სოფლის ამბები
"სოფელში ბევრი მოსახლეა და ბიუჯეტიდან ბევრი ფული დაიხარჯებაო"- წყრუთელები
ახალციხის რაბათის წიწვოვან ტყეს რომ გასცდებით, ქალაქიდან დაახლოებით ექვს კილომეტრში, ეთნიკური სომხებით დასახლებული სოფელი შეგხვდებათ. მოვლილი ეზო-კარი, ორსართულიანი სახლები, სქელი, ტუფით ნაშენი კედლები და ქვის მაღალი გალავნები. ერთი შეხედვით, სოფელში ხალხი უზრუნველად უნდა ცხოვრობდეს, სინამდვილეში კი წყრუთის მოსახლეობას ბევრ პრობლემასთან უწევს შეჭიდება.

55 წლის შოღაკათ საღოიანს მაშინ შევხვდით, როცა ბულგარულით სავსე ჩანთით ბოსტნიდან სახლში ბრუნდებოდა. წყრუთში ავადმყოფ დედასთან ერთად წლებია ცხოვრობს. ამბობს, რომ წელს სოფელს განსაკუთრებით გაუჭირდა. სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემასთან ერთად, გლეხებს არც ბუნებრივმა პირობებმა შეუწყო ხელი.

„მოსავალი ვერ მოვიყვანეთ. სარწყავი საერთოდ არ გვაქვს, წვიმის იმედად ვართ ხოლმე, მაგრამ წელს ესეც არ იყო. ძალიან გვიჭირს, არანაირი პირობა არაა სოფელში საცხოვრებლად, ამიტომ ახალგაზრდები სამუშაოდ რუსეთში მიდიან და საცხოვრებლადაც იქ რჩებიან“,- ამბობს შოღაკათი.

წყრუთის ორღობეებში ახალგაზრდებსა და მცირეწლოვან ბავშვებს ხშირად შეხვდებით, თუმცა სოფელში საბავშო ბაღი არ არის. მშობლებს შვილები ახალციხეში, ყოველ დღე ტაქსით დაჰყავთ.

„ვქირაობთ ტაქსს და რამდენიმე ბავშვი ერთად მიჰყავს მძღოლს. ძალიან ძნელია ფინანსური კუთხითაც, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს, ბავშვებს ბაღში ხომ უნდათ სიარული. ვისაც საკუთარი მანქანა ჰყავს, იმათ ეს პრობლემა ცხადია არ აწუხებთ“
,- გვიყვებიან ადგილობრივები.

მიუხედავად იმისა, რომ წყრუთი ახალციხესთან რამდენიმე კილომეტრით არის დაშორებული, ადგილობრივები ჩივიან, რომ აქ ტრანსპორტი არ დადის. წყრუთელები ითხოვენ, რომ ავტობუსი სოფელში დღეში ორჯერ მაინც ავიდეს.

ბაზარში გვინდა ხალხს სიარული და ვერ დავდივართ იმიტომ, რომ საკუთარი მანქანები არ გვყავს. გარდა მაგისა, წამლები გვჭირდება ასაკოვან ხალხს და ველოდებით მეზობლებს, სანამ საქმე არ გამოუჩნდებათ ქალაქში წასასვლელად. ხან ფულს ვატანთ და ხან ჩვენ მივყვებით საყიდლად“,- ამბობენ სოფელ წყრუთში.

ჰასმიკ ადამიანი სოფელში ერთ-ერთია, ვინც სოფლის ცენტრში, წყაროდან სასმელ წყალს სათლებით ეზიდება. პენსიონერი ქალი ამბობს, რომ წყლის რიგში დგომა დღეში რამდენჯერმე უწევს.

„მთელი სოფელი ერთი წყაროდან მარაგდება, დილით იმხელა რიგებია, წყალს ვერ აავსებ“.

წყრუთელების ამ პრობლემებს ბუნებრივი აირის არქონაც ემატება. მოსახლეობა ამბობს, რომ გაზის 5-ლიტრიან „ბალონებს“ ახალციხეში ტენიან, რომ სადილი მოამზადონ.

„ბალონებით დავდივართ. 300 კომლიან სოფელში ბუნებრივი აირი როგორ არ უნდა იყოს შემოყვანილი? მით უმეტეს, ქალაქიდან ახლოს ვართ და არც ისე რთულია აქ გაზის ამოყვანა“, - ჩივიან ადგილობრივები.
ბუნებრივი აირის გარდა, სოფელს არც მაღალმთიანის სტატუსი აქვს.

„მეზობელმა სოფელმა მაღალმთიანის სტატუსი მიიღო, ჩვენ კი უარი გვითხრეს. როცა მოსახლეობა დავინტერესდით და ვკითხეთ, რატომ არ მოგვანიჭეს ჩვენც, პასუხი მივიღეთ, რომ სოფელში ბევრი მოსახლეა, სტატუსი რომ მოეცათ, ჩვენზე ბიუჯეტიდან ბევრი ფული დაიხარჯებოდა“.

რას სთავაზობს ადგილობრივი ხელისუფლება წყრუთელებს და როდის მოგვარდება მოსახლეობის პრობლემები - ამ კითხვაზე მოკლე პასუხი ახალციხის მერიიდან 5 დღის დაგვიანებით მივიღეთ.

„მუნიციპალიტეტი წყრუთში საბავშო ბაღის მშენებლობას 2020 წელს უზრუნველყოფს. გაზისა და ტრანსპორტის პრობლემა მერიის კომპეტენციაში არ შედის“, - გვითხრეს პრესსამსახურში.

ექნებათ თუ არა მომდევნო წელს წყრუთელებს საბავშო ბაღი - სოფელში არაფერი იციან, თუმცა გახსნის დღეს დიდი მოლოდინით ელიან. ადგილობრივების თქმით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის პროექტის შერჩევისას, მოსახლეობამ ერთ-ერთ პრიორიტეტად საბავშვო ბაღის არქონა დაასახელა.
| Print |