშრეს. გამოშრობას დაახლოებით ორი თვე უნდა. პუდრი იწოვს იმ სინესტეს, რასაც ზეთისგან მიღებული ცომი შეიცავს“.

ერთი ტონის დამუშავებას ოთხი-ხუთი თვე სჭირდება. 
ნედლი მასალა ძირითადად შვეიცარიიდან და საბერძნეთიდან მოაქვთ.

,,იმატებს და იმატებს მოთხოვნა. კი თამაშობს ვალუტის კურსი, მაგრამ ფასებშიც მაქსიმალურად ვცდილობთ... მინიმალურზეა შემოსავალი, ერთადერთი არის თვითგანვითარება, რომ ყოველ წელს ახალი სახეობა დავამატოთ და უფრო განვვითარდეთ. თანმიმდევრულად ვაწვდით ნებისმიერ რეგიონში - სამეგრელო, აჭარა, იმერეთი, თბილისი “.

ზარზმის საკმევლით საქართველოს თითქმის ყველა ეკლესია-მონასტერი მარაგდება.
ბიბლიის მიხედვით, საკმევლის მომზადების წესი მოსეს უფალმა უკარნახა.

,,ეს პუდრი ისეთი ინვენტარია, რომელიც აუცილებელია, რათა საკმეველი არ შეცომდეს, გრილად ინარჩუნებს საკმეველს ყოველთვის. თავიდან ხომ პუდრშია ეს ყველაფერი, მაგრამ მერე ვცრით, რომ მივაწოდოთ მომხმარებელს ზუსტი რაოდენობით საკმეველი. მერე თავიდან ვაყრი ამ პუდრს".

ქრისტიანულ ღვთისმსახურებაში გუნდრუკის კმევას სიმბოლური დატვირთვა აქვს.
„საკმეველი მიემსგავსება ლოცვას, რომელიც ღვთის საყდრამდე აღწევს“.

| Print |