სოფლის ამბები
გზა არის, გაზი არის, წყალი არის, მაგრამ ხალხი არ არის - აბათხეველები
„ლიტრი წყალი ღირს 1,20 თეთრი, რძე კი ლარი. ეს რა არის? უსამართლობა“, - გლეხის პროდუქტების ფასს ახალციხის სოფელ აბათხევში აპროტესტებენ. სეროჟ მკრჩიანი პენსიონერია, 20 სული საქონელი ჰყავს. ძირითადად, მესაქონლეობით არის დაკავებული. ამბობს, რომ საქართველოში ყველაფერი ძვირდება, გარდა გლეხის მიერ მოწეული მოსავლის და რძის პროდუქტებისა. 69 წლის მამაკაცი გვიყვება, როგორ უჭირს თავის გატანა მის ოჯახს. ახალგაზრდობაში სეზონურ სამუშაოებზე რუსეთში დადიოდა, ახლა კი მთელ დროს ფერმერობას უთმობს.

„40 წელი, ცოტა მეტიც ვიარე რუსეთში. ახლა პატარა ბიჭი აღარ ვარ, სად წავიდე. ჩემი ოჯახიდან არავინ არ არის რუსეთში, ერთი შვილი ქვევით თივას თიბავს, ერთი ცალკე ცხოვრობს“.


სეროჟ მკრჩიანის მსგავსად, რუსეთში სეზონურ სამუშაოებზე დადიოდა და ახლა სოფლის მეურნეობას მისდევს ვიქტორ გრიგორიანი. აბათხევის მკვიდრი სკოლაში, ფიზკულტურის მასწავლებელი იყო, ამის მიუხედავად, ‘ხოფანზე“ მაინც დადიოდა. ის გვიყვება, რომ კაცები სეზონურ სამუშაოებზე მიდიან, როცა საპენსიო ასაკს მიაღწევენ, მშობლიურ სოფელში ბრუნდებიან და რუსეთში მათ შვილები ანაცვლებენ.

„ფული არ გვყოფნიდა და აქ რომ არდადეგები იყო, მივდიოდი პირდაპირ რუსეთში. 9 წელი დავდიოდი. ხელფასს ვიღებდი 100 რუბლის, ახლა არ ვიცი რამდენს იღებენ პედაგოგები. იქ კიდევ ყველაზე ცოტა 2 000 რუბლია ხელფასი“.
ჰასმიკ გრიგორიანი 66 წლის, აბათხევის მაცხოვრებელი

სეროჟის და გრიგორის მსგავსად, რუსეთში სამუშაოდ ახალგაზრდობისას წავიდა მკრტიჩ სიმონიანი, თუმცა მშობლიურ სოფელში აღარ დაბრუნდა და იქვე დასახლდა. ახლა 76 წლისაა და წინუბანში დედმამიშვილების მოსანახულებლად ჩამოვიდა.

„52 წელია რუსეთში ვცხოვრობ. საბჭოთა კავშირის დროს ჩავედი და დავრჩი, რას ვიზამთ. იქ მექანიკოსი ვიყავი. თავიდან უზბეკეთში წავედი სასწავლებლად, იქ დავრჩი, ვმუშაობდი 18 წელი. იქიდან ლენინგრადში გადავედი, იქ ვცხოვრობდი, ვმუშაობდი“.

ვინც სოფლიდან არ ან ვერ წავიდა, ოჯახს სოფლის მეურნეობით არჩენს. პრობლემა მხოლოდ მოსავლის რეალიზაცია და დაბალი ფასი არ არის. აბათხევიდან ბავშვები წინუბნის სკოლაში, საბავშვო ბაღში კი წყალთბილაში დაჰყავთ. სოფელში არ არის ამბულატორია და კულტურის სახლი.

არაერთი პრობლემის მიუხედავად, სოფელში წელს მხოლოდ ერთი პროექტი განხორციელდება. ახალციხის მერიაში ამბობენ, რომ შიდა გზის რეაბილიტაცია „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდება.

„მიმდინარე წელს, სოფელ აბათხევში შიდა გზის რეაბილიტაციაა დაგეგმილი. პროექტი მოსახლეობამ საერთო კრებებზე ხმათა უმრავლესობით შეარჩია“, - პრესსამსახურმა მოკლე კომენტარი მოგვწერა.

სოფლის მოსახლეობა, რომელსაც არც პენსია აქვს და არც ოჯახის წევრი ჰყავს რუსეთში სეზონურ სამუშაოებზე, კარტოფილს კრეფს და დღიურ გასამრჯელოს იღებს. აბათხევში ბევრისთვის ეს არის შემოსავლის და თავის რჩენის ერთადერთი წყარო. ოფიციალური მონაცემებით, სიღარიბეს სოფლიდან 150-მდე ადგილობრივი გაექცა, მაგრამ მოსახლეობა ამბობს, რომ ეს ციფრი ახლა გაცილებით მეტია.
| Print |