დაცულები
Covid19 -ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა შვილის დაჟინებული რჩევით გადაწყვიტეს. სამედიცინო პუნქტში ,,პადრუჩკით“ წავიდნენ. მიაჩნიათ, რომ სახელმწიფომ ბევრი დახარჯა წამლის შემოსატანად, ამიტომ მოქალაქეობრივი ვალი ყველამ უნდა მოიხადოს. აიცრნენ იმიტომ, რომ ,,გვიან მოკვდნენ“.

85 წლის სტეფანე და 80 წლის ქეთო ხითარიშვილებმა პირველი დოზა 19 აგვისტოს, მეორე კი 8 სექტემბერს გაიკეთეს. უპირატესობა ოჯახის წევრებისა და მეგობარი ექიმ-ექთნების რჩევით, სინოფარმის ვაქცინას მიანიჭეს. ახალციხეში ამცრელი მობილური ჯგუფები მუნიციპალიტეტში სისტემატურად არ ჩადიან. მოხუცები ამბობენ, რომ ამ მხრივ გაუმართლათ, რადგან ასაცრელად ახალციხეში არ ჩავიდოდნენ. ახლა თავს დაცულად გრძნობენ და სხვებსაც აცრისკენ მოუწოდებენ.

დიაბეტონი და კორსიზი ბოლო წლებია მათი ცხოვრების განუყრელი ნაწილი გახდა. თავიდან რეაქციის ეშინოდათ, თუმცა ,ბოლოს მაინც „კოლექტივში გაერივნენ“.

,,ყველას ვურჩევ, არ გაწვალონ ახალგაზრდები. ვეუბნები, რომ აიცრან, ა ი ც რ ა ნ. ერთიმეორეზე გადადიოდა ეს დაავადება და აცრა აუცილებელი გახდა მთელ მსოფლიოში, მსოფლიოს მოსახლეობა იცრება და ჩვენ რატომ უნდა გამოვრჩენოდით?“
- ამბობს ქეთო ხითარიშვილი.

ხითარიშვილებისგან განსხვავებით, აცრას არ ჩქარობს მამა ჰაკობ საჰაკიანი. სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის, ქალაქ ახალციხის სულიერი მოძღვარი და ახალციხისა და ბორჯომის რეგიონების სულიერი ინსპექტორი მიიჩნევს, რომ ანტისხეულებით ბუნებრივად შეიარაღდა. გასულ წელს კოვიდი შეხვდა, სახლში გადაიტანა, ამიტომ ფიქრობს, რომ აცრა აღარ სჭირდება. არ უკვირს, მოსახლეობა რომ არ იცრება, რადგან ,,შიშობენ, რომ ცოტა დროში შეიქმნა რაღაც ვაქცინა, რომელიც ჯერ დატესტილიც არ იყო. ხალხი არ ელოდა ამ ვირუსს, ვერ ხედავდა საფრთხეს. თავის დროზე ვაქცინის შემუშავების შემდეგ, ხუთი-შვიდი წელი მხოლოდ ტესტავდნენ, თუ რა რეაქციას გამოიწვევდა ვაქცინა ადამიანებში. ამიტომ ხალხს ეშინია. ვფიქრობ, თვითონ უნდა გააკეთონ არჩევანი, აიცრებიან თუ არა. ასევე, ღვთის წყალობით, მოსახლეობას შეუძლია მიმართოს ექიმს რეკომენდაციისთვის. მე გადავიტანე კორონავირუსი. ჯერ მაქვს მაღალი ანტისხეულები, ამიტომ აცრას ამ ეტაპზე არ ვაპირებ“.

მამა ჰაკობის თქმით, სოფლებში ქალაქებისგან განსხვავებული ვითარებაა. მოსახლეობა მხოლოდ იმ შემთხვევაში იცრება, თუ ქვეყნიდან გასვლას და შესაბამისად საზღვრის კვეთას აპირებს.

,,სოფლებში ,,ნატურალ პროდუქტს“ მიირთმევენ და უფრო ძლიერებიც არიან. ქალაქთან ცოტა აქვთ ურთიერთობა, ცოტა აქვთ წვდომა მედიცინასთან. სოფელში არ ჰყავთ ისეთი სპეციალისტები, ვინც სწორ რჩევას მისცემდა. ადამიანი რომ აიცრას, ინფორმაცია დროულად და სწორად უნდა მიიტანო მასთან. უნდა დაარწმუნო და არ უნდა დაავალო“.
მამა ჰაკობი ფიქრობს, რომ სახელმწიფომ მეტი გარანტია უნდა შეთავაზოს მოსახლეობას, რადგან ხალხი არ ფლობს სრულყოფილ ინფორმაცია. ამიტომ მოსახლეობის შიში და აცრისგან თავის შეკავება ბუნებრივად მიაჩნია.

,,ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ვაქცინაში ჩიპია, რადგან თუ დაავადება არსებობს ჩიპი მასთან რა კავშირიშია? ეს აღემატება ჩვენს აზროვნებას, უფრო პოლიტიკური საკითხი გახადეს და აქ შეიძლება ბიზნეს საიდუმლოც არის, რომელიც ჩვენ შეიძლება ვერც გავიგოთ. ეს ხალხში შიშის გამოსაწვევად, არეულობის შესაქმნელად გამოყენებული სხვადასხვა მეთოდებია“.

მაშინ, როცა დასახულ მიზანს ვერ მიაღწია, ვაქცინაციის დაბალი აქტივობის წასახალისებლად ხელისუფლებამ ლოტოს გათამაშება გადაწყვიტა, კერძო კომპანიებმა კი მომსახურებებზე ფასდაკლებები დააწესეს. აგვისტო-სექტემბერში ინფიცირებულთა მზარდი რაოდენობისა და ივლისში ქვეყანაში შემოტანილი ფაიზერის ვაქცინის გამო, აცრის მსურველთა რიცხვიც გაიზარდა, თუმცა ჯანდაცვის სექტორის გეგმა ვერ შესრულდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა დამსაქმებლებს აცრილებისთვის შეღავათის გაწევისკენ მოუწოდა.

„დამსაქმებლებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ახლად აცრილი ადამიანი ერთი ან ორი დღით სახლში იმყოფებოდეს. მაგალითად, ჩვენ, დაავადებათა კონტროლის ცენტრში, ორ გამოსასვლელ დღეს ვაძლევთ იმ ადამიანს, რომელიც აიცრება“ - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ქართულ ინტერნეტ სივრცეში აგვსტოში, გაჩნდა ვებგვერდი, რომელიც სხვადასხვა კომპანიის წამახალისებელ ინიციატივებს აერთიანებს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილთათვის. Atsrili.ge-ს ადმინისტრატორების აზრით, ვაქცინა ერთადერთი გამოსავალია პანდემიის დასასრულებლად.

,,Atsrili.ge არის პლატფორმა, რომელიც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ბრენდების შეთავაზებებს მოიცავს ვაქცინირებული პირებისთვის.ჩვენი მიზანი – ვაქცინაციის პროცესის მასტიმულირებელი აქტივობების შესახებ ინფორმაციის გავრცელება და რაც შეიძლება მეტი ბრენდის ჩართვაა ამ კარგ საქმეში. სამედიცინო სარგებლის მიღება 16 წლამდე ასაკის ბავშვებსაც შეეძლებათ (სარგებლის მისაღებად მნიშვნელოვანია, მშობლები ვაქცინის ორი დოზით იყვნენ აცრილი)”, — აღნიშნულია განცხადებაში.

ვებგვერდზე უკვე თავმოყრილია სხვადასხვა პროფილის ათეულობით ობიექტისა თუ ქსელის შეთავაზებები.
ჩვეულ ცხოვრებას რომ დავუბრუნდეთ, მოსახლეობის 80% მაინც სრულად უნდა აიცრას. ამ დროს, IRI-ს ბოლო გამოკითხვის თანახმად, აცრას არ აპირებს მოსახლეობის 45%.

ეკონომისტის აზრით, ლატარეამ რომ "იმუშაოს", ადამიანებიარა მხოლოდ აცრას უნდა ენდონ, არამედ სახელმწიფოსაც. ამისთვის, კი ,,ყველაზე სწორი სტიმული საინფორმაციო კამპანიის ჩატარება იქნებოდა, მაგრამ ამ ეტაპზე საკმარისი ძალისხმევა არ იხარჯება იმაში გასარკვევად, თუ რატომ არ იცრებიან მოქალეები და რამდენად მტკიცეა მათი უარი“.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სამცხე–ჯავახეთში, 26 სექტემბრის ჩათვლით, ჯამში 32 492 ადამიანი აიცრა. აქედან ერთი დოზით 18 528 მოქალაქეა ვაქცინირებული, სრულად 13 964.

სამცხე–ჯავახეთში ვაქცინაციის პროცესში, ყველაზე აქტიური 18–49 წლის ასაკობრივი კატეგორიაა.

არსებული ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით, ვაქცინაციის პროცესის აქტიურობით, სამცხე–ჯავახეთი ბოლოდან მეოთხე ადგილზეა.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში, ბოლო პერიოდში, ინფიცირების მაჩვენებელი მცირდება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ უახლოეს მომავალში ეპიდვითარების დამძიმება არ არის მოსალოდნელი. მისივე თქმით, საგრძნობლად შემცირდა ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობა, რაც მეხუთე ტალღის მოახლოების ფონზე, მნიშვნელოვან როლს თამაშობს. დაავადების კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, ოქტომბრიდან აცრა ყველა სოფელსა და დაბაში იქნება შესაძლებელი.

| Print |