სოფლის ამბები
ერთი დღე გორელოვკაში (ფოტორეპორტაჟი)
ნინოწმინდის სოფელი გორელოვკა, ზღვის დონიდან 2065 მეტრზე მდებარეობს. მოსახლეობის 56%-ს ეთნიკურად სომხები წარმოადგენენ. ადგილობრივი სომხები გორელოვკის ძველ სახელწოდებად ბუღდაშენს ასახელებენ. სოფელს გორელოვკა მე-19 საუკუნეში რუსეთიდან გადმოსახლებულმა დუხობორებმა შეარქვეს, რომელთა რაოდენობა მოსახლეობის 11%-ს შეადგენს.
მოსახლეობა თავს ძირითადად სოფლის მეურნეობით ირჩენს. შემოსავლის მთავარი წყარო კარტოფილი,კომბოსტო და მესაქონლეობაა.
სოფელში შესვლისთანავე დაინახავთ საქონლისთვის დამარაგებულ საკვებს, რომელსაც მოსახლეობა მკაცრი ზამთრისთვის წელიწადის ამ დროს აგროვებს.
ადგილობრივები ზამთარში გასათბობად შეშის ნაცვლად, წივას იყენებენ. სოფელში ხშირად შეხვდებით ბოსლებსა და სახლის სახურავებს, რომლებიც წივითაა გადახურული.
წივა ოთხკუთხედად დაჭრილი გამხმარი ნაკელია, რომელიც საწვავად გამოიყენება. ზამთარში ყინვა მინუს 40 გრადუსამდე ეცემა. მოსახლეობის თქმით, ცივი სეზონის გადასალახად, მინიმუმ 7-8 ძროხის ნაკელისგან დამზადებული წივაა საჭირო.
სასმელი და სარწყავი წყლის უქონლობის გამო მოსახლეობა ძირითადად ამინდზეა დამოკიდებული. კარგი მოსავლის მისაღებად კი მხოლოდ უფლის იმედად არიან. გორელოვკაში ბუნებრივ აირთან ერთად მოუწესრიგებელი შიდა გზების გამოც ჩივიან.
მიუხედავად იმისა, რომ სოფელში გარე განათების ბოძები დგას, მის ჩართვას ადგილობრივები წლებია ითხოვენ. ვიდრე დენის დგარები თავის ფუნქციას შეასრულებენ, მანამდე წეროები მასზე ბუდეეებს იშენებენ.
გორელოვკა სამცხე-ჯავახეთის რეგიონის პატარა სოფელია, რომელიც სამხრეთ საქართველოში მდებარეობს. აქ ეთნიკური სომხები, რუსი დუხობორები და ქართველები ცხოვრობენ, რომლებიც ადიგენისა და ხულოს დამეწყრილი ადგილებიდან გადმოასახლეს.

| Print |