სოფლის ამბები
ქველმოქმედი ბიზნესმენების იმედად დარჩენილი სოფელი
ახალქალაქის შესასვლელთან, ცენტრალური გზიდან მარჯვნივ გადასახვევია. აქედან სამი სოფლის გზა მიდის. პირველი ხულგუმოა, რომლის შესასვლელშიც თვალში მოგხვდებათ რკინის, მომწვანო ძელი, რომელსაც საბჭოთა სიმბოლიკა ამშვენებს. როგორ ცხოვრობენ და რას ითხოვენ ხელისუფლებისგან ხულგუმოს მაცხოვრებლები, ამის გასაგებად „მეცხრე არხის“ გადამღები ჯგუფი სოფელში მივიდა.

ხულგუმოელებს თუ ჰკითხავთ, რით გამოირჩევა მათი სოფელი, გეტყვიან, რომ ქველმოქმედი ადამიანებით. მოსახლეობა ამბობს, რომ სოფელში ხელისუფლების მიერ გადასაჭრელ პრობლემებს, ბიზნესმენი ადგილობრივები აგვარებენ. სოფელს ბევრი ახალგაზრდა ჰყავს, ისეთი ვინც ახლა საზღვარგარეთ მუშაობს, თუმცა მშობლიურ სოფელს არასოდეს ივიწყებენ. მათი თქმით, ამ ადამიანებმა სოფელში არაერთი პრობლემა მოაგვარეს, თუმცა არის საკითხები, რომლებიც ხულგუმოსთვის კვლავ გამოწვევად რჩება.

„სასმელი წყალი დაბინძურებული მოდის, მიწიდან ამოსულს პირდაპირ ვსვამთ. ამის გარდა, არ გვყავს სოფლის ექიმი და არც მედპუნქტი გვაქვს. ზამთარში გაცილებით რთულია სასწრაფო მანქანებისთვის აქ მოსვლა, რადგან გზები გაფუჭებულია
“,- გვიყვება არმენ ლეონიანი.

როგორც ადგილობრივები „მეცხრე არხთან“ საუბრისას აცხადებენ, მოსახლეობა მიწათმოქმედებით ცხოვრობს. აქაურები ნაკვეთებს ამუშავებენ და ცდილობენ ოჯახები კარტოფილის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლით არჩინონ.

ძნელია მიწაზე მუშაობა. ბევრი გვიჯდება, წელს კილოგრამი თესლი ლარად ვიყიდეთ და 70 თეთრად გავყიდეთ. რეალიზაციის პრობლემაც გვაქვს. ქალაქში ჩვენ უნდა წავიღოთ საკუთარი მანქანებით, ამისთვისაც ხომ ცალკე ფული გვჭირდება? ტრაქტორსაც ცალკე ფულუნდა. 2.50 ლარს ვიხდით ამაშიც“, - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი, რომელსაც სახელის გამჟღავნება არ სურს.

შუახნის მამაკაცი გვიყვება, რომ სოფლიდან რუსეთში სამუშაოდ ხშირად მიდიან, თუმცა მისთვის ეს გამოსავალს არ წარმოადგენს.

„მირჩევნია ჩემს შვილებთან ერთად 100 ლარზე ვიმუშავო და ბედნიერად ვიცხოვრო, ვიდრე სამუშაოდ საზღვარგარეთ წავიდე და ოჯახისგან შორს ვიყო“.

მიუხედადავად იმისა, რომ ქველმოქმედმა ადგილობრივმა, თანასოფლელებისთვის ახალქალაქი-ხულგუმოს დამაკავშირებელი ხიდი გააკეთა, ქალაქთან მიმოსვლის პრობლემა ადგილობრივებს მაინც აწუხებთ. ხულგუმოში გვეუბნებიან, რომ წინასაარჩევნოდ შიდა გზების მოწყობას ბევრჯერ დაჰპირდნენ, 3-4 მანქანა ხრეშიც მიუტანეს, თუმცა გზები არავის გაუკეთებია.

ცუდი გზის გამო სოფელში ტრანსპორტიც არ დადის. ქალაქში ჩვენი ავტომობილებით დავდივართ. ვისაც მანქანა არ ჰყავს, ტაქსს ხშირად იყენებს. ძალიან გვიჭირს გადაადგილება, გარდა ამისა, მოუწესრიგებელი გზის გამო, სოფელში სულ მტვერია“, - წუხს უნან ეღიზბარიანი.

ხულგუმოში დაახლოებით, ერთი წელია საბავშო ბაღის შენობა გაარემონტეს, თუმცა მოსახლეობას ბავშვები ისევ ახალქალაქში დაჰყავთ. ადგილობრივების ინფორმაციით, ბაღს ერთადერთი მიზეზის გამო არ ხსნიან - სასმელი წყლის საკითხს ვერ აგვარებენ. შენობა უფუნქციოდ რომ ამ პრობლემის გამოა, ადასტურებს ახალქალაქის მერის მოადგილე. თვითმმართვლობაში ამბობენ, რომ სოფელ ხულგუმოს სხვა პრობლემებიც იციან, თუმცა მათ მოგვარებას ვერ შეძლებენ.

ასეთი პრობლემები ყველა სოფელს აქვს. წელს უკვე ზამთარი მოვიდა და სოფლებში გზებს ვეღარ გავაკეთებთ. მიმდინარე ბიუჯეტით ამ სოფლის პრობლემების მოგვარება არ იგეგმება, თუმცა მომავალში შეიძლება გავითვალისწინოთ“, - ამბობს ახლქალაქის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე. არმენ მარანგოზიანი მოსახლეობას ვერ აიმედებს, თუმცა ამბობს, რომ სოფლებში არსებული ვითარება უკეთესობისკენ ნელ-ნელა შეიცვლება.

ხულგუმოში დაახლოებით, 220 ოჯახი ცხოვრობს. მოსახლეობას არ სჯერა, რომ ხელისუფლება მათ პრობლემებს მოაგვარებს და ისევ კეთილი თანასოფლელების იმედად არიან. ადგილობრივები ფიქრობენ, რომ სოფლიდან წასული „შეძლებული ადამიანები“ თანასოფლელებს ადრე თუ გვიან დაეხმარებიან.



| Print |