სოფლის ამბები
მიქელწმინდა - სოფელი პრობლემებით და ამობრუნებული ეკლესიის ისტორიით (ვიდეო)
ქართველების, ბერძნებისა და სომხების სოფელი, სადაც ფირნიში არ დგას და მოხუცების ამარა დარჩენილ დასახლებას ზოგჯერ სასწრაფოც ვერ აგნებს; ამობრუნებული ტაძრის ისტორია და მოუგვარებელი ყოფითი პრობლემები - ეს ახალციხის სოფელი მიქელწმინდაა.

თუ გზა კარგად არ იცი, ბერძნების სოფლის სახელით ცნობილ მიქელწმინდას შესაძლებელია ვერც მიაგნო. პრობლემების ჩამონათვალს აქ ბოლო არ უჩანს, თუმცა ადგილობრივები ძირითადად მაინც სარწყავი წყლისა და უგზოობის გამო ჩივიან.

80 წლის ევა გერასიმიდი, სოფლის შესასვლელში მარტო ცხოვრობს. ჟურნალისტებთან მოსაყოლი ბევრი აქვს. სოფელი უყვარს და სურს, მიქელწმინდის შესახებ რაც შეიძლება მეტმა გაიგოს. წუხს, რომ მიქელწმინდა ჯერ კიდევ არ არის გაზიფიცირებული. მოხუცების სიმრავლის მიუხედავად, სოფლის მოსახლეობისთვის პირველადი დახმარებაც პრობლემაა. მიუხედავად ამისა, ყველაზე მეტად მაინც მიგრაციაზე დარდობს.

,,ზამთარში აღმართის გამო სოფლამდე ვერ ამოდიან მანქანები და სასწრაფოს გამოძახება ჭირს. არც ამბულატორია, არც სკოლა, არც ბაღი, გასართობიც არაფერია. მიყრუებულ სოფელში ვცხოვრობთ. ახალგაზრდებს გასაქანი არ აქვთ და აქედან გარბიან. უწყლო ადგილია და მოსავალიც არ მოდის. რითი უნდა იცხოვროს კაცმა?“ - ამბობს ევა გერასიმიდი, რომელიც ბერძნების რძალი 60 წლის წინ გახდა.

სოფელში მისულ „მეცხრე არხის“ გადამღებ ჯგუფს შესასვლელში ევა გერასიმიდთან სტუმრად მისული ქალიშვილი დახვდა, რომელიც მიქელწმინდაში დაიბადა და გაიზარდა. ელმირა იგვიყვება, რომ სოფლის ფირნიშის უქონლობის გამო, მგზავრები ხან წირაში ხვდებიან და ხანაც ანში.

,,წყალი არ არის, სასწრაფო ძნელად ამოდის, ტრაფარეტიც არ დგას და რამდენჯერ ყოფილა, გამოუძახიათ სასწრაფო და გადასულან წირაში, გზა რომ ვერ უპოვიათ“ - წუხს ელმირა გერასიმიდი.

მიქელწმინდაში 16 ოჯახი ცხოვრობს. მათ შორის სამი ბერძნულია, ორი ქართული და 11 სომხური. შერეულ სოფელში მცხოვრებ არსენ მესხიძეს წუწუნი არ უყვარს, ,,ერთი ასფალტი და ერთიც გზა გვინდა, ერთიც წყალი“. ამბობს, რომ კლიმატის ცვლილების გამო თოვლი აღარ მოდის, რის გამოც სოფელში წყლები დაშრა.

„კაციშვილმა არ იცის, მე კი გეტყვით, რომ მთის ძირზე ამოსული წყალი მიწაში იღვრებოდა, სათავე ვიცი რომ იქ არის, წლების მანძილზე გაიბიდნა და გაწმენდა უნდა. ეტყობა ხის ფესვმა შეაღწია, ,,მაჩალკასავით“ ხდება წყალში და კეტავს გასასვლელს“.

ევა გერასიმიდის მოპირდაპირედ სომეხი ოჯახი ცხოვრობს. 70 წლის მოხუცი ინტერვიუზე არ გვთანხმდება. გადარჩეული მოსავლის ნარჩენებისგან ეზოს ასუფთავებს და თან ყვება, რომ ოჯახის წევრები სამუშაოდ რუსეთში ჰყავს. სახლს თანასოფლელთა მსგავსად მარტო უვლის.

,,ყველა ასეა აქ, რა გინდა რომ გააკეთო, თავი ხომ უნდა ირჩინო? მიწა ნოყიერია, მაგრამ წყალი არ გვაქვს და მწირი მოსავალი არაფერში გვყოფნის“.

წყრუთის თემში მდებარე სოფელი ახალციხიდან ხუთ კმ-ში მდებარეობს. უძველესი სოფლის შესახებ ადგილობრივები მიქელწმინდაში ასულს ძირითადად ,,თათრების შემოსევისა“ და ამობრუნებული ეკლესიის შესახებ უყვებიან.

ახალციხის მერის განმარტებით, მუნიციპალიტეტისთვის პრიორიტეტულ საკითხთა ნუსხაში შედის მისასვლელი გზების რეაბილიტაცია, განსაკუთრებით იმ მაღალმთიანი სოფლებისთვის, სადაც დიდი მიგრაციაა. ზაზა მელიქიძე ამბობს, რომ უკვე განსაზღვრულია ადგილები, სადაც არ დგას სოფლის აღმნიშვნელი ფირნიშები, სპეციალური სამსახური ამ საკითხს 2020 წელს სრულად მოაგვარებს. რაც შეეხება სასმელი წყლის პრობლემას - მერია გეოლოგიის დეპარტამენთან ერთად, მიწისქვეშა წყლების არსებობის შემთხვევაში, მოსახლეობისთვის ჭაბურღილებით წყლის მიწოდებას აპირებს.

ახალციხის მერიის ცნობით, მუნიციპალიტეტის 45 სოფლიდან ამბულატორია მხოლოდ 15 სოფელშია, დეკემბრის პირველ ნახევარში დასრულდება ამბულატორიების მშენებლობა სოფლებში - აგარა, ღრელი, კლდე, საძელი, ურაველი, ხეოთი და თისელი. სოფელ სხვილისში კი არსებული შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ,,უახლოეს მომავალში, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სამშენებლო სამუშაოების დაწყება იგეგმება პატარა პამაჯსა და მუგარეთში“, თუმცა ამ სოფლების ჩამონათვალში ამბულატორიის მშენებლობა მიქელწმინდაში არ იგეგემება.

უხუცესები იხსენებენ, რომ მეოცე საუკუნის დასაწყისში წმინდა მიქაელის სახელობის ტაძარი დანგრეული და გადამწვარი ყოფილა. სოფლის სახელწოდებაც სწორედ აქედან მოდის - ,,ქვა ქვაზე რომ დაადო, მიხვიდე და სანთელი დაანთო ეგ შენი სალოცავი იქნება უკვე“ - მიაჩნიათ ადგილობრივებს.
| Print |