სოფლის ამბები
"ვინც საქართველოს ფასი არ იცის, მხოლოდ ის ტოვებს ჭაჭარაქს"
„გაზაფხულს გაასწარი, შემოდგომას შეასწარიო“ - გვეუბნებიან ჭაჭარაქში და გაავდრებამდე მოსავლის დაბინავებას ჩქარობენ. დიდ-პატარა ყანაშია გასული, ზოგი კარტოფილს კრეფს, ზოგი ხილს. მამაკაცები ხორბალს თესენ და სიმინდის ტაროს ტეხენ. მალე ყინვები დაიწყება და მოსახლეობამ მთელი წლის შრომის შედეგი საიმედოდ უნდა შეინახოს.

ჭაჭარაქი ახალციხის სოფელია, სადაც მოსახლეობის 17% ქართველია, დიდი ნაწილი კი (83%) სომეხი. აქ ამბობენ, რომ წლებია ერთად, ჰარმონიულად ცხოვრობენ და ცხოვრებისეულ სირთულეებსაც ერთად უმკლავდებიან.

სამეზობლო ურთიერთობებზე 75 წლის მარია გაბრიელიანი გვიყვება. ამბობს, რომ მისი შვილიშვილები ქართველ ბავშვებთან ერთად იზრდებიან, ამიტომ ქართველებს სომხურად, სომხებს კი ქართულად ლაპარაკი არ უჭირთ. მეზობლებს პრობლემებიც ერთი და იგივე აქვთ.

„წვიმიანი ამინდის დროს სასმელი წყალი დაბინძურებულია, გვიწევს წყლის გადადუღება. გარდა ამისა, სარწყავი წყალიც არ გვაქვს. მდინარე მტკვრიდან საქაჩით ვტუმბავთ, რომ მოსავალი მოვრწყოთ. საქაჩი საათში 70 ლარი გვიჯდება“, - გვიყვება მარია.

ადგილობრივები საქაჩი სისტემის გაუმართაობაზეც საუბრობენ. მათი თქმით, სარწყავ წყალს დაგვიანებით უშვებენ, რის გამოც მოსავალი უხმებათ. გარდა ამისა, მოსახლეობის ნაწილს რამდენიმე საათი სჭირდება, რომ წყალმა მათ ნაკვეთში ჩააღწიოს.

„ერთი საათი მარტო საქაჩის ჩართვას უნდა, მეორე საათი სანამ ჩემს ყანამდე მოაღწიოს და კიდევ ერთი საათი მინდა მინიმუმ, რომ ყანა მოვრწყო. გამოდის, რომ ორი საათის ფულს ტყუილად ვიხდი. გაუმართლა იმათ, ვისი ყანაც საქაჩთან ახლოსაა. ისინი მხოლოდ ერთი საათის ფულს იხდიან“, - ამბობს ჰამიკ ვირაბიანი. მისი თქმით, სარწყავის გარდა, მსოფელს სასმელი წყლის საკითხიც აწუხებს. ჭაჭარაქელების თქმით, ამ პრობლემების მოგვარებას ადგილობრივი ხელისუფლება ყოველწლიურად ჰპირდება, თუმცა უშედეგოდ.

„მიწა კარგია, მოსავალიც კარგი მოდის თუ ხელს შევუწყობთ ხოლმე. არც რეალიზაცია გვიჭირს. ზოგს ახალციხის ბაზარში მიაქვს გასაყიდად, მე თბილისში ვაბარებ საკუთარი ტრანსპორტით. ჩვენთვის ამ ეტაპზე მთავარია სარწყავი წყლის გაკეთება, რომ ბუნებრივი პირობების იმედზე არ ვიყოთ“, - გვიყვება ჰამიკი.

ახალციხის მერიაში ჭაჭარაქელებს მთავარი პრობლემების მოგვარებას ახლაც ჰპირდებიან, თუმცა ნაწილობრივ. მერიაში ამბობენ, რომ სარწყავი წყლისა და სანიაღვრე არხების მოწყობა 2019 წელსვე მოხდება.

„სამუშაოები უკვე დაწყებულია. ჭაჭარაქს ახლო მამავალში გადავუჭრით ამ პრობლემებს“, - გვითხრეს მერიის პრესსამსახურში. თვითმმართველობის ინფორმაციით, სამუშაოები „სოფლის მხარდაჭერის პროგრამიდან“ დაფინანასდება.

ახალციხის მერის თქმით, მომავალი წლიდან სარწყავი წეყლის პრობლემა ნაკლებ ადგილობრივს შეაწუხებს.

„გაკეთდა ბეტონის სანიაღვრე არხი. სოფელში მდებარე სატუმბს რემონტი ეტაპობრივად უტარდება. ის არხი, რომელიც გავაკეთეთ, სოფლის მხოლოდ ერთ ნაწილში მიდიოდა, სოფლის მეორე ნაწილში კი მილი დაგრძელდა და გაფართოვდა“,- ამბობს ზაზა მელიქიძე.

სოფლის შესახებ პირველი ცნობები XVI საუკუნეში გვხვდება. ოსმალეთის ბატონობის ხანაში მოხსენიებულია, როგორც ახალციხის რაიონი „ჩეჩერექი“. დასახლება ქალაქ ახალციხიდან რამდენიმე კილომეტრში, ცენტრალურ გზაზე მდებარეობს.

ოფიციალური მონაცემებით, სოფელში 395 კაცი ცხოვრობს, თუმცა ჭაჭარაქში ამბობენ, რომ ახალგაზრდები მშობლიურ სახლებს ტოვებენ და ეს განსაკუთრებით თვალშისაცემი ბოლო პერიოდში გახდა. ისინი საცხოვრებლად ძირითადად, რუსეთში გადადიან.

„რუსეთში ბევრჯერ ვყოფილვარ, მაგრამ იქ დარჩენაზე არასოდეს მიფიქრია. ვინც საქართველოს ფასი არ იცის, მხოლოდ ისინი ტოვებენ ჭაჭარაქს. აქ ჩვენ ძმებისავით ვცხოვრობთ. ყველაფერი საერთო გვაქვს, კარგი მეზობლობა იციან ქართველებმა, ამიტომ აქედან სხვაგან საცხოვრებლად არასოდეს წავალ“, - გვეუბნება ჰამიკ ვირაბიანი და ნახევრად დაშლილ მანქანას უბრუნდება, რომლის შეკეთებაც დაღამებამდე უნდა მოასწროს.
| Print |