სოფლის ამბები
,,ჩვენს პრეზიდენტს გადაეცით, რომ თავის ხალხს პასპორტები დაუბრუნოს“ - იური კასიანი
კარტოფილის მცირე მოსავალი, მკაცრი კლიმატი, საწვავი შეშის მაღალი ფასი, უმუშევრობა და ორმაგი მოქალაქეობის მიღების სურვილი – ეს ის პრობლემებია, რომლის შესახებ დილისკის მაცხოვრებლები ჩივიან. ახალქალაქიდან ოთხ კილომეტრში მდებარე სოფელში, ხელისუფლებაზე მეტად, სოფლიდან რუსეთში წასული ბიზნესმენების იმედი აქვთ.

სოფელში დარჩენილი მოსახლეობა თავს კარტოფილის მოსავლით ირჩენს. ადგილობრივები ჩივიან, რომ მოწეული მოსავლის გაყიდვით აღებული თანხით ოჯახს ვერ არჩენენ.

,,კარტოფილის დაბალი ფასი ჩვენთვის დიდი პრობლემაა, სოფელში სარწყავი წყალი კი გვაქვს, მაგრამ მინდვრებამდე მისი მიყვანა გვიჭირს. ბოლო პერიოდში სოფლიდან მიგრაცია შემცირდა, რადგან პრობლემების მოგვარებაში რუსეთში სამუშაოდ წასული ჩვენი თანასოფლელები გვეხმარებიან“, - ამბობს არაქსია მოსოიანი.

,,ზოგი მიდის, ზოგი რჩება. რა ქნან, აქ სამუშაო არ არის. სოფელში დარჩენილები თავს კარტოფილით ვირჩენთ, თუმცა ეს საკმარისი არ არის. ამიტომაც რუსეთში დავდივართ“, - გვიყვება ადგილობრივი მამაკაცი.

დილისკაში პრობლემაა სარწყავი წყლის მინდვრებამდე მიყვანაც. მხოლოდ წვიმიანი ამინდის იმედად დარჩენილები, მცირე მოსავალს იღებენ. კარტოფილის მცირე მოსავლისა და ფასის დარეგულირების გარდა, ადგილობრივები საწვავი შეშის სიძვირეზეც ჩივიან.

,,სახლისთვის საკმარისი შეშის მოტანა გვიჭირს. სეზონზე 3-4 რიგი შეშა მაინც არის საჭირო, ერთი რიგი კი 500 ლარი ღირს", - ჩივიან სოფელში.

,,სოფელში სარწყავი წყალი კი გვაქვს, მაგრამ მინდვრებამდე ვერ მიგვყავს. რუსეთში სამუშაოდ წასული ახალგაზრდები გვეხმარებიან, როგორც შეუძლიათ, მაგრამ ზოგჯერ არის საკითხები, რომელსაც ხელისუფლების გადაწყვეტილება ჭირდება“, - გვიყვება დილისკის მაცხოვრებელი.

სომხური თემით დასახლებულ სოფელ დილისკაში, მოსახლეობის რიგითი პრობლემები, ძირითადად რუსეთიდან შემოსული თანხით გვარდება. ახალგაზრდების დიდი ნაწილი გაზაფხულიდან შემოდგომამდე რუსეთში სამუშაოდ მიდის, ფულს აგროვებს და სოფლის პრობლემების გადაჭრას ამ გზით ცდილობს.

როგორც სოფელში ამბობენ, დილისკის 35-მდე მაცხოვრებელმა რუსეთში საკუთარი ბიზნესის წამოწყება შეძლო. შედეგად, სოფელს უკვე აქვს მათ მიერ აშენებული საბავშვო ბაღი და კლუბი. მომავალი წლისთვის კი სოფლის ცენტრში ახალი სკვერიც მოეწყობა.

რუსეთში წასულმა მოსახლეობის ძირითადმა ნაწილმა საქართველოს მოქალაქეობა დაკარგა. მათი მთავარი თხოვნა ქართულ ხელისუფლებასთან, ორმხრივი მოქალაქეობის მიღების წესის გამარტივებაა. ადგილობრივები განმარტავენ, რომ საქართველოს მოქალაქეობაზე უარი იძულების წესით, რუსეთში დასაქმების გამო თქვეს.

,,ჩვენს პრეზიდენტს გადაეცით, რომ თავის ხალხს პასპორტები დაუბრუნოს. აქ დავიბადეთ და გავიზარდეთ, მაგრამ პასპორტები არ გვაქვს, რადგან რუსეთში სამუშოდ დავდივართ. ორმაგი მოქალაქეობა ჩვენი ყველაზე მტკივნეული პრობლემაა. ავად რომ გახდე, საავადმყოფოში სამმაგი უნდა გადაიხადო“, - წუხს ადგილობრივი იურა კასიანი.

ერთ დროს რეგიონის ყველაზე დიდი სოფელი დღეისათვის განახევრებულია და მოსახლეობის რაოდენობა აქ მხოლოდ 2 500-ს აღწევს. ახალქალაქის მერის წარმომადგენელმა დილისკაში მოსახლეობის ყველა პრობლემების შესახებ იცის. ვარუჟან გაბრიელიანი ამბობს, რომ ინფრასტრუქტურულ და ყოფით პრობლემებს ადგილობრივები ძირითადად რუსეთიდან გამოგზავნილი თანხით აგვარებენ.

,,სახელმწიფოც გვეხმარება და ყურადღებას გვაქცევს. ასფალტი გაკეთდა, გარე განათებაც გვაქვს. ისეთი ბაღი, როგორიც ჩვენს სოფელს აქვს, ალბათ მთელ საქართველოში არ არის. ბაღიც ააშენა დილისკელმა ბიჭმა და ჩვენს პატარებს აჩუქა“ - ამბობს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი სოფელ დილისკის ადმინტრაციულ ერთეულში ვარუჟან გაბრიელიანი.

მერიის წარმომადგენლის თქმით, სოფელში მიგრაცია 2010 წლიდან, სწორედ ბიზნესმენების მიერ გამოგზავნილი დახმარებებით შემცირდა.
| Print |