სოფლის ამბები
კავკასიას რუსეთი არავის დაუთმობს, დაე, ეს ყველამ იცოდეს - კუმურდოელთა განწყობები
კუმურდოში გაძვირებულ ცხოვრებასთან ერთად რუსეთის მომავალი ადარდებთ. სოფელში ირწმუნებიან, რომ ,,რუსეთი კავკასიას არავის დაუთმობს“, ამიტომ ,,ქვეყანა ჭკვიანურად უნდა მართო“. ეთნიკური სომხებით დასახლებულ სოფელში 500-მდე ოჯახი ცხოვრობს. ზღვის დონიდან 1740 მეტრზე მდებარე კუმურდოში მიგრაციის გაზრდილ რიცხვსა და გლეხის გაუფასურებულ შრომაზე ჩივიან.

87 წლის ისააკ ზაქარიანი, კითხვაზე ,,როგორ ცხოვრობენ კუმურდოში“ ამოხვნეშით პასუხობს. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ გვიყვება, რომ ქალებთან და ბავშვებთან დარჩენილი მოხუცი, ოჯახს პენსიით არჩენს.

,,350 მანეთი პენსია მაქვს. რუსეთში ჩემი ,,თორუნები“ (შვილიშვილები) არიან. ორი შვილი სვერლოვში ცხოვრობს, მესამე დაკარგულია. სად არის წასული, დიდი ხანია აღარაფერი ვიცი“.

დაკარგულ შვილთან ერთად გაჭირვება, უკრაინის ომი და გაზრდილი მიგრაცია ადარდებს. წუხს, რომ სოფელში მაცხოვრებელთა რაოდენობა ყოველწლიურად მცირდება. ,,ხუთასამდე ოჯახიც აღარ დარჩა, 200-ზე მეტი ოჯახი რუსეთში წავიდა საცხოვრებლად, ვისაც წასვლა შეუძლია, ყველა მიდის ომის და პანდემიის მიუხედავად.. ხოფანზე წელსაც წავიდნენ რუსეთში, ალბათ არის სამუშაო, თორემ ხომ ჩამოვიდოდნენ. როგორ ვცხოვრობთ? ზოგჯერ ,,მარშუტკებით“ მოდიან, ხან ხილი მოაქვთ და ხან რა. რაც გვჭირდება ხოლმე. ხან ქერზე ვცვლით, ხან ხორბალზე. აბა რა ვქნათ, ფული ჩვენ არ გვაქვს“ - ამბობს 87 წლის ისააკ ზაქარიანი.

ახალქალაქიდან 14 კმ-ით დაშორებულ სოფელში უწყლობა, უმუშევრობა და გლეხის დაუფასებელი შრომა საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემაა. დიდ ტერიტორიებზე გაშლილ მინდვრებში ძირითადად კარტოფილი მოჰყავთ. კარგი მოსავლის მისაღებად დაუღალავად შრომობენ, თუმცა ზოგჯერ უშედეგოდ. მათ ყოფას დაზიანებული ინფრასტრუქტურა და პურ-პროდუქტებზე გაზრდილი ფასები კიდევ უფრო ართულებს. ,,რასაც დავთესთ, იმით ვარსებობთ. წყალი რომ იყოს, უკეთესი მოსავალი მოვა. შიდა გზებიც დანგრეულია. საქართველოში ყველაფერი უკრაინიდან შემოდიოდა - ზეთი, შაქარი, ფქვილი, არაყი - რა აღარ? ომი დაიწყო და გაძვირდა ყველაფერი“ - ამბობს ჟორჟ საარიანი.
,,ბირჟაზე“ მამაკაცთა სიმრავლეა. სოფლად დარჩენილები გაძვირებულ ცხოვრებას, რუსეთ-უკრაინის ომსა და მის შედეგებს განიხილავენ.

,,ყველაფერი ძვირდება - ფქვილი, ბენზინი, ,,სალიარკა“ . შეუძლებელია ასე ცხოვრება.. სოფელში ჩაისაც აღარავინ სვამს, შაქარი 200 ლარი გახდა, ხალხი შიმშილით იხოცება. ალბათ ხელისუფლების ბრალიც არის, მაგრამ მთელ მსოფლიოში ასეა, მარტო საქართველოში ხომ არ ხდება, ომის დროს ხალხი ფულს ორმაგად იხდის და მშიერი რჩება“ - თავადვე პასუხობენ ერთმანეთს.

,,არ უნდა წასულიყო რუსეთის წინააღმდეგ, დიდი და ძლიერი ქვეყანაა, ამდენი ხალხი დაიღუპა, მთელი მსოფლიო ებრძვის და მაინც ძლიერად დგას. კავკასიას რუსეთი არავის დაუთმობს, დაე, ეს ყველამ იცოდეს“ - ამბობს სლავიკ გალოიანი, რომელიც ოჯახს, თითქმის 20 წელი რუსეთიდან არჩენდა და მეშვიდე წელია პენსიასაც ფედერაციიდან იღებს.

სლავიკის მსგავსად რუსეთის გამარჯვებაში დარწმუნებულნი არიან საღამოს ,,ბირჟაზე“ გამოსული მაცხოვრებლები. ომის გამო შეცვლილი ცხოვრება არ მოსწონთ, თუმცა ფიქრობენ, რომ საქართველოს ხელისუფლება შექმნილ ვითარებაში სწორად იქცევა. ამბობენ, რომ მათი რთული ცხოვრება კიდევ უფრო დამძიმდა, ,,ასე თუ გაგრძელდა, მალე ალბათ ყველა ავიკრიფებით და წავალთ... სად? ნებისმიერ ადგილას, სადაც მიგვიღებენ - რუსეთში, ამერიკაში, ევროპაში.. აქ ცხოვრება უკვე გაუსაძლისია, ფული არ მაქვს, რომ ფეხსაცმელი ვიყიდო, ნახეთ რითი დავდივარ“ - გვეუბნება კლიმენტ მარქარიანი.

მოსახლეობის განწყობას არ ეთანხმება ახალქალაქის მერის რწმუნებული კიროვაკანისა და კუმურდოს თემში. ვიტალი ნერსესიანის თქმით, ,,მოსახლეობის ნაწილი წელსაც წავიდა ხოფანში, მაგრამ უფრო მეტი სოფელში დარჩა. პანდემიის გამო რუსეთში ვეღარ წავიდნენ, მაგრამ მერეც კუმურდოში დარჩნენ. ხალხი ძირითადად სოფლის საქმეზე მუშაობს, ყანებს ამუშავებენ, კარტოფილს და სხვა ბოსტნეულს თესავენ. ბევრი პროექტი განხორციელდა, რაც აწუხებთ, მე ყველაფრის საქმის კურსში ვაყენებ ხელისუფლებას, მომავალ წელს წყლის პრობლემის მოგვარება გვსურს“ - ამბობს ახალქალაქის მერის რწმუნებული.
თურქეთის მიერ 1915—1916 წლებში დარბეული სომხების დიდი ნაწილი (100 ათასი კაცი) საქართველოს ტერიტორიაზე დასახლდა. დაახლოებით ამავე პერიოდიდან დაიწყეს ცხოვრება კუმურდოში. სოფელში შემორჩენილია მეათე საუკუნის მართლმადიდებლური ტაძარი. საუკუნეების განმავლობაში, ტაძარი კულტურულ-საგანმანათლებლო კერაც იყო.

საუკუნეების მანძილზე მივიწყებული კათედრალი უმძიმეს მდგომარეობაშია, მთლიანად ჩამოქცეულია გუმბათი, სტოა, ძლიერ დაზიანებულია და უხეშად არის აღდგენილი დასავლეთის მკლავი. კუმურდოს ბოლო გადაუდებელი რესტავრაცია 1975 წელს დაიწყო და გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლომდე გაგრძელდა. დღეისათვის ძეგლს დაცვის პოლიცია იცავს.
| Print |