სოფლის ამბები
გულიკამის ამბები (ფოტორეპორტაჟი)
ახალქალაქის პლატოზე, მდინარე ფარავნის მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 1 730 მეტრზე მდებარეობს სოფელი გულიკამი. მისი მაცხოვრებლების 99,8% სომეხი ეროვნებისაა. ახალქალაქიდან ხუთი კილომეტრით დაშორებულ სოფელში, 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მონაცემებით, 1 234 ადამიანი ცხოვრობს.
„მეცხრე არხის“ გადამღები ჯგუფი გულიკამში, შემოდგომის მზიან ამინდში, დღის იმ მონაკვეთში ავედით, როდესაც მოსწავლეებმა გაკვეთილები დაასრულეს. ბავშვები სკოლას ტოვებდნენ და სახლებისკენ მიიჩქაროდნენ. 
სკოლიდან სახლში ბავშვების ნაწილი ფეხით დაბრუნდა, ნაწილი კი თანასოფლელს ტრაქტორზე დაემგზავრა. მაღალმთიან სოფელში ასულ უცხო ადამიანებს ინტერესით გვათვალიერებენ. 
გულიკამში, თითქმის ყველა ორღობეში შენიშნავთ საბჭოთა კავშირში ნაწარმოებ ავტომობილებს რუსული სანომრე ნიშნებით. 
სკოლასთან ახლოს, სოფლის შესასვლელში სასმელი წყლის ბიუვეტი დგას. ქვაზე სომხურად იმ ადამიანის სახელი წერია, ვის საპატივცემულოდაც წყაროა მოწყობილი. 
შემოდგომის თბილ დღეებში, გულიკამში მოსავალს აბინავებენ. კომბოსტოს ცუდ და გაფუჭებულ ფოთლებს აცლიან, აგროვებენ და ზამთარში კურდღლებს აჭმევენ.
გულიკამში აივნებზე გამოწყობილ, ხორბლით სავსე, რკინის ჯამებს შეხვდებით. მზიან ამინდში მარცვალს ზამთრისთვის აშრობენ.
ჯავახეთის მკაცრი კლიმატის მიუხედავად, ერთ-ერთი ადგილობრივის ეზოში, ვარდები ყვავის. ეს მამაკაცი ყვავილებს თავად უვლის. ვარდი დიდი მაკრატლით მოგვიჭრა და გაგვაფრთხილა - გარეგნულმა სილამაზემ არ მოგატყუოთ, ბევრი ეკალი აქვსო. 
გულიკამის ძველი და ახალი თაობა.
| Print |