სოფლის ამბები
ხოროვაწ - ბოსტნეულის მწვადი მესხეთში
სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, „ხოროვაწი“ ყველასთვის ცნობილი და საყვარელი კერძია. მას ძირითადად, სომხურ დასახლებებში აკეთებენ.

სიტყვა ხოროვაწ ქართულად „შემწვარს“ ნიშნავს. ხოროვაწს ეძახიან მწვადსაც, რომელიც დამარინადებული ცხვრის, ღორის, ძროხის, ქათმის ან ხბოს ხორცით მზადდება.

ახალციხეში ხოროვაწის მომზადების ყველაზე გავრცელებული ფორმა ბოსტენულითაა. მომზადებისას საჭიროა ბადრიჯანი, ბულგარული წიწაკა და პომიდორი.

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სხვილისის მკვიდრ ოფელია შაანოვას ოჯახში ხოროვაწი ხშირად მზადდება. კერძის გაკეთება დედისგან და ბებიისგან ისწავლა.

„პატარა ვიყავი, რომ ვუყურებდი დიდებს და ახალა თავად ვაგრძელებ ამ ტრადიციას. ძალიან გემირიელია, ქართველებიც აკეთებენ, სომხებიც და ყველა. ვფიქრობ, კავკასიაში ყველა ხალხი აკეთებს. ხოროვაწი ზამთარში, მოხარშულ კარტოფილთან ან ხორცთან ერთადაც შეგიძლიათ მიირთავთ“,
- გვიყვება ოფელია შაანოვა და თან ბოსტნეულს სპეციალურად „მეცხრე არხისთვის“ წვავს.

სხვილისელი დიასახლისი ამბობს, რომ ბოსტნეულს ზოგი შამფურზე, ზოგი კი მაყალზე წვავს. ხოროვაწის მომზადებისას დიდი მნიშვნელობა აქვს ზუსტად განსაზღვროთ, რამდენად უნდა შეიწვას ინგრედიენტი. ბოსტნეული არც ძალიან უნდა გამოშრეს და არც უმი დარჩეს.

„ბადრიჯანი, ბულგარული, პომიდორი და ყველა ბოსტნეული, რაც გვაქვს, როგორც მწვადი შამფურებზე უნდა წამოვაცვათ და გახურებულ ნაკვერჩხალზე მოვათავსოთ“.

იმისთვის, რომ ხორცი ან ბოსტნეული კარგად შეიწვას, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ნაკვერჩხალსა და შამფურებს შორის დაშორება 12სმ-დან 15სმ-მდე უნდა იყოს. დაველოდოთ ბოსტნეულის კარგად შეწვას და ამის შემდეგ კანისგან გავასუფთაოთ. პროცესი გამარიტვდება, თუ შემწვარ ბოსტნეულს ცივი წყლის ჭავლით გავასუფთავებთ.

„ხოროვაწის მომზადება ყველა სომეხმა იცის“,
- ამბობენ სხვილისში. ადგილობრივების თქმით, მოთუშული ბოსტნეული მომცრო ზომის ნაჭრებად უნდა დაჭრათ, დაუმატოთ საჭიროა მარილი, პილპილი და ძმარი. ასევე ხახვი, ქინძი და საკმაზები გემოვნების მიხედვით. კარგად ავურიოთ და კერძი მზადაა. ხოროვაწს მიირთმევენ როგორც ცხელს, ასევე ცივს.

ტრადიციულ კერძს სომხურ სოფლებში ზამთრისთვისაც ინახავენ. მაყალზე შემწვარ ბოსტნეულს კანს აცლიან და ქილებში ხუფავენ. გახსნისას ჭრიან და ცხიმთან ერთად თუშავენ. 


| Print |