სოფლის ამბები
„სოფელში უმუშევრობა და შიმშილია, პატრონი არ გვყავს რომ მოგვხედოს„ - ოროჯოლარის მაცხოვრებლები
ოროჯოლარი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სათხის თემის სოფელია. ზღვის დონიდან 1 880 მეტრზე მდებარეობს და ქალაქ ნინოწმინდიდან ხუთი კოლომეტრით არის დაშორებული. ადგილობრივების პრობლემების ჩამონათვალს ბოლო არ უჩანს.
სოფლის მოსახლეობას თუ მთავარ პრობლემაზე ჰკითხავთ, ერთხმად გზის, სასმელი წყლისა და ტრანსპორტის არქონას, ზამთარში დიდთოვლობას, საზღვრების ჩაკეტვას და უმუშევრობას დაასახელებენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ ოროჯოლარში 400-მდე კომლი ცხოვრობდა, ამჟმად კი 200-მდეა დარჩენილი. მოსახლეობის განახევრების და მიგრაციის მიზეზად ადგილობრივები ქვეყანაში არსებულ უმუშევრობასა და ეკონომიკურ კრიზისს ასახელებენ.

„სად არის სამუშაო? სად არის „ფირმები“, სადაც მოსახლეობას მუშაობის შესაძლებლობა ექნება. მარტო ბაზრობები და მაღაზიებია, რაც ყოველდღიურად ძვირდება. ხალხმა როგორ ირჩინოს თავი? კარტოფილს ვთესავთ, ეგეც კაპიკები ღირს“, - ამბობს ადგილობრივი სამველ თაზაიანი.

ადგილობრივების თქმით, მათი ძირითადი შემოსავალი რუსეთში სეზონურ სამუშაოებზე გამომუშავებული ფულია, თუმცა წელს საზღვრების ჩაკეტვის გამო, მოსახელობა უმუშევრად და შესაბამისად, შემოსავლის გარეშე დარჩა. ადგილობრივები ფიქრობენ, რომ თუ რთული ეპიდვითარება მომავალ წელსაც გაგაძელდება, მოსახლეობის 90% იშიმშილებს.

„ვერ ხედავთ რა საცოდავ დღეში ვართ? ფული „ციდან ჩვენს თავებზე ცვივა“, - ამბობს კარეგინ თაზოაინი.

„ ხალხი „ხოფანზე“ (სეზონურ სამუშაოზე) ვერ მიდის, აქაც ცხოვრება შეუძლებელია, ყველაფერი გაძვირდა, შემოსავალი არ გვაქვს, რომ ოჯახები ვარჩინოთ. მთავრობისადმი ჩვენი თხოვნა იქნება, თუ არ გვეხმარება, ხელიც არ შეგვიშალოს და პროდუქტებიც არ გააძვიროს“, - ამბობს ადგილობრივი არამ თაზაიანი.

სოფელების - სათხისა და ოროჯოლარის დამაკავშირებელი ცენტრალური გზა ამორტიზებულია. ავტომობილებს გადაადგილება განსაკუთრებით, ზამთარში უჭირთ. სოფლის მოსახლეობა ამბობს, რომ ნინოწმინდიდან მომავალ გზას რეაბილიტაცია ჩაუტარეს, ეს მონაკვეთი კი შესაკეთებელი დარჩა.
გარდა ამისა, მაღალმთიან სოფელში დიდთოვლობა იცის. მოსახლეობის თქმით, აქვთ შემთხვევები, რომ გზა არ იწმინდება და რამდენიმე დღე ცენტრს მოწყვეტილები არიან.

„მთავრობის მხრიდან ტრაქტორით დახმარება გზების გახსნასთან დაკავშირებით, ჯერ არ გვინახავს“ - ამბობს კარეგინ თაზაიანი.

მოსახლეობა ტრანსპორტის არქონაზეც ჩივის. სოფლიდან ნინოწმინდაში სამარშრუტო ტაქსი არ დადის. ამიტომ ვისაც კერძო მანქანა არ ჰყავს, იძულებულია სოფლიდან ქალაქამდე ფეხით გადაადგილდეს.

ოროჯოლარის მოსახლეობის პრობლემები ინფრასტრუქტურით არ სრულდება. სერგეი თაზაიანი ერთ-ერთია, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობა 2012 წელს დაკარგა. ამბობს, რომ მისი აღდგენა დღემდე ვერ შეძლო.
„მე მინდა ადამიანები შევკრიბო, რომ მთავრობას ერთობლივად ვთხოთ გამოცდის პირობები შეარბილოს, რათა შეგვეძლოს მოქალაქეობის აღდგენა“, - ამბობს სერგეი.



სოფელში მერის წარმომადგენელი ანდრანიკ წარუკიანია. ოროჯოლარის მოსახლეობას რომ უჭირს, ამას არ უარყოფს. გვიხსნის, რომ გზის რეაბილიტაციის პროცესი შემოდგომით, პანდემიის გამო შეჩერდა.

„წყლის პრობლემა არა მარტო ოროჯალარში, არამედ მეზობელ ოთხ სოფელშია. საღამოდან სათხამდე უნდა გადმოგვეყვანა მილებით, თუმცა ზამთარი მოგვიახლოვდა, ამიტომ გაზაფხულზე დავასრულებთ“ანდრანიკ წარუკიანი ამბობს, რომ ადგილობრივების პრობლემების შესახებ მოსახლეობამ თვითმმართველობას წერილობით მიმართა და მერიას თავადაც არაერთხელ შეატყობინა, თუმცა მძიმე ეკონომიკური კრიზისის ფონზე, ადგილობრივ ხელისუფლებას შესაძლებლობა არ აქვს, ყველა საკითხი ერთდროულად გადაჭრას.

„წყლისა და გზის სამუშაოები გაზაფხულზე კვლავ აღდგება. მე და ჩემმა ვაჟმა შევიძინეთ ლეიბები, ხელთათმანები და სხვა სახის სპორტული ინვენტარი, რათა ახალგაზრდობა უსაქმურად არ იყოს და რაიმეთი დაკავდეს “, - ამბობს ანდრანიკ წარუკიანი.




2002 წელს სოფელ ოროჯოლარის მოსახლეობა 1 406 კაცს შეადგენდა, 2014 წლის საყოველთაო აღწერის მიხედვით კი 763 ადამიანს. სოფელში ამბობენ, რომ მოსახლეობის მკვეთრი კლება, ემიგრაციამ განაპირობა, რომლის მიზეზიც ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა და უმუშევრობაა.

გამოცემულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისა და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდისა და ცენტრის პოზიციას. შესაბამისად, ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.


| Print |