სოფლის ამბები
მიგრაცია - სოფელ სხვილისის მთავარი გამოწვევა

 

ახალციხესთან ხუთ კილომეტრში, ზღვის დონიდან 1 020 მეტრზე მდებარეობს ეთნიკური სომხებით დასახლებული სოფელი. სხვილისში ბევრი პრობლემა აქვთ, თუმცა ამბობენ, რომ მთავარი მიგრაციაა. 

65 წლის ოფელია შაანოვა სხვილისში ცხოვრობს. ამბობს, რომ სოფლად ცხოვრება მარტივი არ არის, თუმცა უმთავრესი პრობლემა ისაა, რომ მშობლიურ სახლებს ახალგაზრდები ყოველდღიურად ტოვებენ და საცხოვრებლად რუსეთში გადადიან. პენსიონერი ქალის თქმით, სახელმწიფო მომავალ თაობას ღირსეული ცხოვრების შანსს ვერ აძლევს. სამუშაოდ რუსეთში მამაკაცების წასვლასაც ამით ხსნის.

„დიდი ნაწილი სულ გადადის საცხოვრებლად, ზოგიც წლების შემდეგ უბრუნდება სხვილისს. სოფელში ბევრ დაკეტილ სახლს ნახავთ. ბევრი პრობლემა გვაწუხებს. საქმე არ არის. ახალგაზრდებისთვის გასართობი არ არის“.

გასართობი ბავშვებისთვისაც ნაკლებად მოიძებნება. ადგილობრივები ამბობენ, რომ სხვილისში კულტურული, სახელოვნებო წრეები არ ფუნქციონირებს, კვირაში რამდენჯერმე ბავშვის ქალაქში ჩამოყვანა კი მარტივი არ არის. ოფელია შააანოვა ამბობს, რომ სოფელში ახალგაზრდებისთვის თეატრსა და ჭადრაკის სკოლას გახსნიდა.

ბავშვებს თუ გასართობის სიმწირე აფიქრებთ, უფროსები სარწყავი წყლის მაღალ გადასახადზე ჩივიან. სხვილისში ამბობენ, რომ წყლის საქაჩი არის, თუმცა საათში 60 ლარს იხდიან.

„წელს კარგი კარტოფილი არ მოვიდა, ცუდი ამინდები იყო და მოსავალი გაგვიფუჭა. საკმარისი წყალიც არ გვაქვს,რომ კარგად მოვრწყოთ. ძირითადად ამინდებზე ვართ დამოკიდებული“, - ამბობს აპატ მოვსესიანი. პენსიონერი კაცი მიგრაციაზეც წუხს. ამბობს, რომ სოფელი თანდათან იცლება.

„თქვენმა გადამღებმა ჯგუფმა დათვალა ვინ გავიდა და ვინ დაბრუნდა სოფელში? ზაფხულში ყოველთვის მიდიოდნენ და ზამთარში ბრუნდებიან. ასე ზეპირად, სტატისტიკის დათვლის გარეშე როგორ შეიძლება ვთქვათ, რომ მიგრაცია გაიზარდა?“ - გვითხრა ახალციხის მერმა. ზაზა მელიქიძე მოსახლეობას არ ეთანხმება, რომ სოფელი თანდათან იცლება. თუმცა საპირისპიროს ამბობს სახელმწიფოს მონაცემები.

2002 წელს სხვილისში 1 614 კაცი ცხოვრობდა, 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მონაცემებით კი, სოფელი 581-მა პირმა დატოვა და სხვილისში 1 033 მაცხოვრებელი დარჩა.

მუნიციპალიტეტეის პირველი პირი სამუშაო ადგილების სიმცირესაც უარყოფს.

„რას ჰქვია სოფელში სამუშაოები არ არის? დღეს ყველა სამშენებლო კომპანია მშენებელს ეძებს და ერთი მუშა ვერ უნახიათ, როგორ არ არის სამუშაოები? სხვილისში ნახევარზე მეტი დასაქმებულია სეზონზე“.

ზაზა მელიქიძის თქმით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ სოფელში თითქმის ყველა ინფრასტრუქტურული პრობლემა მოაგვარა.

„შიდა გზები კეთდება, გარე განათებას ვაკეთებთ, სარწყავი სისტემებიც მოწესრიგებულია და თუ საჭიროა კიდევ შერემონტდება. მთავრობისგან ყველანაირი ხელშეწყობა აქვთ, სამედიცინო პროგრამებითა და განათლების სისტემით. ახალგაზრდული ცენტრიც გავუკეთეთ, გახსნილია სხვადასხვა წრეები კულტურის სახლში. საბავშო ბაღში კონტინგენტი გაიზარდა და ჯგუფები არ ჰყოფნით, პროექტირებას ვაკეთებთ რომ გავაფართოვოთ“.

ზაზა მელიქიძის თქმით, ფერმერების ნაწილის მოთხოვნა, რომ სარწყავ წყალზე გადასახადი შემცირდეს, თვითმმართველობას არ ეხება, რადგან მოსახლეობას თანხის გადახდა მოხმარებული ელექტროენერგიის მიხედვით უწევს.

მიუხედავად იმისა, რომ სხვილისი ქალაქ ახალციხიდან ხუთ კილომეტრში მდებარეობს, სომეხმა მოსახლეობამ ქართული არ იცის. „მეცხრე არხის“ გადამღებ ჯგუფს მათთან საუბარი რუსულად მოუწია. სახელმწიფო ენა შედარებით უკეთ იციან ახალგაზრდებმა.

„სოფელში უმუშევრობა ყველაზე დიდი პრობლემაა. სკოლა გვაქვს, რომელშიც ქართულსაც ასწავლიან. ვცდილობთ ბავშვებს სახელმწიფო ენა ვასწავლოთ. ისინი ერთმანეთში ხშირად საუბრობენ ქართულად“,- გვიყვება ნინა მოვსესიანი.

ადგილობრივების თქმით, სხვილისს ბევრი პრობლემა არ აქვს, თუმცა სოფლის მთავარ გამოწვევად მაინც მიგრაცია რჩება. 
| Print |