სოფლის ამბები
პრობლემა, რომელსაც მოსახლეობა ხედავს - ხელისუფლება ვერა
ყულალისი ახალციხის 43კომლიანი სოფელია, რომელიც სომხური თემით არის დასახლებული. ადგილობრივები ძირითადად, მიწათმოქმედებით არიან დაკავებულები. სოფლის პრობლემებიდან ყველაზე მეტად სარწყავი წყლის საკითხი აწუხებთ.
,,სარწყავი წყალი არასაკამრისია. მილები არაა და არაფერი. სასმელი წყალიც ცოტ-ცოტა მოდის. ყველაზე დიდი პრობლემა სოფელში მაინც სარწყავი არხია“ - გვიყვება ადგილობრივი ემილია კრტიანი.
მისი თქმით, ფერმერები მიწას წვიმის იმედად ამუშავებენ. გასულ წელს ამინდში გაუმართლათ და კარგი მოსავალი მიიღეს. წელს კი, ყულალისელები უკმაყოფილო არიან.
„წელს ცუდი ამინდები იყო. კარტოფილის მოსავალი საშუალოა, დამპალიცაა და კარგებიც. წყალი არ არის რომ ყანა მოვრწყათ, კიდევ კარგი წვიმდა და ამან უშველა მოსავალს“, - გვიყვება ყულალისის მკვიდრი ვერა კრტციანი.
„თივა არ გვაქვს, ამიტომ სოფლის კაცები და ახალგაზრდა ბიჭები მთაში მიდიან. თურქეთის საზღვრამდე ოთხკილომეტრიანი გზის გავლა უწევთ, რომ თივა ნახონ. სოფელში სამუშაოც არ არის“, - წუხს ემილია კრტიანი.
ვისაც თივის შეგროვრება არ შეუძლია, ზამთარში საქონლის გამოსაკვებად ხმელ ბალახს ყიდულობს. წელს კი თივას მაღალი ფასი აქვს. ყულალისში ჩივიან, რომ ასეთ პირობებში გლეხის შრომას ფასი ეკარგება.
სოფელში სარწყავ წყალზე მხოლოდ მოსახლეობა ჩივის. მერის წარმომადგენელი პამაჯის ადმინისტრაციულ ერთეულში ამ პრობლემას ვერ ხედავს. კარლენ კარახანიანი ირწმუნება, რომ სასმელი წყალი ყველა ოჯახს აქვს.
„სარწყავი არხი მეზობელი სოფლიდან, ორალიდან მოდის. ადგილობრივებს არ სჭირდებათ და ალბათ, ამიტომაც არ რწყავენ. სარწყავი წყალი უპატრონოდ მიედინება, არავინ უვლის. თავის დროზე, როცა რწყვის პერიოდი იყო, ყულალისს ჰქონდა წყალი და რწყავდნენ“, - ირწმუნება კარლენ კარახანიანი.
სოფლის მოსახლეობა მესაქონლეობას და მიწათმოქმედებას მისდევს. მამაკაცების უმეტესობა სოფელს ათი თვით ტოვებს და სამუშაოდ რუსეთში მიდის. მარტიდან-დეკემბრამდე კი ყველა საქმეს თავად ქალები უძღვებიან.
„სოფლის საქმეს აქაური ქალები და გოგოები ვაკეთებთ. ძნელია, ძალიან ძნელია, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს, თავი რამით ხომ უნდა ვირჩინოთ?“ , - წუხს ახალგაზრდა ნინა კრტიანი.
რწმუნებული ამბობს, რომ მიგრაცია ყველა სომხური სოფლის პრობლემაა.
„აქ სამუშაო არაფერი არ არის. მიდიან იქ, რომ ფული მოიტანონ და იცხოვრონ. რუსეთში კაცები ყველა სომხური სოფლიდან დადიან“, - გვითხრა კარლენ კარახანიანმა.
გააზიარეთ :