სოფლის ამბები
ხაკში დარჩენილთა საზრუნავი (ფოტო რეპორტაჟი)
ახალციხის სოფლებში ახლა ყველაზე დატვირთული პერიოდია. ფერმერები ცდილობენ, რომ მთელი წლის განმავლობაში მოვლილი და მოწეული მოსავალი დროულად დააბინაონ. სახლში თითქმის ვერავის ნახავთ. დიდი თუ პატარა, ქალი თუ კაცი ყველა მიწის ნაკვეთშია გასული და საშემოდგომო ფუსფუსშია ჩართული. მაღალმთიანი სოფლის, ხაკის მოსახლეობისთვის მიწათმოქმედება და მესაქონლეობა შემოსავლის ერთადერთი წყაროა.

კარტოფილის ამოყრა დილით ადრე იწყება. მამაკაცები მცირე ზომის ტრაქტორით მიწიდან ბოსტნეულს იღებენ, მოგვიანებით, როცა მიწაზე გადაშლილ კარტოფილს „მზე დახედავს“, საქმეში ქალები და ბავშვები ერთვებიან.

სირუნიკა 40 წელია სოფელ ხაკში, მეუღლესთან ერთად ცხოვრობს. სარქისიანების ოჯახი ყოველ წელს კარტოფილს თესავს, რწყავს, მოსავალს იღებს და თავსაც ამით ირჩენს. ფერმერი წელს მოსავლით კმაყოფილია.

,,მოსავალს წამალი უნდა. კრედიტი ავიღეთ, დავთესეთ, მაგრამ შემოსავალი არ გვაქვს, რომ კრედიტი დავფაროთ მაინც. ეგ არის ჩვენი პრობლემა“, - გვეუბნება სირუნიკ სარქისიანი.

ხაკში ამბობენ, რომ შარშანდელთან შედარებით კარტოფილის მოსავალი წელს კარგი აქვთ. ფერმერებს ახლა ის აფიქრებთ, სად და რა ფასად გაყიდიან ბოსტნეულს.

,,კარგი ამინდები იყო წელს და ამიტომ კარგი მოსავალი მივიღეთ“, - ამბობს ალექსანდრე პეტროსიანი.

ფერმერმა სათესლე კარტოფილი 2,80 ლარად იყიდა, ახლა მისი მიზანია, მოსავალი კარგ ფასად გაყიდოს, რათა ოჯახი შეინახოს.

„სოფელში საკმარისი სარწყავი წყალი არ არის, ხაკის თავზე ორი აუზია და წყალიც იქიდან მოედინება, მაგრამ არ გვყოფნის“, - ჩივის ფერმერი. ახალციხის მერის წარმომადგენელი საძელის ადმინისტრაციულ ერთეულში ფიქრობს, რომ ხაკის მოსახლეობას სარწყავი წყლის დებეტის პრობლემა არ უნდა ჰქონდეს.

სოფელში ამბობენ, რომ ოჯახის რჩენისთვის არჩევანი ორ გზას შორის უნდა გააკეთონ - რუსეთში სამუშაოდ წავიდნენ ან ხაკში მიწათმოქმედებით და მესაქონლეობით დაკავდნენ.

,,სოფელში საქმე არ არის და ჩემი შვილიც რუსეთში წავიდა. მანამდე მე დავდიოდი. ვინც ხაკში დავრჩით კარტოფილს ვთესავთ და თავი ასე გაგვაქვს. მოსავლით კმაყოფილი ვარ“, - გვიყვება ვარაზდატ სარქისიანი.

რეგიონში სასაწყობე მეურნეობები არ არსებობს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ამის გამო იძულებული არიან, მხოლოდ იმდენი კარტოფილი მოიყვანონ, რამდენის გაყიდვასაც მოკლე დროში შეძლებენ.

,,კარტოფილი ბოლომდე ამოღებული არ არის. ახალქალაქსა და ნინოწმინდაში ყინვები იყო, ამიტომ წელს დიდ მოსავალს არ ველოდებით. სასაწყობე მეურნეობა რეგიონის მასტაბით რამდენიმეა და ისიც კერძო. ფერმერები მოსავალს ძირითადად, სახლის სარდაფებში აბინავებენ“, - ამბობს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამცხე–ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე მამუკა თამარაძე.

ამავე უწყების ინფორმაციით, კარტოფილის ნათესებმა რეგიონში წელს 15 500 ჰექტარი შეადგინა, შარშან 16 000 ჰა, რაც 2017 წელთან შედარებით 20% –ით ნაკლებია.

| Print |