სოფლის ამბები
მიქელწმინდა - სოფელი 16 ოჯახით და ამობრუნებული ეკლესიის ისტორიით
ახალციხიდან ხუთ კილომეტრში მდებარეობს სოფელი, სადაც მხოლოდ 16 ოჯახი ცხოვრობს. მათ შორის სამი ბერძნულია, ორი ქართული და 11 სომხური.
სოფელი მიქელწმინდა წყრუთის თემში მდებარეობს. მისი სახელწოდება სოფელში არსებულ წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიას უკავშირდება, რომელიც ადგილობრივი ბერძნების მიერ XIX საუკუნეშია აგებული. ტაძარი დღეს ავარიულია და სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას საჭიროებს.უხუცესები იხსენებენ, რომ მეოცე საუკუნის დასაწყისში წმინდა მიქაელის სახელობის ეკლესია დანგრეული და გადამწვარი ყოფილა. მისი აღდგენა ადგილობრივმა ევა გერასიმიდმა სცადა. მიქელწმინდისა და მიმდებარე სოფლების მოსახლეობისგან თანხა ააგროვა და სოფელმა ტაძარი გადახურა.
მიქელწმინდაში ასევე მდებარეობს კიდევ ერთი სალოცავი ადგილი, რომელიც „ანალიპსის“, პატარა გორაკის სახელითაა ცნობილი. ,,ანალიპსი" ბერძნული სიტყვაა და ქართულად საფრთხისგან გაყვანას, გარიდებას ნიშნავს.
მიქელწმინდელები ამ ადგილზე ამობრუნებული ეკლესიის ისტორიას ყვებიან: მტრის შემოსევის დროს სოფელში მყოფი ქალები და ბავშვები მღვდელს შეუკრიბავს და ტაძარში დაუმალავს. როდესაც ეკლესიას მტრის ჯარები მიახლოებიან, მას მხურვალე ლოცვა დაუწყია. მღვდელი ღმერთს ევედრებოდა, რომ თუ მის მიერ დამალული ადგილობრივები მტერს უნდა ეწამებინა, მაშინ ჯობდა ეკლესია ამობრუნებულიყო და მრევლთან ერთად თან ჩაეტანა. ასეც მოხდა. ტაძარმა თითქოს დაიქუხა, ამობრუნდა და ყველა მის ქვეშ მოიყოლა.ადგილობრივებს დღემდე სჯერათ, რომ მღვდელი თანასოფლელ ქალებთან და ბავშვებთან ერთად, დღესაც ნანგრევების ქვეშ განისვენებს. რაღაც პერიოდის შემდეგ ეკლესიის ძირზე ნაპრალი გაჩნდა, საიდანაც ჯვრები და ხატები გადმოაბრძანეს.
ეკლესიის ძირში წყალი გამოდიოდა, რომელსაც ადგილობრივები თვალის წყალს ეძახდნენ. რწმენით მიღების შემდეგ, ადამიანები თვალის დაავადებებისგან იკურნებოდნენ. ეკლესიის ამობრუნების შემდეგ წყალიც დაშრა.
სოფელი მიქელწმინდა გასაოცარი თქმულებებით დღეს მიგრაციის ზღვარზეა. 40-მდე მკვიდრიდან უმეტესობა ხანდაზმულია. ზღვის დონიდან 1250 მეტრზე მდებარე სოფელს, ცხოვრებისთვის საჭირო ელემენტარული პირობების არარსებობის გამო, ახალგაზრდები ტოვებენ.
ასევე ნახეთ:
სოფელი კლდე - სახელის მნიშვნელობა და თქმულება თამარ მეფეზე
გააზიარეთ :