სოფლის ამბები
სოფელი კლდე - სახელის მნიშვნელობა და თქმულება თამარ მეფეზე
სოფელი კლდე ახალციხის ქვაბულში, ზღვის დონიდან 1020 მეტრზე მდებარეობს. ახალციხიდან 9 კილომეტრითაა დაშორებული. ალბათ დიდი მსჯელობა არ სჭირდება იმ საკითხს, თუ რატომ უწოდეს თავის დროზე, მაღალი კლდეებით გარშემორტყმულ სოფელს ეს სახელი.
სოფელში მდებარეობს მოქმედი მართლმადიდებლური ტაძარი. წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია 2007 წელს აშენდა. ტაძრის წინამძღვარი წირვა-ლოცვას ყოველ კვირა დღეს და დიდ დღესასწაულებზე აღავლენს. არქიმანდრიტი ლუკა ამ ადგილზე მონასტრული ცხოვრების დაფუძნებას გეგმავს.
სოფელში დღეისათვის ძირითადად იმერეთიდან გადმოსახლებული მოსახლეობა ცხოვრობს. მანამდე აქ გამაჰმადიანებული მესხები ცხოვრობდნენ. მუსლიმების ნასახლარები სოფელში არაერთ ადგილზეა შემორჩენილი. დროთა განმავლობაში ზოგი დაინგრა, ზოგს კი ზევიდან კი ახალი საცხოვრებელი დააშენეს.
აბორიგენული მოსახლეობის გამაჰმადიანებაზე მეტყველებს სოფლის ცენტრში მდებარე სალოცავი. არსებობს გადმოცემა, რომ ეს ჯამე თავდაპირველად 11-12-ე საუკუნეებში აგებული ეკლესია იყო. სოფლის მოსახლეობის გამუსლიმების შემდეგ კი ჯამედ გადაუკეთებიათ. საბჭოთა კავშირის პერიოდში სალოცავი კოლმეურნეობის საწყობად აქციეს ჯამეს 2012 წელს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.სოფელში მოზარდებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილია ე.წ. “მეფის ნატახტარი”. ადგილობრივებში არსებობს თქმულება, რომ სოფლის ერთ-ერთ ყველაზე შემაღლებულ ადგილზე თამარ მეფე იყო დაბანაკებული. ისტორიული წყაროებით ეს მოსაზრება არ დასტურდება, თუმცა, აქედან ახალციხე და მიმდებარე სოფლები ხელისგულივით მოჩანს. ამიტომ სოფლის ახალგაზრდებისთვის “მეფის ნატახტარი” აუცილებლად დასალაშქრი ადგილია.ადგილობრივი მოსახლეობა ძირითადად მიწათმოქმედებითა და მესაქონლეობითაა დაკავებული. კლდიელების უმრავლესობა თავს სწორედ საკუთარი შრომით მოყვანილი პროდუქტის რეალიზებითა და რძის პროდუქტების წარმოებით ირჩენს.
2014 წლის საყოველთაო აღწერის მიხედვით, სოფელ კლდეში 768 ადამიანი ირიცხებოდა. აქედან 388 მამაკაცი, 380 კი ქალი.
გააზიარეთ :