სოფლის ამბები
„ვინც რუსეთში ვერ მიდის ზის და დომინოს თამაშობს“,- მოსახლეობა გულიკამიდან
ჯავახეთის სოფლების ძირითადი პრობლემები დიდწილად ერთმანეთს ჰგავს. თითქმის ყველა სოფელში კარტოფილის მცირე მოსავალი და მისი რეალიზაცია, დაკეტილი და პატრონის მიერ მიტოვებული სახლები, უმუშევრობა და ორმაგი მოქალაქეობის საკითხი აწუხებთ. ახალქალაქიდან ხუთ კილომეტრში სოფელი გულიკამი მდებარეობს, სადაც აბსოლუტურ უმრავლესობას ეთნიკური სომხები წარმოადგენენ.

დაკეტილი სახლები და სოფლის შემცირებული მოსახლეობა ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული საკითხია 80 წლის ელიჩქა ქოსოიანისთვის. სახლში მარტო დარჩენილი წუხს, რომ ადგილობრივებს ცხოვრება რთულ პირობებში უწევთ. მოხუცი პენსიონერი იმ საკითხზეც ამახვილებს ყურადღებას, რომელსაც რუსეთში წასული თანასოფლელების ნაწილი აწყდება.

„კარტოფილსაც ვერ ვყიდით ნორმალურ ფასად. ვცდილობთ, სოფლის მეურნეობით ვიშოვოთ საჭმელის ფული, მაგრამ ვერ ვახერხებთ. ამიტომაც დაიცალა სოფელი. აქაურები ფულის საშოვნელად რუსეთში მიდიან, მაგრამ იქაც პრობლემები აქვთ. ხელფასებს არ აძლევენ და რუსები აწუხებენ “,- გვიყვება პენსიონერი ქალი.

ელიჩქა ქოსოიანის შვილები რუსეთში სამუშაოდ წლების წინ წავიდნენ. ამბობს, რომ არასახარბიელო პირობების გამო, სოფელში ხშირად ხელცარიელები ბრუნდებიან. საქართველოში არსებული უმუშევრობის გამო კი იძულებულნი არიან ისევ რუსეთს მიაშურონ.

ადგილობრივები უმუშევრობას მეკარტოფილეობით ებრძვიან. მოყვანილი პროდუქტის რეალიზაცია ძალიან უჭირთ, ამიტომ ბოსტნეულს იმ რაოდენობით თესავენ, რაც მხოლოდ ოჯახისთვის არის საკმარისი.

გულიკამის მოსახლეობა მოუწესრიგებელ გზებზეც ჩივის. სოფელში ცენტრალური გზის გარდა, შიდა გზების მოასფალტებასაც ითხოვენ. მაცხოვრებლები ეჭვობენ, რომ ადგილობრივი ხელისუფლება მათ პრობლემებს წაგებული არჩევნების გამო არ აგვარებს.

„გზას არავინ გვიკეთებს, წვიმიან ამინდში აქ სიარული შეუძლებელია. ძლიერი ნალექის დროს გვეშინია სოფელი არ წაიღოს. ზამთარში უფრო მარტივია გადაადგილება, რადგან თოვლი გზას ასწორებს. ხიდს აშენებდნენ, შეგვპირდნენ მალე გავაკეთებთო, მაგრამ დაპირება დაპირებად დარჩა“,- გვიყვება მნაც შაჰმეკიანი.

,,ბირჟაზე“ დომინოს თამაშით დაკავებულებმა, მეცხრე არხთან ისიც აღნიშნეს, გზის პრობლემის მოსაგვარებლად გამგებელთან რამდენჯერმე მივიდნენ. არჩევნების წინ დაპირებები ადგილობრივი თვითმმართველობისაგან მიიღეს, თუმცა გამარჯვების შემდეგ იმ სოფელში არავინ ასულა.

„ტექდათვალიერების გავლა ცალკე გვიწევს. გამართული მანქანები როგორ უნდა გვყავდეს, როცა სოფელში ასეთი გზებია. ქალაქში წასვლისას მანქანები ნადგურდება. მთელი სოფელი ჩავედით გამგებელთან. ვთხოვეთ ასფალტის დაგება,შეგვპირდნენ კიდეც რომ გააკეთებდნენ, მაგრამ არაფერი გაკეთებულა“,- გვიყვებიან ადგილობრივები.

ვანია ჩოკანდარიანს სოფლის შესასვლელში, სკოლასთან მოწყობილ ბესეტკაში შევხვდით, სადაც სოფლის მამაკაცებთან ერთად დომინოს თამაშობდა. 70 წლის მამაკაცი ამბობს, რომ გულიკამში უმუშევრობის პრობლემა ყველას თანაბრად აწუხებს.

„ვისაც მუშაობის ენერგია აქვს, ისინი რუსეთში მიდიან და ფულიც იქიდან აქვთ. ვისაც წასვლა არ შეგვიძლია, ვზივართ და მთელი დღე დომინოს ვთამაშობთ. სოფელში სულ 350 სახლია, აქედან ყოველი მესამე დაკეტილია. გულიკამში ელემენტალური სამედიცინო პუნქტიც კი არ გვაქვს“,- ამბობს ვანია.
ადგილობრივების პრობლემების შესახებ ახალქალაქის მერიც საუბრობს. იური უნანიანი დამატებითი სახსრების მოძიების შემთხვევაში სოფელს სამედიცინო პუნქტის აშენებას ჰპირდება.

„შიდა გზები მოასფალტებული ახალქალაქის არც ერთ სოფელში არ გვაქვს. ჩვენ უპირატესობა მივანიჭეთ ახალქალაქიდან მოშორებულ სოფლებს და ვაპირებთ მათთან დამაკავშირებელი გზები გავაკეთოთ. ამ ეტაპზე გულიკამის მოასფალტება არ იგეგმება. რაც შეეხება სამედიცინო პუნქტებს, მათი მშენებლობა უკვე დაწყებულია, თუმცა არა გულიკამში“,- აცხადებს ახალქალაქის მერი.

მოსახლეობის საყოველთაო აღწერის თანახმად სოფლის მოსახლეობა 2014 წლიდან 740 ადამიანით არის შემცირებული. ადგილობრივების ნაწილი საცხოვრებლად ქალაქში, ნაწილი კი რუსეთში გადადის.
| Print |