სოფლის ამბები
„თავი როგორ ვირჩინოთ? რას ფიქრობს ჩვენი მთავრობა?“ - ვაჩიანის მკვიდრი
ვაჩიანი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. სოფლის ცენტრი ზღვის დონიდან 1 750 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. ვაჩიანის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი სომხურენოვანია. ადგილობრივები, ძირითადად, მეკარტოფილეობასა და მესაქონლეობას მისდევენ.

სოფელ ვაჩიანის მაცხოვრებელებისთვის უმთავრესი პრობლემა სასმელი წყალია. მოუწესრიგებელი სისტემის გამო, წელიწადის ორ დროს – გაზაფხულსა და ზაფხულში წყალი წყდება და მოსახლეობას ფაქტობრივად არ მიეწოდება.

„ხალხს იმის გამო, რომ წყალი არ აქვს, შორიდან მოაქვთ. ეს საშინელებაა“ - ამბობს სოფელ ვაჩიანის მკვიდრი ვაღარშაკ ქაჩოტიანი.

სოფლის ძირითადი პრობლემის გარდა, ადგილობრივები ენის ბარიერზე, საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვაზე, არჩევნების გაყალბებაზე, სამედიცინო პუნქტის არ არსებობასა და პროდუქტის სიძვირეზეც ჩივიან.

ვაჩიანში მცხოვრები მამაკაცები, ჯავახეთის სხვა მაცხოვრებლების მსგავსად, რუსეთში სეზონურ სამუშაოებზე დადიოდნენ. მათი ძირითადი შემოსავლის წყარო სწორედ ეს იყო. წელს კი კორონავირუსის პანდემიის გამო ჩაკეტილმა საზღვრებმა, ადგილობრივები ლუკმა–პურის გარეშე დატოვა.

„ადრე კარტოფილი თუ 65-70 თეთრი იყო, ახლა ფასმა 45 თეთრამდე დაიწია. მთავრობა რას ფიქრობს, საზღვრები რომ ჩაგვიკეტეს, მარტო კარტოფილით შევინახავთ ოჯახებს?“ - ამბობს ბალასან შაინიანი.

სოფლის მაცხოვრებლების თქმით, ამ ყველაფრის ფონზე ყოველ კვირას პროდუქტი ძვირდება. ისედაც შემოსავლის გარეშე დარჩენილებს ცხოვრება რთულ პირობებში უწევთ. ამბობენ, რომ გაძვირებული საკვები პროდუქტებიდან, მხოლოდ აუცილებელს ყიდულობენ.

მათივე თქმით, პრობლემაა სამედიცინო პუნქტის არარსებობაც. კორონავირუსის პანდემიის ფონზე, ადგილობრივი მომსახურეობა ამ ეტაპზე მათთვის მნიშვნელოვანი და საჭიროა.

ვაჩიანის მოსახლეობა ასევე უკმაყოფილოა ჯავახეთისთვის დამახასიათებელი პროდუქტის – კარტოფილის ღირებულებით. ამბობენ, რომ წელს სასოფლო–სამეურნეო კულტურას, რომელიც მათი ბოლო იმედია, საკმაოდ დაბალ ფასად ყიდიან. ამის მიზეზად ადგილობრივები მთიან ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებს ასახელებენ.

„მოგეხსენებათ ყარაბაღში რა მდგომარეობაცაა. ჩვენთან ყოველთვის მარნეულიდან მოდიოდნენ და კარტოფილი მიჰქონდათ. ახლა კი კაციშვილი არ ჩანს. ვაჭრობაც აღარ არის“ - ამბობს ადგილობრივი ნარგიზ ანახასიანი.

სოფელ ვაჩიანის მკვიდრების ნაწილი „მეცხრე არხთან“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებზეც საუბრობენ. ამბობენ, რომ ხმის მისაცემად არ წავიდნენ, რადგან მათი აზრით, ეს მაინც არაფერს შეცვლიდა.

„აზრი მაინც არ აქვს, მე არჩევნებზე წავედი თუ არა, ყველაფერი გაყალბდა, რაც მარტო ჩვენთან არ ხდება“ - ამბობს არამაის ანახასიანი.



ვაჩიანის პრობლემებზე სასაუბროდ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეს მივმართეთ. შალვა ბალახაძემ სოფლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხის – სასმელი წყლის დებეტის სიმცირის გამომწვევი მიზეზი განმარტა. მისი თქმით, სეზონური პრობლემა თავად ვაჩიანის მაცხოვრებლების ქმედების შედეგია.

“სოფელში სულ სამი ონკანია, თვითონ აღებენ და მიწების სარწყავად იყენებენ. მაგიტომ არ ჰყოფნით წყალი. ჩვენ ვერაფერს გავაკეთებთ. ხანდახან ქალაქშიც კი არ არის ხოლმე ამის გამო“
- ამბობს შალვა ბალახაძე.

რაც შეეხება ენის ბარიერს, მერის მოადგილის თქმით, ქართული ენის სწავლება არც ისე რთულია. ამისთვის ჯავახეთში არაერთი პროგრამა და სპეციალური კურსი არსებობს. მათ შორისაა 1+4 პროგრამა, რომელიც სწორედ სახლმწიფო ენის შესწავლაზეა ორიენტირებული. გარდა ამისა, ნინოწმინდასა და ახალქალაქში არსებობს დაწესებულებები, სადაც ეთნიკურად სომეხ მოსახლეობას ქართული ენის კურსებს უტარებენ.

„ვისაც სურს ქართული ენის სწავლება ის სწავლობს. ვისაც ეზარება ჩვენ ვერაფერს ვუშველით. მე რომ სომხური მჭირდებოდა ვისწავლე“ - ამბობს შალვა ბალახაძე.


2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მიხედვით, სოფელ ვაჩიანში 1 801 ადამიანი ცხოვრობს, მათგან 98.9 % ეთნიკურად სომეხია.

გამოცემულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისა და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდისა და ცენტრის პოზიციას. შესაბამისად, ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

| Print |