ანას არჩევანი
ესეების კონკურსების გამარჯვებული ანა არუთუნიანი ტრენინგებს ხშირად ესწრება. 
განსაკუთრებით ტოლერანტობისა და თანასწორობის შესახებ საკითხები აინტერესებს. 
არაფორმარული განათლება სახელმწიფო ენის ცოდნის გაუმჯობესებაში ეხმარება.

,,თუ ხარ საქართველოს მოქალაქე, ვალდებულიც ხარ სახელმწიფო ენა ისწავლო. არაფერს ვამბობ ელემენტალური ურთიერთობებისთვის, ინფორმაციის მიღებისთვის, სახელმწიფო თუ საზოგადოებრივი საქმიანობებში ჩართულობისათვის, ენა არის უმნიშვნელოვანესი. სახელმწიფო ენის მეშვეობით თავს უფრო სრულყოფილ მოქალაქედ ვგრძნობ" - აცხადებს ანა.

1+4 პროგრამით სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბარა.
სურს ქართულ ენას აკადემიურ დონეზე ფლობდეს.

,,დავიბადე და ვცხოვრობ სომხურენოვან სოფელში, სადაც ყველა სომეხია და სომხურად ლაპარაკობს. სიმართლე გითხრათ, ზოგს უჭირს ქართული ენის სწავლა. სკოლაც სომხურენოვანი დავამთავრე. ქართული ენის სწავლა წლების განმავლობაში უფრო გამკაცრდა, მოთხოვნა გაიზარდა და როცა დავიწყე არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობა, სხვადასხვა ორგანიზაციებში გაწევრიანება და უნივერსიტეტშიც ჩავაბარე, მაშინ უფრო ვიგრძენი, რომ აუცილებელია ამ ენის სწავლა" - ამბობს ანა.

წარჩინებული სტუდენტი სწავლის გაგრძელებას მაგისტრატურაში აპირებს. 
მომავალი სამართალმცოდნე ყველა არაქართველს უმაღლესი განათლების მიღებას საქართველოში ურჩევს.

,,ვურჩევ, რომ ისწავლონ ქართული ენა, არამხოლოდ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობიდან, არამედ თვითონ ელემენტარული ურთიერთობიდან გამომდინარე, ეს საჭიროა მათთვის. გარდა ამისა, ვურჩევ აქ ჩაბარებას იმიტომ, რომ საქართველო ის სახელმწიფოა, სადაც ძალიან ბევრი შეღავათებია ეთნიკური უმცირესობებისთვის" - ამბობს ანა.

ოჯახის წევრების რჩევის მიუხედავად, ცხოვრებას და მომავალს საქართველოში აპირებს.

,,ჩემი ოჯახის წევრები მამაჩემი, ჩემი ძმა ცხოვრებენ რუსეთში, უფრო სწორად იქ მუშაობენ. მე და დედა აქ ვცხოვრობთ, შესაბამისად აქ ჩავაბარე და აქ ვაპირებ სწავლის და მუშაობის გაგრძელებას. არ მინდა იქ წასვლა, მიუხედავად იმისა, რომ როგორც სომხურს, ასევე რუსულ ენას ვფლობ. დიდი სურვილი მქონდა, აქ ჩამებარებინა. როდესაც სახელმწიფო ყველანაირად ხელს გიწყობს, შენც რაღაც უნდა გააკეთო ელემენტარული" - აცხადებს ანა.


| Print |