სოფელი - გახშირებული მიწისძვრებითა და მომრავლებული ქვეწარმავლებით
00:14 / 10.06.2022
საზღვრისპირა სოფელი სამება ნინოწმინდიდან დაახლოებით, 25 კმ-ში მდებარეობს. უგზოობა, უწყლობა, გახშირებული მიწისძვრები და გველების სიმრავლე - ეს მცირე ჩამონათვალია იმ პრობლემების, რომელზეც ადგილობრივები საუბრობენ. შერეულ სოფელში, ქართველებითა და სომხებით დასახლებული 20-მდე ოჯახი ცხოვრობს. მათ შორისაა დუხობორების მხოლოდ ერთი ოჯახი, რომელიც სამებას ამ დრომდე შემორჩა. სოფელი საზოგადოებამ თავდაპირველად გახშირებული მიწისძვრებით გაიცნო. ადგილობრივებს საცხოვრებელი სახლების კედლები დაებზარათ, მათი სოციალური ყოფა გაუარესდა, "ზანზარსაც მიეჩვივნენ“, მაგრამ დახმარებას დღემდე ელოდებიან.
"ამ ზანზარსაც უკვე შევეგუეთ... კვირაში ერთხელ მაინც გამოწერილი გვაქვს. შუაღამიდან მიწისძვრას სულ ველოდებით. ნახეთ, სახლები რას დაემსგავსა. ყველა კედელი დაიბზარა“, - ამბობს ვალერი ხანჩალიანი.
ვალერი 40 წელზე მეტია სამებაში ცხოვრობს. სოფელში პოლიტიკოსებისგან მიღებული დაპირებები ბევრი ახსოვთ, შესრულება - ცოტა. ერთ-ერთ მთავარ პრობლემად, ადგილობრივები, ბოლო პერიოდში გახშირებულ მიწისძვრებს მიიჩნევენ. ბიძგები დამანგრეველი არ არის, თუმცა სტრესულია.
,,ბოლო ერთ წელიწადში 60-ზე მეტი მიწისძვრა იყო, როგორმა ნაშენმა სახლმა უნდა გაუძლოს, ან რომელმა ადამიანმა. დაზიანებული სახლების აღდგენაზე არც ადგილობრივი და არც ცენტრალური ხელისუფლებიდან არავის უზრუნია. არადა, სახლების საყრდენი კედლები დაბზარულია და არავინ იცის, გაუძლებს თუ არა კიდევ ერთ ძლიერ ბიძგს “.
სამება მადათაფის ტბასთან ახლოს მდებარეობს. ტერიტორია, ზაფხულში, გადამფრენი ფრინველებითაა სავსე და ტურისტებისთვის მიმზიდველი ადგილია. ზამთარში თოვლის სიმაღლე აქ ნახევარ მეტრს აღწევს. ტბასთან ახლოს მდებარეობა სოფლისთვის პრობლემურიც აღმოჩნდა. პანდემიის დასრულების მიუხედავად, სკოლის მოსწავლეებს აპრილის თვიდან კვლავ დისტანციურ რეჟიმზე მოუწიათ გადასვლა. მიზეზი - ტემპერატურის მატებასთან ერთად ძველ შენობაში მომრავლებული ქვეწარმავალი გახდა. ადგილობრივები ჰყვებიან, რომ გველები სკოლაში დათბობისთანავე, ბოლო ათი წელია სისტემატურად ჩნდებიან. თუმცა წელს ქვეწარმავალი განსაკუთრებით მომრავლდა.
"სკოლა ყოველ წელს იწამლება, მაგრამ მას ერთჯერადი ეფექტი აქვს, ამიტომ უნდა მოხდეს ძირფესვიანი გამოკვლევა. მოვიდნენ სპეციალისტები, წაიყვანეს (გველები) ლაბორატორიაში და გაარკვევენ რა სახეობის არიან და რამდენად საფრთხის შემცველნი. წლებია ამ პრობლემის წინაშე ვდგავართ, ყოველთვის ვწამლავდით და ვაკვირდებოდით ეფექტს. შარშან იყვნენ ჩამოსული ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევრები, ჩვენთან დაცული ტერიტორია რომ არის, ის დაათვალიერეს და ჩვენთანაც შემოვიდნენ, გვითხრეს, არ არიან შხამიანებიო, ხელითაც აიყვანეს, მაგრამ რა ვიცით, რომ რამდენიმე უშხამოში შხამიანიც არ იქნება?" - კითხულობს სკოლის დირექტორი მზექალა მინაძე. ,,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევრებმა, შარშან გვითხრეს, რომ ზამთარში ტბის მთლიანი გაყინვის გამო, გველები სკოლის სარდაფში იბუდებენო. ისიც გვითხრეს, ძირითადად შხამიანები არ არიანო, მაგრამ დაზღვეული ვინ არის? გვეუბნებიან, რომ სამი წლის განმავლობაში აღარ შეგვაწუხებენ, მაგრამ ამისიც აღარ მჯერა“, - ამბობს სამების მკვიდრი თეონა ნათენაძე.
ცენტრალური საავტომობილო გზიდან დაახლოებით, ხუთ კმ-ში მდებარე სოფელი უგზოობასა და უწყლობაზეც ჩივის. სამებაში არ ფუნქციონირებს საბავშვო ბაღი, მედპუნქტი და სტადიონი. გულნაზი ჩილინგარაშვილი სამებაში წლების წინ გათხოვდა. ამბობს, რომ სოფელს არ აქვს სარწყავი წყალი, სასმელად კი "დაბინძურებული წყალი მოდის, ნალექს იკიდებს და ჯანმრთელობისთვის საზიანოა. მიწისძვრებმა საერთოდ ბოლო მოგვიღო, ახალი გარემონტებული სახლი მაქვს და უკვე სულ დამისკდა კედლები. სოფლის გაზიფიცირება და გზის მოწესრიგება გვინდოდა, მაგრამ გვითხრეს ბიუჯეტი არ ეყოფაო".
ადგილობრივების პრობლემებს კარგად იცნობენ ნინოწმინდის მერიაში. მუნიციპალიტეტის მერის თქმით, სამება დუხობორების მიერ აშენდა და შესაბამისად, საცხოვრებელი სახლების შენობებიც ძველია. დუხობორების მიერ გაშენებული სოფლები ხალხისგან იცლება. 2014 წლის საყოველთაო აღწერის მიხედვით სამებაში 60-მდე ადამიანი ცხოვრობს. მათი რიცხვი ყოველწლიურად მცირდება.
,,მათ სახლებში ამჟამინდელი მოსახლეობა დაახლოებით, 15-20 წლის წინ შევიდა. მიწისძვრებმაც დააზიანა კედლები, მაგრამ სიძველემაც თავისი ქნა. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გაზიფიცირება ვერ მოხდება, რადგან ეს პრიორიტეტებში არ შედის, შედგენილი ოქმების მიხედვით, მოსახლეობა ითხოვს სასმელი წყლის სისტემის მოწყობას, შესაბამისად, წელს ეს საკითხი მოწესრიგდება, რაც შეეხება ნინოწმინდის მუნიციპალიტეტს, წელს სამებამდე მისასვლელი გზის მოხრეშვა იგეგმება", - განმარტავს ნინოწმინდის მერი ანივარდ მოსოიანი.
სოფელი სამება სეისმურად აქტიურ ზონაშია. დასახლება ვულკანური წარმოშობის ჯავახეთის ქედთან ყველაზე ახლოს მდებარეობს. სპეციალისტების შეფასებით, სწორედ ამიტომ, გახშირებული მიწისძვრები ახლა ნამდვილად საყურადღებოა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.