სოფლის ამბები
სოფელში ქალის შრომას ფასი არ აქვს - ორალის მოსახლეობა
ავარიული, ძველი სახლები, მოხუცების ამარა დარჩენილი სოფელი, ქალების მძიმე შრომა და საზღვარგარეთ სამუშაოს საძიებლად წასული კაცები - ეს ორალის რეალობაა. სოფელი ახალციხიდან 14 კმ-ში მდებარეობს. ორალის მძიმე ყოფა, პანდემიამ კიდევ უფრო გააუარესა.

პირუტყვის მოვლა-პატრონობა, დღის სამყოფი შეშის მომარაგება, ცეცხლის ანთება და საოჯახო საქმეები სოფლის სხვა ქალების მსგავსად ამალია კოშტიანის ყოველდღიურობაა. წლების განმავლობაში საქართველოში მარტოდდარჩენილი ქალებისთვის სხვაგვარი რუტინა უკვე წარმოუდგენელია. COVID19-მა კი მათ ცხოვრებაშიც ბევრი რამ შეცვალა. ორალში ყველაზე მეტად საყოფაცხოვრებო პირობების არქონის გამო ჩივიან.

,,ხალხი სასმელ წყალს წყაროდან ეზიდება, იქაც ძალიან ცოტა მოდის. მოხუცებმა რა ვქნათ, ვისაც ფეხით სიარული გვიჭირს? იქნებ წყლის პრობლემა მაინც მოაგვარონ“ - ამბობს 68 წლის ნატალია მალხასიანი.
სასმელი წყლის გარდა, ადგილობრივები სამედიცინო პუნქტისა და საბავშვო ბაღის არქონის გამოც წუხან. ორალში ამბობენ, რომ სასწრაფო დახმარება მათთან, უკეთეს შემთხვევაში დაახლოებით ერთი საათის დაგვიანებით მიდის.

,,მე და ჩემი მეუღლე ხშირად ვხდებით ავად. ასაკოვანი ხალხი ვართ, მედპუნქტი რომ არ არის, სასწრაფოს გამოძახება გვიწევს, მაგრამ სანამ ისინი მოაღწევენ, ყველაფერი დასრულებულია. ვისაც მანქანა ჰყავს პირდაპირ საავადმყოფოში მიდის, დანარჩენები ღვთის იმედად ვართ. ერთი მედპუნქტი რა გახდა ჩვენი სოფლისთვის?“ - ამბობს დშხუჰი მანუკიანი. მისივე თქმით, tv9news.ge პირველი მედიაა, რომელიც ,,ჩვენი გაჭირვებით დაინტერესდა“.

„პანდემიამდე ჩემი შვილიშვილი მეზობელ სოფელ პამაჯის საბავშვო ბაღში დამყავდა, ახლა კი სახლებში ჩავიკეტეთ. ხომ შეიძლება ერთი საბავშვო ბაღი აქაც გაიხსნას, ყველას ხომ არ შეუძლია ბავშვის ტარება სხვა სოფლებში“ - ამბობს ამალია კოშტოიანი.


საბავშვო ბაღის გარდა, ორალში სკოლის შენობის რემონტსაც ითხოვენ. სოფელში ამბობენ, რომ ორსართულიანი შენობა, სადაც ბავშვები მხოლოდ დაწყებით განათლებას იღებენ, ნგრევის პირასაა.

ადგილობრივ ხელისუფლებაში განმარტავენ, რომ სოფელში არსებული პრობლემების შესახებ, ინფორმაციას პერიოდულად იღებენ. რაც შეეხება სასმელ წყალს, ახალციხის მერის მოადგილე მელიორაციის სამსახურზე დაყრდნობით აცხადებს, რომ სოფელში წყლის პრობლემა არ დგას.
,,ის ფაქტი, რომ ორალში სასმელი წყლის პრობლემა აწუხებთ - არარეალურია, რადგან ყოველთვის ვაკონტროლებთ პროცესს და ვიცით, რომ ამ ტიპის სოფლებს წყაროებიდან წყალი 24 საათის განმავლობაში მიეწოდებათ. გარდა ამისა, ხშირად ვურთიერთობთ მოსახლეობასთან. შეიძლება ერთ ან ორ კონკრეტულ პიროვნებას აქვს პრობლემა, მაგრამ არა მთელ სოფელს, თუმცა ასეთის არსებობის შემთხვევაშიც, მივალთ მათთან და დავეხმარებით“ - განუცხადა მეცხრე არხს რუბენ კარაპეტიანმა.

რაც შეეხება დაზიანებული და ნგრევის პირას მყოფი სკოლის შენობის საკითხს, მერის მოადგილე აღნიშნავს, რომ ობიექტი განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაშია, რის გამოც ახალციხის მერია შენობის რეაბილიტაციას ვერ დაიწყებს. რუბენ კარაპეტიანი იმასაც აცხადებს, რომ მოსახლეობის სიმცირის გამო საბავშვო ბაღითა და სამედიცინო პუნქტით მომსახურება მხოლოდ მეზობელ სოფელშია შესაძლებელი.


ორალი ზღვის დონიდან 1 320 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს, მოსახელობა თავს ძირითადად მეკარტოფილეობით და მესაქონლებით ირჩენს. 2002 წლის მოსახლეობის აღწერის მონაცემებით, ორალში 324 ადამიანი ცხოვრობდა, 2014 წელს კი 237 გახდა. ემიგრაციის მიზეზად ადგილობრივები დაუსაქმებლობას ასახელებენ.

მომზადებულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისა, და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდისა და ცენტრის პოზიციას. შესაბამისად, ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
| Print |