სოფლის ამბები
ტაბაწყური - სოფელი გამოუყენებელი პოტენციალით
ტაბაწყური სამხრეთ საქართველოში, ზღვის დონიდან დაახლოებით 2000 მეტრზე მდებარეობს. სოფელი ამავე სახელწოდების ტბით არის ცნობილი. ტბა და ტბაში შეჭრილი ტაბაწყური ბორჯომის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის და ახალქალაქის ზონას ესაზღვრება.

სუსანა აკოფიანი 46 წელია ორი სოფლის - ტაბაწყურისა და მოლითის მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნავს. სოფლის ექთანი 1000-ზე მეტი ადამიანის იმედია. თეთრი ხალათი ძალიან უყვარს, თუმცა სამსახურისთვის თავის დანებებაზე ფიქრს ზამთარში იწყებს. მაშინ როცა, დიდთოვლობის გამო სოფლები თვეობით იკეტება და ტაბაწყურიდან მოლითში ხშირად პაციენტებამდე მისასვლელად, რამდენიმე კილომეტრის გავლა ფეხით უწევს. ,,მთავარია იყოს გზა“ - ამბობს სუსანა აკოფიანი, რომელიც მიიჩნევს, რომ ნორმალური გზა ტაბაწყურს ტურიზმის განვითარებაშიც დაეხმარება.

„სოფელში რამდენიმე საოჯახო სასტუმროა, რომელსაც შეუძლია ვიზიტორები მიიღოს. ხალხი ძალიან კმაყოფილი მიდის აქედან. ჩვენც დავრჩებით კმაყოფილები, თუ ბევრი ჩამოვა. ამისთვის კი პირველ რიგში, საჭიროა ნორმალური გზა. ტაბაწყურში ჩამოსულ ტურისტებს ყველაფერი მოსწონთ, მაგრამ ყველა ამბობს, რომ გზა არ ვარგა“ - ამბობს სუსანა აკოფიანი.

სოფელში დაახლოებით 870 ადამიანი ცხოვრობს, მათი აბსოლუტური უმრავლესობა ეთნიკურად სომეხია. ისინი თავს ძირითადად მეკარტოფილეობით, მესაქონლეობითა და თევზჭერით ირჩენენ. ტაბაწყურში ბოლო პერიოდში სოფლის მეურნეობით თავის რჩენა გაჭირდა. ,,ქვეყანაში გაძვირდა ყველაფერი სოფლის პროდუქტების გარდა“ - ჩივიან ტაბაწყურში.

სოფელი, სადაც ზამთარი სამ თვეზე ბევრად ხანგრძლივია, დიდთოვლობის გამო, სამყაროს თვეობით წყდება. მოუწესრიგებელი საგზაო ინფრასტრუქტურა ტაბაწყურში ტურიზმის განვითარებას მნიშვნელოვნად აფერხებს. ვიზიტორებისთვის საინტერესო სოფელში, ინფრასტრუქტურა არ არსებობს. ადგილობრივები ფიქრობენ, რომ თუ სახელმწიფო ტურისტებისთვის საინტერესო პროექტებს განახორციელებს, მოსახლეობას შემოსავლის ახალი წყარო გაუჩნდება.სოფელში ამბულატორია გასულ წელს გაკეთდა. თუმცა, ამ დრომდე პრობლემად რჩება საბავშვო ბაღის უქონლობა. ადგილობრივები ხელისუფლებისგან დასაქმებას ითხოვენ. უმუშევრობის გამო ტაბაწყურს ყოველწლიურად სულ უფრო მეტი ახალგაზრდა ტოვებს. მოსახლეობა სამუშაოდ ძირითადად რუსეთში მიდის.

„საზღვარგარეთ მიდიან, იმიტომ რომ აქ არ არის სამუშაო. ახლა ბილეთები ძალიან ძვირია. 40 000 რუბლი ღირს სომხეთიდან მოსკოვში რომ წახვიდე. 1000 ლარზე მეტი გამოდის“, - აღნიშნავს როლანდ ოვაკიამიანი.

ბორჯომის მერის წარმომადგენელი ტაბაწყურის თემში რაშიდ ხაჩატურიანი არ უარყოფს, რომ სოფელში უმუშევრობის პრობლემაა. თუმცა მაინც მიიჩნევს, რომ ადგილობრივები ,,ნორმალურად“ ცხოვრობენ. მისი თქმით, სახელმწიფოს მხრიდან რაც შეიძლება ამ ეტაპზე გაკეთდეს, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მხარდაჭერაა.

„დღეს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემები ავიღე და დასაქმდებიან ეს ოჯახები. დანარჩენი მოსახლეობა ნორმალურად ცხოვრობს“, - აცხადებს რაშიდ ხაჩატურიანი.მერის წარმომადგენლის თქმით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამით შესასრულებელ პროექტებს მოსახლეობა თავად არჩევს. საბავშვო ბაღის მშენებლობა კი მოსახლეობისთვის წელს პრიორიტეტი არ არის. მათ არჩევანი სოფლის სასაფლაოს შემოღობვასა და რიტუალების სახლის შორის უნდა გააკეთონ.

რაც შეეხება საგზაო ინფრასტრუქტურას, ხაჩატურიანი ამბობს, რომ ორ კილომეტრიანი გზის მშენებლობისთვის ტენდერი გამოცხადებულია. სოფლამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია წელს დასრულდება.

„ძალიან ცოტა დარჩება და მაგასაც მომავალ წელს გავაკეთებთ. დაგეგმილია უკვე. მთავარია გზა გაკეთდეს და მერე ყველაფერი იქნება“, - აღნიშნავს მერის წარმომადგენელი.გზის მოწესრიგება, ტურიზმის განვითარება, საოჯახო სასტუმროების გაზრდა - ეს ის საკითხებია, რომლის მოგვარების შემთხვევაშიც ადგილობრივების აზრით, ახალგაზრდების მიგრაცია შემცირდება და მათი შემოსავლები გაუმჯობესდება.
| Print |