სოფლის ამბები
კარტიკამი - მოხუცების სოფელი (ვიდეო)
კარტიკამი ახალქალაქის ერთ-ერთი დიდი სოფელია. აქ 600 კომლი ცხოვრობს. თუ ადგილობრივებს სოფლის მთავარ პრობლემაზე ჰკითხავთ, უმეტესობა ამბულატორიის არქონას დაასახელებს.

მოსახლეობა ამბობს, რომ ყველა წვრილმანზე სასწრაფო დახმარებას იძახებენ, ბრიგადას კი ახალქალაქიდან კარტიკამამდე 8-კილომეტრიანი, ამორტიზებული გზის გავლა უწევს.

სოფელ კარტიკამში ორი ათასამდე ეთნიკურად სომეხი ცხოვრობს, მათი უმრავლესობა ხანშიშესულია. ახალგაზრდები "ყამირზე" არიან წასული. ექიმი ყველაზე ხშირად სახლში, მცველად დარჩენილ პენსიონერებს სჭირდებათ.

,,დიდი სოფელია, გვპირდებიან რომ სამედიცინო პუნქტს ააშენებენ, მაგრამ როდის არ ვიცით. სოფელში ექიმი გვყავს, მაგრამ ამდენ ხალხს ერთი კაცი არ გვყოფნის“, - ამბობს კარტიკამის მკვიდრი პეტრო ჩენავაიანი.

პეტროს მსგავსად, ეს საკითხი აწუხს სტეფან ერანოსიანსაც. პენსიონერი მამაკაცი ფიქრობს, რომ მოსახლეობას ხელშეწყობა უნდა, სოფელს კი მხარდაჭერა აკლია. ამის გამო ახალგაზრდები სამუშაოდ რუსეთში მიდიან, მოხუცებს კი თავის გატანა სოფელში მარტოებს უწევთ.

"არჩევნების დროს კარგად მოდიან და გვპირდებიან ყველაფერს, მაგრამ არაფერი კეთდება“, - ამბობს სტეფან ერანოსიანი.

კარტიკამში ზამთრის მოახლოებასთან ერთად, მოსახლეობას გათბობის პრობლემაც ექმნება. სოფელში გაზის მილები შეყვანილია, თუმცა მოსახლეობა ბუნებრივი აირით ვერ სარგებლობს.

,,გაზიც პრობლემაა. შემოიყვანეს, მაგრამ არ ფუნქციონირებს, არ გვირთავენ, ამიტომ ისევ შეშაზე ვართ დამოკიდებული“, - გვითხრა აკოპ კინოიანმა.

ზამთარში გაზრდილ ხარჯს, მოსავლის რეალიზაციიდან მიღებული თანხით ფარავენ. კარტიკამში ამბობენ, რომ წელს ცუდი მოსავალი ჰქონდათ. ამის მიზეზად კი სარწყავი წყლის არასაკმარის რაოდენობას ასახელებენ.

,,ფულს ვაძლევთ და წყალი არ გვაქვს, ყველას თავისი დარდი აწუხებს, ჩვენ არავინ არ გვაქცევს ყურადღებას. კარტოფილს ვთესავთ, ხმება. არ გვპატრონობენ“, - წუხს პეტრო ჩენავაიანი.

ახალქალქის მერის პირველ მოადგილეს მიაჩნია, რომ მუნიციპალიტეტის მასშტაბით, კარტიკამს სარწყავი წყლის პრობლემა ყველაზე ნაკლებად უნდა აწუხებდეს.

,,სარწყავი წყლის პრობლემა ამ სოფელში არ დგას იმდენად, რამდენადაც სხვა სოფლებში. ამ სოფელში ჩამოედინება უფრო მეტი წყალი და მას მოიხმარენ ადგილობრივები. სხვა სოფლები უფრო ცუდ მგდომარეობაში არიან“, - ამბობს TV9NEWS.GE-სთან შალვა ბალახაძე.

ის სოფლის ერთ-ერთ მთავარ პრობლემასაც ეხმიანება. ბალახაძე ირწმუნება, რომ ამბულატორიის მშენებლობა ნოემბერში დასრულდება. ამისთვის 360 000 ლარია გამოყოფილი. მერის მოადგილე იმასაც განმარტავს, რატომ არ აქვს გაზიფიცირებულ სოფელს ბუნებრივი აირი.

,,იმისთვის, რომ მოსახლეობამ გათბობით ისარგებლოს, ამისთვის თავად უნდა გადაიხადონ და ჩაურთავენ“, - ამბობს შალვა ბალახაძე.

ახალქალაქის საკრებულოში ამბობენ, რომ მუნიციპალიტეტის სოფლების 70% გზები ამორტიზებულია. საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება პრიორიტეტს ქალაქიდან დაშორებულ და მაღალმთიან სოფლებს ანიჭებს. 

"რომელი სოფლებიც ახლოს მდებარეობენ ქალაქთან, მათი გზები ვცდილობთ არ გავაკეთოთ, რადგან ისინი 500-600 მეტრის გავლის შემდეგ, ცენტრალურ გზას მიაღწევენ, იქიდან კი ასფალტია", - გვიხსნის საკრებულოს თავმჯდომარე ნაირ ირიციანი.

კარტიკამიც იმ სოფლებს შორის მოხვდა, რომლებშიც საგზაო ინფრასტეუქტურის მოწესრიგება ჯერ არ იგეგმება. ამის სანაცვლოდ, საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, სოფელში გაზაფხულზე ბაღი გაიხსნება.

| Print |