წისქვილმა კი ფქვასო..
თოროსიანების ოჯახი საუკუნოვან წისქვილს 70 წელზე მეტია ამუშავებს.
ამორტიზებული კედლები, ძველი კარები და ობობის ქსელი წისქვილის სავიზიტო ბარათია.

,,1960 წლამდე შენობა კოლექტივს ეკუთვნოდა, რომელსაც პაპაჩემი ამუშავებდა. მოგვიანებით ობიექტი გაიყიდა. 2005 წლიდან, მას შემდეგ რაც გარდაიცვალა, მეწისქვილე მე გავხდი".

მარცვლეულის დაფქვას ზოგი წვრილად , ზოგი კი მსხვილად ითხოვს.
ხუთი სოფლის სიმინდი, ქერი, ქატო და ხორბალი აბათხევის წისქვილში იფქვება.

,,ვინც დამირეკავს, რა დროც არ უნდა იყოს მოვდივარ და წისქვილს ვამუშავებ. ამჟამად ერთმა ახალციხელმა ხორბლისა და სიმინდის დაფქვა "ფოხინდისთვის" მთხოვა. დაფქვის შემდეგ ბაზარზე გააქვს გასაყიდად. ადრე ვალიდანაც მოდიოდნენ, ახლა კი მხოლოდ ხუთი მეზობელი სოფლიდან მოდიან - წყალთბილიდან, ჯულღიდან, ნაოხრებიდან, აბათხევიდან და წინუბნიდან".

საფქვავი ადრე მეტი ჰქონდა, მაგრამ დრომ ყველაფერი შეცვალა.
მეწისქვილეობაც მისთვის უფრო სიამოვნებად იქცა, ვიდრე საქმიანობად.

,,თუ ადამიანს წისქვილი აქვს და არ ამუშავებს არასწორად იქცევა, მითუმეტეს თუ პირუტყვიც ჰყავს. თუ ძრავი არ მუშაობს ეგ სხვა საკითხია, მაგრამ წისქვილი მაინც არ უნდა გაჩერდეს. მომხმარებლებს შეღავათიან ფასში ვემსახურები. ამ საქმით, წლიურად 1 000-დან 1 500 ლარამდე ვიღებ, რაც კაპიკებია. მარტო ორი კვირა ზედიზედ მოწყობილობა რომ ამუშავო 70 ლარამდე ადის დენის გადასახადი".

35 წლის ახალგაზრდა მეწისქვილე, შვიდსულიან ოჯახს პატარა ფერმით არჩენს.
თუმცა პანდემიამ ისიც დააზარალა.

,,ტრაქტორებს ვამუშავებ, ორ ჰექტარზე - კარტოფილს, ხოლო 1,5 ჰექტარზე ხორბალსა და ქერს ვთესავ. ჩვენ ერთ კილო კარტოფილს ბაზარზე ადრე თუ 85 თეთრად ან ერთ ლარად ვყიდდი, ახლა პანდემიის გამო ფასი 50 თეთრამდე დაეცა".

ხაჩატურ თოროსიანი მეწიქვილეობას სიცოცხლის ბოლომდე აპირებს.
შემდეგ კი მამა-პაპის დანატოვარს, ტრადიციულად შვილებს გადასცემს.



მომზადებულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისა, და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდისა და ცენტრის პოზიციას. შესაბამისად, ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
| Print |