სოფლის ამბები
სომეხთა გენოციდის, ყარაბაღსა და მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპულთა მემორიალები ხანდოში
ჯავახეთის ზეგანზე არსებულ სოფლებში ერთდროულად მართლმადიდებლურ და სომხურ სამოციქულო ეკლესიებს ხშირად შეხვდებით. ახალქალაქში, სოფელი ხანდოც ერთერთი მათგანია. კულტურული ძეგლების გარდა, სოფელში მოსახლეობისთვის საამაყო ადამიანთა მემორიალებიც არის აღმართული.

ხანდოში მდებარე მე-10 საუკუნის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი ეროვნულმა სააგენტომ 2018 წელს მიანიჭა. სააგენტოს ცნობით, ეკლესია დარბაზული ნაგებობაა და კარგად ნათალი კვადრებითაა ნაწყობი. „გარშემოსავლელის სამხრეთ კედელზე, თაღის გვერდით ჩასმულია ასომთავრულით შესრულებული წარწერა–„ქრისტე შეიწყალე სამხარაი“. ხანდოს ეკლესიას ერთგვარ უნიკალურობას სძენს დარბაზში აღმართული ქვაჯვარა, რომელიც, როგორც ჩანს, იდგა და შემდეგ სწორედ მასზე ააშენეს ეკლესია.

სოფელში მოქმედებს ასევე 1831 წელს აშენებული “წმინდა ჯვრის”ეკლესია. ისტორიული ძეგლებიდან ცნობილია მე-12, მე-13 საუკუნეების ქვისგან აშენებული “წმინდა გევორგის” ეკლესია და“იჯევანატუნ”. ასევე არსებობს ხელოვნური გამოქვაბულები, რომლებიც ერთმანეთს მიწისქვეშა გადასასვლელებით უკავშირდებიან.

“გურჯისტანის ვილაეთის დიდი დავთარის” (სამცხე-საათაბაგო) მონაცემებით სოფელში ჯერ კიდევ მე-16 საუკუნეში 61 ოჯახი ცხოვრობდა. ამჟამად, ხანდოს სახლები ძირითადად, გარემონტებულია და კარგ მდგომარეობაშია, თუმცა მათ შორის ბევრი მიტოვებულია. სოფლის ძირითად პრობლემას მიგრაცია წარმოადგენს. სოფელში დარჩენილი მოსახლეობა ძირითადად მეკარტოფილეობით არის დაკავებული, თუმცა მოსავლის რეალიზაციის პრობლემაზე წლებია ჩივიან.

სოფლის ცენტრში სამი ქვის მემორიალია დადგმული. პირველ მათგანზე წარწერაა „მარადიული ხსოვნა დიდი სამამულო ომის დროს დაღუპულ გმირებს ხანდოელებისაგან“. მემორიალი 1941-1945 წლების სამამულო ომში დაღუპულ ხანდოელებს ეძღვნება. სოფლის მოსახლეობის თქმით, ხანდოდან 50-მდე ადამიანი გარდაიცვალა და ასამდე უკვალოდ გაქრა. ფრონტიდან ცოცხალი მხოლოდ ერთი პიროვნება - 96 წლის ვეტერანი აშო ალაპულიანი გადარჩა.

მეორე - ჯვრის მემორიალი 1915 წლის სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა 100 წლის იუბილის აღსანიშნავად აშენდა. მემორიალი 2015 წელს სოფლის მოსახლეობის დაფინანსებით და მათივე თანასოფლელის - სოს ჰაკოფიანის მხარდაჭერით აიგო. 

ხანდოს ცენტრშია მესამე მემორიალიც, რომელიც 1994 წელს სოფელ ხანდოს მოსახლეობამ, ყარაბაღში გარდაცვლილი სომეხი ჯარისკაცის საპატივსაცემოდ დადგა. მოვსეს(არარატ) მარტიროსიანი სომეხმა ერმა გმირად შერაცხა, რომელიც წარმოშობით ხანდოდან იყო. ადგილობრივებისთვის, მოვსეს მარტიროსიანი სამშობლოსთვის ყარაბაღში გარდაცვლილი ერთ-ერთი სომეხი გმირია.

სოფელში მოქმედებს სკოლა, საბავშვო ბაღი, რომელიც გასარემონტებელია. ბოლო პერიოდში ადგილობრივების მხარდაჭერით სოფლის რიტუალების სახლი გაარემონტეს.

| Print |