სოფლის ამბები
ორალი - სოფელი "სპონსორის" გარეშე
„გლეხს შვებულება არ აქვს, საქონელს და ყანას ერთი დღითაც ვერ მიატოვებს“, - ამბობენ სოფელ ორალში. მათი ყოველდღიური საქმიანობა ძირითადად, სოფლის მეურნეობით შემოიფარგლება. ადგილობრივები გვიყვებიან, როგორია ცხოვრება სოფელში, რომელსაც „სპონსორი“ არ ჰყავს.

37 წლის რუზანა რაისიანი 19 წელია მასწავლებელია. ის სოფელ პატარა პამაჯის სკოლაში მუშაობს. სოფელ ორალს დაწყებითი განათლების სკოლა ჰქონდა, მაგრამ შენობის ავარიულობის გამო, სწავლა ონლაინ მიმდინარეობს.

„ვინ იცის რამდენი წელია უკვე... რომ აღადგინონ კარგი იქნება, საჭიროა. აქ ახალგაზრდები არ არიან, მხოლოდ მოხუცები და ბავშვები და ეს ბავშვებიც პატარა პამაჯის სკოლაში დადიან“, - ამბობს რუზანა.

რომელ სოფელსაც „სპონსორი“ ჰყავს, გაუმართლა. ასე ეძახიან შეძლებულ ადგილობრივებს, რომლებსაც ბიზნესი სომხეთში ან რუსეთში აქვთ და თავიანთ სოფელში ინფრასტრუქტურულ პრობლემებს აგვარებენ. ასეთია პატარა პამაჯი, ამიტომაცაა, რომ ორალის მეზობელ სოფელში სკოლაც არის და გზაც.

„პატარა პამაჯის სკოლაში პრობლემა თითქმის, არაფერი გვაქვს. მადლობა ჩვენს „სპონსორს“, ყველაფერი გაგვიკეთა, ისეთი სკოლა მოაწყო, რომ...“
მოსახლეობას მხოლოდ სკოლის პრობლემა არ აწუხებს. ორალში არც საბავშვო ბაღია და არც ამბულატორია. თემის ოთხ სოფელს ერთი მედპუნქტი აქვს, სადაც ოჯახის ექიმი კვირაში მხოლოდ ერთი დღე მიდის. ინფრასტრუქტურული პრობლემების გარდა, ორალში მიგრაციაზეც ჩივიან. სოციალური პრობლემების გამო, ახალგაზრდები რუსეთში, სამუშაოებზე მიდის. ამას სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ, 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მონაცემებიც ადასტურებს, რომლის მიხედვითაც ადგილობრივების რაოდენობა 100-ით არის შემცირებული.

„ახალგაზრდების გადინება ძალიან დიდია. რუსეთში მუშაობენ, აქ სამუშაოები არ არის, ენის ბარიერიც არის. მაგალითად, ჩემი ქმარი ეკონომისტია, დიპლომი აქვს, ქართულიც მშვენივრად ესმის, მაგრამ უმუშევარია, ამიტომ მუშაობს მუშად, ქალაქში. ვისაც ხელობა არ აქვს, იმან რა ქნას? - ამბობს რუზანა რაისიანი.

მიგრაციის მაღალი მაჩვენებლის გამო, ადგილობრივების თქმით, სოფელში ძირითადად, მოხუცები და ბავშვები დარჩნენ. ხანშიშესულებს პენსია მედიკამენტებზე არ ჰყოფნით. დამატებითი შემოსავლის მიღებას რძის პროდუქტების რეალიზაციით ცდილობენ, თუმცა ფერმერები მათი ნაწარმის ფასით უკმაყოფილო არიან.

ადგილობრივების თქმით, ორალში სეზონური პრობლემაა სარწყავი წყალიც. მოსახლეობის მიწებს წყლის დებეტი არ ჰყოფნის. მოსახლეობა საწვავის გაძვირებაზეც ჩივის, რის გამოც ტექნიკის დაქირავებას და მიწის დამუშავებას ვერ ახერხებენ. არაერთი პრობლემის მიუხედავად, ახალციხის მერია მიმდინარე წელს სოფელში მხოლოდ ერთ პროექტს განახორციელებს და სასაფლაოს შემოღობავს.

„სამუშაოები „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდება. პროექტები მოსახლეობამ საერთო კრებაზე ხმათა უმრავლესობით შეარჩია“, - მოგვწერეს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან.

ორალი ზღვის დონიდან 1 320 მეტრზე, ახალციხიდან 14 კმ-ში მდებარეობს. ოფიციალური მონაცემებით, სოფელში 237 ადამიანი ცხოვრობს, თუმცა აქ ამბობენ, რომ ადგილობრივების რაოდენობა გაცილებით ნაკლებია. ემიგრაციაში წასული ახალგაზრდების ნაწილი მშობლიურ სოფელში აღარ ბრუნდება.

| Print |
თეგები: სოფელი ორალი /