სოფლის ამბები
სოფელ ჯულღაში ორმაგი მოქალაქეობის მინიჭებას ითხოვენ (ვიდეო)

ჯულღა ქალაქ ახალციხიდან 17 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. სოფელი ცენტრალური გზის ორივე მხარესაა გაშენებული. შესასვლელში ადგილობრივების თავშეყრის ადგილია, სადაც ხანშიშესულები ჭადრაკს, ნარდსა და დომინოს თამაშობენ.

ჯულღაში ახალგარზდებს იშვიათად შეხვდებით. მათი უმრავლესობა სამუშაოდ საზღვარგარეთ არის წასული. ეთნიკურად სომხური თემით დასახლებული სოფელი დღითიდღე იცლება. 2014 წლის მონაცემებით, აქ  200 ადამიანია დარჩენილი, მათი უმრავლესობა კი ხანშიშესულია.

,,ახალგაზრდები სამუშაოდ რუსეთში ან ევროპაში მიდიან, სადაც მარტივია ცხოვრება იქ ჩერდებიან. 300-ზე მეტი კაცი იყო სოფელში, ახლა ცოტანი დავრჩით“, - წუხს მიხაილ პანჩოიანი.

ადგილობრივები გამოსავალს ორმაგი მოქალაქეობის მიღების გამარტივებაში ხედავენ. თვლიან, რომ ამ საკითხის დარეგულირება წასული ახალგაზრდების უკან დაბრუნებას ხელს შეუწყობს და მშობლიურ კუთხესაც ხშირად  ინახულებენ.

„ძალიან ბევრი მსურველია, რომ ორმაგი მოქალაქეობა ჰქონდეს. ჩვენ ამ პრობლემაზე ვერაფერს ვიზამთ, სახელმწიფომ უნდა გადაწყვიტოს. საქართველოს ბრალი არ არის, რუსეთის ბრალია, რომ ვიზას ითხოვენ“, - გვიყვება ჯულღას მკვიდრი ბენიამინ დურგალიანი.


ადგილობრივები პრობლემებისგან თავის დაღწევის საუკეთესო გზად, რუსეთთან საზღვრის გახსნასა და ურთიერთობის მოწესრიგებას მიიჩნევენ. თვლიან, რომ ჩრდილოელ მეზობელთან უვიზო მიმოსვლა სოფელს ბევრი საკითხის მოგვარებაში დაეხმარება.

ცხადია, ყველამ ვიცით, რომ რუსეთი ოკუპანტია, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. თუმცა რუსეთთან ურთიერთობა მოსაგვარებელია. მთავრობამ უნდა გადაწყვიტოს“ - გვეუბნება მიხაილ პანჩოიანი.

,,დავუშვათ ახლა სასწრაფოდ მომიწია რუსეთში წასვლა, როგორ წავალ? ვიზის აღებას დრო სჭირდება, ამიტომ ვერც ქორწილზე და ვერც დაკრძალვაზე ვერ წავალთ“, - ამბობს ბენიამინ პაპიკიანი.

რუსეთთან მიმოსვლის სირთულეზე საუბრობს პეტროს დურგალიანიც.

,,ვიზის პრობლემა რომ არ იყოს, ჩვენ სოფელს სხვა პრობლემა არ ექნება. წავალთ, წამოვალთ. ბავშვებს უნდათ არდადეგებზე აქ მოსვლა და პრობლემაა“.

ადგილობრივ ხელისუფლებაში სამბობენ, რომ ორმაგი მოქალაქეობის საკითხი მათ არ ეხებათ და ცენტრალურმა ხელისუფლებამ უნდა მოაგვაროს. როგორც მერიაში თქვეს, ჯულღას მოსახლეობის ეს პრობლემა მათთან დღის წესრიგში არც წარმომადგენელს და არც დეპუტატს დაუყენებია.

„მოქალაქეობის საკითხს კანონი არეგულირებს. თუ რაიმე კონკრეტულ შემთხვევაზეა საუბარი, აღნიშნულთან დაკავშირებით მერიისთვის არავის მოუმართავს“, - ამბობს მუნიციპალიტეტის პირველი პირი. 

პირს, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობის მოპოვება სურს, გამოცდა უნდა ჩააბაროს. აპლიკანტს სამართლის საფუძვლების, საქართველოს ისტორიისა და ქართული ენის ზოგადი ცოდნა მოეთხოვება. ტესტები სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ვებ-გვერდზეა ატვირთული. თითოეულში საშუალოდ, 200 კითხვაა.

მოქალაქეობის საკითხის გარდა, ადგილობრივები უექიმო ლაბორატორიაზე ჩივიან. მოსახლეობა ამბობს, რომ ექიმი სხვაგან მუშაობს, ამიტომ მასთან მისვლა თავად უწევთ.

„სოფელში ექიმი სასწრაფოდ გვჭირდება. ამბულატორიამ უნდა იმუშაოს კარგად, უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს“, - ამბობს სოფელ ჯულღას მკვიდრი მიხაილ პანჩოიანი.

კიდევ ერთი პრობლემა, რომელზეც ჯულღაში ჩივიან, გარე განათებაა. ეს პრობლემა მხოლოდ სოფლის შესასვლელში, ცენტრალურ გზაზეა გადაჭრილი. დანარჩენი სოფელი კი ჩაბნელებულია. ადგილობრივები ამბობენ, რომ ამის გამო სოფელში ღამით ვერ გადაადგილდებიან. მოსახლეობა მიიჩნევს, რომ ამ პრობლემის მოგვარება ადგილობრივ ხელისუფლებას არ უნდა გაუჭირდეს.

ადგილობრივი ხელისუფლება გარე განათებას მომავალ წელს ჰპირდება. ზაზა მელიქიძის თქმით, ჯულღას მოსახლეობის სხვა ინფრასტრუქტურული პრობლემები, თანდათან მოგვარდება. „ეტაპობრივად მოეწყობა გარე განათება, სავარაუდოდ მომავალ წელს“.

| Print |