სოფელი, სადაც კორონავირუსზე მეტად, სიღარიბე აშინებთ
17:24 / 13.04.2021
გაზის, წყლის, გზისა და მოსავლის რეალიზაციის პრობლემა, სახელმწიფო ენის არცოდნა, უმუშევრობა და შემოსავლის გარეშე დარჩენილი მოსახლეობა, კოვიდ19-ის გამო დაწესებული რეგულაციები და პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი - დადეშის მოსახლეობა პრობლემების მოგვარების გზას მხოლოდ რუსეთში ხედავს. ახალქალაქიდან 23 კმ-ით დაშორებულ სოფელში ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ.
გრიგორ საროიანი ოჯახს რუსეთში მუშაობით არჩენდა. COVID19-ის გამო, მეორე წელია საქართველოში უწევს ყოფნა. მიუხედავად იმისა, რომ კარგი მოსავალი მიიღო, მისი სოციალური მდგომარეობა მაინც გაუარესდა. მოწეული კარტოფილის მხოლოდ მცირე ნაწილი გაყიდა, ისიც თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასად, ნაწილი საქონელს აჭამა, დანარჩენი კი გაუფუჭდა და გადაყარა.
,,წელს უკვე აღარ ვიცი რა აჯობებს, ხვნა-თესვას ცალკე ფული უნდა, მისი მოვლა-პატრონობა ცალკე ხარჯია, თუ ვერ გავყიდე, რისთვის ვიწვალო? ან რა სახსრებით დავთესო? ბანკსაც რომ მივმართო, რითი გადავიხადო, თუ აღებულ მოსავალს ვერ გავყიდი?“ - კითხულობს გრიგორ საროიანი.
საროიანის მსგავსად, სოფელში შექმნილ რთულ ვითარებაზე საუბრობს სოსო სიმონიანი. ამბობს, რომ 21-ე საუკუნეში ბუნებრივ აირსა და ნორმალურ საავტომობილო გზას მოსახლეობა წლებია ითხოვს. ადგილობრივები წინასაარჩევნოდ ამის პირობას ყოველთვის იღებენ, თუმცა არჩევნების შემდეგ დაპირება დაპირებად რჩება.
,,სოფელში ყველა პრობლემა გვაქვს, რაც კი არსებობს. თქვენ თვითონ ხომ ნახეთ გზა რა დღეშია. სად გვყავს პრობლემის მომგვარებელი, ბევრჯერ მივმართეთ მერიას, მაგრამ პასუხიც კი არ გაუციათ“, - ამბობს მარტინ მანუკუანი.
,,არც სამედიცინო პუნქტი გვაქვს, არც სასმელი წყალი. წვიმის დროს წყალი იმღვრევა, ათასი რამ მოყვება. თებერვალში ბავშვები ცუდად გახდნენ, მოწამლულები იყვნენ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ წყლის ბრალი იყო. მარტო ამ სოფელს კი არა, მთელ რეგიონს უჭირს“, - ჩივის სოსო სიმონიანი.
არსებული პრობლემების მიუხედავად, სოფელში ფიქრობენ, რომ სახელმწიფო ენის შესწავლა, მათ სოციალურ მდგომარეობას გააუმჯობესებს. სწორედ ამიტომ, დადეშის საჯარო სკოლამ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ქართული ენის მასწავლებლის მივლინება სთხოვა. ცირა მამაცაშვილი დადეშელებს სახელმწიფო ენას 2013 წლიდან ასწავლის. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ჯავახეთში მივლინებული პედაგოგი სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესის გაუმჯობესებას პირადი ურთიერთობითაც ცდილობს. ხელისუფლებას კი დადეშელებისთვის ყოფითი პირობების მოგვარებას სთხოვს.
,,ძალიან შრომისმოყვარე და კარგი ხალხია, თუმცა პანდემიის გამო განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში აღმოჩდნენ. უმრავლესობა სოფლიდან გასვლით ცდილობს ოჯახის რჩენას. რაც მეტად შეუწყობენ გლეხს ხელს, მით უფრო ნაკლებად ისურვებენ სხვა ქვეყანაში სამუშაოდ წასვლას. ასეთი მდიდარი მიწა, როგორიც ჯავახეთშია არ უნდა დარჩეს უპატრონოდ“, - ამბობს ცირა მამაცაშვილი.
ცირა მამაცაშვილის მსგავსად, მოსახლეობის მიგრაციაზე ადგილობრივებიც ამახვილებენ ყურადღებას. გრიგორ საროიანის თქმით, სოფელში ხალხი მხოლოდ ზამთარშია, „ზაფხულში სახლები ძირითადად, დაკეტილია, რადგან ახალგაზრდები სამუშაოდ რუსეთში მიდიან“.
სოფლის პრობლემების შესახებ, ახალქალაქის მერიას ედგარ თუმასიანი ინფორმაციას ხშირად აწვდის. თუმცა მერის წარმომადგენელი დადეშში ამბობს, რომ ამ დრომდე არც ერთი საკითხი გადაჭრილა.
„,საზღვრები მაინც რომ გაიხსნას და ხალხმა რუსეთში წასვლა შეძლოს, ასეთ მძიმე მდგომარეობაში აღარ იქნებიან“, - ფიქრობს ედგარ თუმასიანი.
წარმომადგენლისგან განსხვავებით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერი ამბობს, რომ მოსახლეობას სასმელი წყლის პრობლემა არ აქვს. მიუხედავად ამისა, წელს სულდა-დადეშის მონაკვეთზე წყლის ახალი რეზერვუარის დადგმა მაინც იგეგმება, რაც დებეტს გაზრდის. რაც შეეხება სარწყავ წყალს, ამბობს, რომ აღნიშნული საკითხი სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრეროგატივაა. ასევე არ იგეგმება გზისა და ბუნებრივი აირის პრობლემის გადაჭრა.
,,ახალქალაქში 64-დან მხოლოდ 20 სოფელია, სადაც გაზი არ აქვთ, ჩვენ თხოვნით მივმართეთ სამინისტროს, რომ ამ პრობლემის მოსაგვარებლად თანხები გამოყოს. გზის მოასფალტება წელს არ იგეგმება, ორი დღის წინ რწმუნებულთან ვისაუბრეთ და გრეიდერით გზა მოიხრეშება. ერთდროულად ყველაფერი ვერ გაკეთდება“.
იური უნანიანის განცხადებით, მოსავლის რეალიზაციის პრობლემა არა მარტო დადეშში, არამედ ჯავახეთის ყველა სოფელში დგას.
,,ამბობენ, რომ თბილისის ბაზარში 30-40 თეთრად იყიდება კარტოფილი, რაც იმას ნიშნავს, რომ წაღებას აზრი არ აქვს. ცოტა ხნის წინ ყაზახეთიდან ჩამოვიდნენ და 70 ტონამდე კარტოფილი იყიდეს, ასე თუ გაგრძელდება, ძალიან კარგი იქნება. თუმცა ეს საკითხი ბაზარმა უნდა დაარეგულიროს“, - მიაჩნია იური უნანიანს.
დადეში ზღვის დონიდან 1800 მეტრზე მდებარეობს. სოფელში 170 კომლი ცხოვრობს. შექმნილი ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, ადგილობრივები COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრას არ აპირებენ. განსაკუთრებით მას შემდეგ, როცა ახალციხელი მედდა გარდაიცვალა. მომზადებულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისა, და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდისა და ცენტრის პოზიციას. შესაბამისად, ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.