სოფლის ამბები
"ახალგაზრდებს საქმე არ აქვთ და სამუშაოდ რუსეთში მიდიან" - საძელში მოსახლეობა მცირდება

 

ახალციხის სოფელ საძელს სულ უფრო მეტი ადგილობრივი ტოვებს. ამის მიზეზად სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პრობლემებს ასახელებენ. სოფელი ეთნიკურად სომეხი მოსახლეობით კომპაქტურად არის დასახლებული, ამიტომ ადგილობრივების უმეტესობამ სახელმწიფო ენა არ იცის.

სოფლის ცენტრში მამაკაცების თავშეყრის ადგილია. საძელის მოსახლეობის ერთადერთი თავშესაქცევი კაკლის ხის ძირში, პოლიტიკაზე, რუსეთში სამუშაოდ წასული ოჯახის წევრებისა და სოფლის პრობლემებზე საუბარია. არდაშ სოგომონიანს აქვე, სოფლის „ბირჟაზე“ შევხვდით. პენსიონერი მამაკაცი წუხს, რომ საძელში მოსახლეობის რაოდენობამ საგრძნობლად იკლო.


„ადრე აქ 250 კომლი ცხოვრობდა, ახლა 100 ოჯახი დავრჩით. ახალგაზრდებს საქმე არაფერი აქვთ, ვერ იღებენ, რაც გლეხს სჭირდება საარსებოდ, ამიტომ სამუშაოდ რუსეთის სხვადასხვა ქალაქში მიდიან“,- ამბობს არდაშ სოგომონიანი.

მიგრაცია რომ ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, ამას მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგებიც აჩვენებს. თუ 2002 წელს სოფელში 607 ადამიანი ცხოვრობდა, 2014 წლის მონაცემებით, მათი რაოდენობა თითქმის განახევრდა - 381 კაცი. ადგილობრივები ამბობენ, რომ ახალგაზრდები სოფლიდან უმუშევრობას და სიღარიბეს გაურბიან.

ემიგრანტთა რიგებს 19 წლის გრიგორ ამბარცუმიანიც მალე შეუერთდება. ის მოსკოვში წასასვლელად ემზადება, სადაც ბიძა ელოდება. როგორც თავად გვიხსნის, რუსეთში სამსახური რომ მარტივად მოძებნოს, მინიმუმ, 25 წლის უნდა იყოს. მანამდე კი ისევ სოფელში, ერთფეროვან ცხოვრებას აგრძელებს.

„სოფელში ახალგაზრდები ვინც ვართ, მხოლოდ მე ვმუშაობ სამშენებლო საქმეზე, ყველა უმუშევარია აქ. გასართობიც არაფერი გვაქვს, რომ საღამოს გამოვიდეთ“, - ამბობს გრიგორ ამბარცუმიანი.

პრობლემა, რომელიც საძელის მოსახლეობას არ აწუხებს, გზაა. სოფლამდე მისასვლელი გზა მოასფალტებულია, თუმცა მასზე სამარშუტო ტაქსმა რომ იაროს, ეს ყველა ადგილობრივის სურვილია. ბოლო ორი წელია საძელში ქალაქთან დამაკავშირებელი ავტობუსი აღარ დადის. მოსახლეობამ მისი დანიშვნა რამდენჯერმე მოითხოვა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ახალციხემდე 5 კმ-ს ან ფეხით გადიან, ან მანქანიან მეზობელს სთხოვენ დახმარებას.

„რომ გავიგებ სამეზობლოში ვინმემ მანქანა დაქოქა და ქალაქში მიდის, მაშინვე ვაჩერებ და ვთხოვ ჩვენც გაგვიყოლოს. ასე გაგვაქვს თავი ხალხის იმ კატეგორიას, ვისაც საკუთარი მანქანა არ გვყავს“, - გვიყვებიან ადგილობრივები.

ტრანსპორტის მსგავსად, მოსახლეობა ამ დრომდე ელის წლების წინ ადგილობრივი ხელისუფლების გაცემულ დაპირებას, რომ სასმელი წყლის სათავე ნაგებობას რეაბილიტაციას ჩაუტარებენ. სოფელში სასმელი წყალი ცენტრში, ერთადერთ წყაროზე მოდის, მოსახლეობა კი აქედან სათლებით ეზიდება.

ახალციხის მერიაში ამბობენ, რომ ჩამოთვლილი პრობლემებიდან მათ კომპეტენციაში მხოლოდ ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვბარება შედის. თვითმმართველობაში გვითხრეს, რომ საძელს სასმელი წყლის პრობლემა არ აქვს. ამ ეტაპზე, სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, შიდა გზების რეაბილიტაციაა დაგეგმილი.

„მოსახლეობამ თავად აირჩია შიდა გზების პრობლემის მოგვარება. წყალი ყველა ოჯახს მიეწოდება, ამიტომ ამასთან დაკავშირებით სამუშაოები არ იგეგმება“,- განუცხადეს „მეცხრე არხს“ ახალციხის მერიის პრესსამსახურში.

| Print |