სოფლის ამბები
"სასმელ წყალს ღელედან, სათლებით ვეზიდებით ყოველ დღე"
შიდა გზები, სასმელი და სარწყავი წყალი, საზოგადოებრივი ტრანსპორტის არ არსებობა - ახალციხის არაერთი სოფლის მსგავსად, ეს პრობლემები ეთნიკური სომხებით დასახლებულ წირასაც აწუხებს.

ახალციხიდან რამდენიმე კილომეტრით დაშორებულ სოფელში, ქეთო ჯანაშვილი ცხოვრობს. პენსიონერი ქალის თქმით, წირელებს წლებია სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემა აწუხებთ. მის გარდა, იგი საზოგადოებრივი ტრანსპორტის არარსებობაზეც წუხს.

„მე და ჩემს მეუღლეს წამლები ყოველ დღე გვჭირდება. ქალაქიდან არც ისე შორს ცხოვრობთ, მაგრამ ახალციხეში ჩასვლას ხშირად ვერ ვახერხებთ, რადგან, არც საკუთარი ავტომობილი გვყავს და არც ტრანსპორტი მოდის სოფელში“,- გვიყვება ქეთო.

პენსიონერი ქალის მსგავსად, ავტობუსის გარეშე დარჩენილ სოფელზე წუხს ლევონ აბრამიანიც. 45 წლის მამაკაცის თქმით, წირელებისთვის მთავარ პრობლემად მაინც სასმელი და სარწყავი წყალი რჩება.

„რაც მახსოვს ჩვენს სოფელს წყლის თემა ყოველთვის აწუხებდა. გაზაფხულობით წვიმის იმედზე ვართ, რომ მოსავალი არ გაგვიფუჭდეს. სასმელ წყალს ღელედან, სათლებით ვეზიდებით ყოველ დღე“.

„ხალხს ძალიან გვიჭირს, საწვავიც გაძვირდა. ქალაქში ორი ტომარა კარტოფილის გაყიდვა რომ მინდოდეს, საწვავში მჭირდება მხოლოდ აღებული თანხა. ამ გაზაფხულზე წვიმაც არ მოვიდა, მოსავალიც ამის გამო გაგვიფუჭდა“, - გვითხრა 72 წლის საქო მალთოსიანმა, რომელიც სოფლის ცენტრთან ცხოვრობს.
წირაში კმაყოფილი არც შიდა ინფრასტრუქტურის მდგომარეობით არიან. ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას ჰპირდება, რომ ამორტიზებული გზების პრობლემა წელსვე გადაიჭრება. სოფლის მხარდაჭერის პროგრამით სოფელს 16 000 ლარი ერგო, ამდენივე დაამატა ახალციხის მერიამ, თანხით კი გზების მოწყობა გადაწყდა.

„2020 წლის ბიუჯეტში დაგეგმილია ცენტრალური გზის მოწყობა სოფელ წყრუთიდან წირამდე. სკოლას რაც შეეხება, მუნიციპალიტეტი მოსწავლეებს ტრანსპორტის პრობლემას უგვარებს“, - განაცხადა „მეცხრე არხთან“ მერიის პრესსამსახურმა.

სასმელ და სარწყავ წყალზე, თვითმმართველობას წირელებისთვის დამაკმაყოფილებელი პასუხი არ აქვს. მერიაში ვერ ამბობენ, როდის მოგვარდება სოფლის მთავარი პრობლემა, თუმცა აღნიშნავენ, რომ ამ თემაზე მუშაობენ. მოსახლეობა კი წუხს, რომ წყლის გარეშე ისედაც ღარიბი სოფელი უფრო და უფრო ღარიბდება, რადგან წირელების შემოსავლის ერთადერთი წყარო მიწათმოქმედებაა.

| Print |