ბიზნესი სტრატეგიით
,,ქართული ღვინის ბაზარი უნდა იყოს დივერსიფიცირებული. ამას ვამბობდი რამდენიმე წლის წინ და არ უნდა იყოს ტურისტებზე დამოკიდებული“.

გიორგი ნათენაძე მესხურ ბრენდს 2009 წლიდან აწარმოებს. ამ პერიოდის განმავლობაში მან 11 სახეობის ღვინო ჩამოასხა.

,,იმას ვერ ვიფიქრებდი, რომ ტურიზმი ასე გაჩერდებოდა, მაგრამ ბაზრების დივერსიფიკაცია რომ ყოფილიყო ყველა ქართული კომპანიისთვის მნიშვნელოვანი, არ გაჩერდებოდნენ და ექსპორტზე ღვინოს გაყიდდნენ, შედარებით დაბალი ტემპით, მაგრამ მაინც გაყიდდნენ. ის ვინც დამოკიდებული იყო ტურიზმზე, მათ ფაქტობრივად მოუწიათ გაკოტრება“.

მესხური ვაზის ჯიშებიდან დაწურულ ღვინოს ათ ქვეყანაში ჰყიდის. COVID19-ის მიუხედავად, საექსპორტო ბაზარი მესხი მეღვინისთვის გაფართოვდა.

,,პანდემიის პერიოდში ძალიან ბევრი ონლაინ ჩართვა მქონდა სხვადასხვა ქვეყანაში, ონლაინსემინარები, რამაც ძალიან დიდი აუდიტორიის დაინტერესება გამოიწვია. ეს იმხელა აუდიტორიაა, რომელსაც გამოფენით ვერასდროს მიაწვდი პირადად ინფორმაციას. ერთი პლიუსი ამასაც ჰქონდა, რომ შევძელით უფრო ფართოდ გაგვეცნო ჩვენი ღვინოები მსოფლიოსთვის“.

დაპაუზებული ეკონომიკის გამო ქვეყანა რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ვითარებიდან გამოსავალს მეღვინე ტურიზმის სწორ სტრატეგიაში ხედავს.

,,ყველაზე მნიშვნელოვანია ტურიზმის სტრატეგია, (ტურიზმის ჭრილში რომ ავიღოთ მხოლოდ ეკონომიკის განვითარება), თუ როგორი ტიპის ტურისტს შემოიყვანს საქართველოში. ჩვენ თუ ავიღებთ იმ სამიზნე ჯგუფს, რომელიც მაღალმხარჯველუნარიანია და დიდ თანხებს დახარჯავს საქართველოში, შეიძლება თავის გადარჩენა“.

ფიქრობს, რომ ეკონომიკას მცირე და დიდი ბიზნესი თანაბრად ავითარებს. ამიტომ, ქვეყანაში მეწარმეთა აღრიცხვაც ერთნაირად უნდა ხდებოდეს.

,,ახლა უკვე იქმნება კანონი ტურიზმის ინდუსტრიის შესახებ და ხდება კლასიფიკაცია. ბანკები უკვე აღარ დაიწყებენ სესხების გაცემას ფიზიკურ პირებზე ისე, თუ მათ არ ექნებათ მიზნობრიობა. მაგალითად, სასტუმროს თუ აკეთებს ადამიანი, უნდა გაიწეროს, რომ სასტუმროს აკეთებს და ამიტომ აძლევენ სესხს“.

ქვეყანაში რომ დოვლათი შეიქმნას, საჭიროა საქართველომ თავად აწარმოოს პროდუქცია.

,,ქვეყანამ უნდა დაიწყოს, შეისწავლოს დ განავითაროს ის მიმართულებები, რომელიც საქართველოში განვითარებული არ არის და რომლის იმპორტსაც ვახორციელებთ. თუნდაც ასეთ პანდემიურ ვითარებაში ეს ძალიან მოგვეხმარება და აღარ მოგვიწევს, იმპორტირებული პროდუქციის სუბსიდირება“.

| Print |