სწავლა გათხოვების ნაცვლად
სირან მათევოსიანი დღეში შვიდ კილომეტრს გადის, რომ უნივერსიტეტში მივიდეს. სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერიტეტის სტუდენტს ამ მანძილის გავლა, უამინდობის მიუხედავად ხშირად, ფეხით უწევს. საზოგადოებრივი ტრანსპორტი ახალციხის სოფელ წირაში არ დადის.

ეს არ არის ერთადერთი ბარიერი, რომელიც 18 წლის სირანს, უნივერსიტეტში სწავლის გადაწყვეტილების მიღებისას შეექმნა. აბიტურიენტის სურვილს არა მხოლოდ თანასოფლელები, არამედ ბებია-პაპაც სკეპტიკურად უყურებდა. მეორეკურსელი სირანი იხსენებს, რომ არა დედ-მამის გვერდში დგომა, განათლების მიღებას ვერ შეძლებდა.

„მინდა, მადლობა გადავუხადო მშობლებს, რადგან მხარი დამიჭირეს და სწავლის საშუალება მომცეს“.

სირანი ვერც ქართულის არცოდნამ შეაშინა. გოგო, რომელმაც სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა, სახელმწიფო ენას სათანადოდ ვერ ფლობდა, ოჯახს კი მისი რეპეტიტორთან მომზადების საშუალება არ ჰქონდა. მეთორმეტე კლასელი გოგოსთვის მარტივი არ იყო ქართულის დამოუკიდებლად სწავლა იმ გარემოში, სადაც ყველა მხოლოდ სომხურად ლაპარაკობდა.

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სირანმა მხოლოდ ზოგადი უნარების გამოცდა ჩააბარა სომხურ ენაზე და 1+4 პროგრამაზე სწავლის გასაგრძელებლად საკმარისი ქულა მიიღო.

მან ერთი წლის განმავლობაში ქართული ენის მომზადების კურსი გაიარა, შემდეგ კი სწავლა იურიდიულ ფაკულტეტზე გააგრძელა.


მომზადებულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისა, და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდისა და ცენტრის პოზიციას. შესაბამისად, ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
| Print |