სოფლის ამბები
წინუბანი - სოფელი, რომელიც ახალგაზრდებისგან იცლება
„საქმე ბევრია, მუშახელი ცოტა“, - ამბობენ წინუბანში. სომეხი მოსახლეობით დასახლებულ ახალციხის სოფელში ძირითადად, მოხუცები ცხოვრობენ. წინუბანში ამბობენ, რომ ახალგაზრდები უმუშევრობას და გაჭირვებას რუსეთში გაურბიან.

სოფლის მეურნეობით დაკავებული ადამიანებისთვის, ივლისის მიწურული ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული პერიოდია. სოფელ წინუბანშიც ბევრი საქმეა, ამიტომ მინდვრებშია ყველა - ქალი, ბავშვი, მოხუცი. სოფლის ცენტრში არავინ დაგვხვდა, ყველა ყანასა თუ ჭალაში იყო გასული. მოგვიანებით „ბირჟაზე“ სამი ხანშიშესული შეიკრიბა. ვისაც ფიზიკურად მუშაობა არ შეუძლია, თავს ნარდით და ჭადრაკით იქცევს. ერთ-ერთია ონიკ პოღოსიანი, 93 წლის მარტოხელა მოხუცი.

„ჩემი წინაპრები აქ ერზრუმიდან ჩამოვიდნენ. სოფელში ყველაზე ასაკიანი მე ვარ, არაფერი შემიძლია, არც მუშაობა, არც დარგვა“
, - ამბობს სოფლის უხუცესი, რომელიც წინუბანს მალე დატოვებს. ონიკ პოღოსიანი შვილებს რუსეთში მიჰყავთ.

„ცოლი მომიკვდა, მარტო ვცხოვრობ აქ. ახლა შვილებს ველოდები, რომ ჩამოვიდნენ და წამიყვანონ. თუ ცოცხალი ვიქნები, მეორე წელს აქ ჩამოვალ“.

ონიკ პოღოსიანის სამივე შვილი რუსეთში ცხოვრობს. აღარც კი ახსოვს, როდის წავიდნენ მისი ბიჭები ემიგრაციაში. სოფლის უხუცესის მსგავსად, სამი ბიჭი ჰყავს რუსეთში არუთ მარკარიანს. ერთი ექსკავატორზე მუშაობს, მეორე - ავტომობილზე, მესამე კი რემონტს აკეთებს. ბიჭებმა ცოლ-შვილი სოფელში, მშობლებთან დატოვეს და რუსეთში წლების წინ წავიდნენ. არუთ მარკარიანი გვიყვება, რომ ორი მოსკოვში ცხოვრობს, მესამე ქალაქ გელენჯიკში. სოფელში ზამთრობით ჩამოდიან. „აბა რა ქნან, აქ საქმე არ არის“.

„სოფელში არაფერი და არავინ დარჩა, სრულიად დაცარიელდა. არც ქარხანაა, რომ ხალხი დასაქმდეს და ორი კაპიკით ოჯახები არჩინონ, ამიტომ კარები ჩაკეტეს და სოფლიდან წავიდნენ“, - ამბობს გრიშა ესაიანი.

ვინც სოფელში დარჩა, მიწას ამუშავებს და მოსავალს ყიდის. ფერმერები ამბობენ, რომ კარტოფილის არასტაბილური ფასის გამო, ხშირად მთელი წლის ნაწვალები წყალში ეყრებათ. „ხან კარგი ფასი აქვს კარტოფილს, ხან ისეთი დაბალი, რომ რაც დავხარჯეთ იმასაც ვერ ვიღებთ“.

სოფელში მესაქონლეობასაც მისდევენ. ყიდიან ყველაფერს, რისი გაყიდვაც შეუძლიათ. თუ კარგი წელი იქნება და თივა საკმარისზე მეტი მოუგროვდებათ, გაყიდიან და ოჯახში ზამთრისთვის საკვებს მოიმარაგებენ.

წინუბანში წყლის პრობლემაცაა. ამბობენ, რომ კარტოფილს ვერ რწყავენ და წვიმის იმედად არიან.

"წყალი არ გვაქვს, როგორ მოვრწყათ კარტოფილი? წყალი რომ არ არის, კარტოფილი წვრილი მოდის".

სოფლიდან მოსახლეობა მხოლოდ უმუშევრობას არ გაურბის. წინუბანში არ არის სამედიცინო პუნქტი, საბავშვო ბაღი და სპორტული მოედანი. რას აკეთებს ადგილობრივი ხელისუფლება წინუბნელების პრობლემების მოსაგვარებლად - ახალციხის მერიაში არ გვპასუხობენ და მოკლე, ზოგადი პასუხით შემოიფარგლებიან.

„ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია, უფლებამოსილების ფარგლებში, ყველა სოფელს თანაბრად ეხმარება და უწევს საჭირო დახმარებას“,
- მოგვწერეს პრესსამსახურიდან.

თითქმის, დაცლილი მაღალმთიანი სოფელი ახალციხიდან 13 კმ-ში მდებარეობს. სოფლის მოსახლეობა რომ სულ უფრო მცირდება, ამას მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მონაცემებიც მოწმობს. თუ 2002 წლის სოფელში 425 ადამიანი ცხოვრობდა, 2014 წელს ეს რიცხვი 251-მდე შემცირდა. წინუბნელები ამბობენ, რომ ეს რიცხვი ახლა გაცილებით დაბალია. 
| Print |