სოფლის ამბები
მზესთან ახლოს, მთაში
ზაფხულის დადგომისთანავე, არლის მთაში სიცოცხლე იღვიძებს. მთების კალთებიდან მზე ისევ იგივე დროს ამოდის, თუმცა ამჯერად მის ამოსვლას თან სახლებიდან ამოსული კვამლი და ადამიანების გადაძახილიც ახლავს. ეს იმის მანიშნებელია, რომ საზაფხულო საძოვარზე არლის მოსახლეობამ პირუტყვი გაირეკა და 3-4 თვის განმავლობაში მთის ფერდობებს მათი ჟრიამული აავსებს.აქ ყველას თავისი საცხოვრებელი აქვს, რომელსაც ადგილობრივები „ჰეილას“ ეძახიან. ეს ხის მასალით შეკრული სახლია, სადაც ოჯახის ყველა წევრი ერთად ცხოვრობს.მთაში თითქოს ყველაზე ადრე თენდება და მზესთანაც ყველაზე ახლოს ხარ. აქ დილა შვიდი საათიდან იწყება. დიასახლისებმა ძროხების მოწველა უნდა მოასწრონ. ამის შემდეგ მამაკაცებს ნახირი საძოვარზე გაჰყავთ.ძროხების მოწველის შემდეგ მთაში საუზმის დროა. კერძებს პატარა გაზის ავზზე, ან ეზოში „შუაცეცხლზე“ ამზადებენ. აპოხტის ხინკალი, რომელიც ძველი მესხური ტრადიციული კერძია, მთაში ხშირად კეთდება. აქ მომზადებულ კერძებს სხვა გემო და არომატი აქვს, ხის მაგიდებზე საუზმობას - სხვაგვარი ხიბლი.საუზმის შემდეგ მოწველილ რძეს უნდა მიხედონ, რომელსაც გაფილტრავენ და სეპარატორში გაატარებენ. ეს მოწყობილობა რძესა და ნაღებს ერთმანეთისგან განაცალკევებს. რძისგან ჩეჩილი ყველი მზადდება, ცხიმოვანი მასით - კარაქი და ერბო. იმ შემთხვევაში თუ დიასახლისს ჩეჩილი ყველი არ ამოჰყავს, მაშინ მოწველილი სუფთა რძისგან ჩვეულებრივი, “თავი ყველი“ მზადდება.ცივილიზაციას მოწყვეტილი ოჯახები მთაში თვეობით ცხოვრობენ. იმისთვის, რომ კვერცხი მუდმივად ჰქონდეთ და წიწილებიც ბევრი ჰყავდეთ, მთაში ქათმებითა და კრუხ-წიწილით მიდიან. ბარში დაბრუნებამდე, წიწილებიც კარგად „ფრთიანდებიან“.საზაფხულო საძოვრებზე წამსვლელ ოჯახთა რაოდენობა ყოველწლიურად იკლებს. ახალ თაობას ცივილიზაციას მოწყვეტილი ცხოვრება აღარ იზიდავს. ამიტომ არლის მთაში უპატრონოდ დარჩენილი „ჰეილები“ თანდათან მრავლდება.ჰეილააქ წყაროსაც სხვაგვარად ეძახიან. „ავაზანიდან“ ცივ-ცივი სასმელი წყალი მოედინება. შეხვდებით სახელობით წყაროებსაც. ვის "ჰეილასთანაც" ახლოსაა და ვინც პატრონობს და უვლის, წყაროსაც მისი სახელი ჰქვია. მთის ცივ წყალს სულ სხვა გემო აქვს. გარდა ამისა სუფთა, კამკამა და გემრიელია.სექტემბრის ბოლოდან მთა უკვე თოვლით იფარება. მანამდე მინდორში მთის ენძელები ჩნდებიან, რომელიც ბარში დაბრუნების ნიშანია.მთის ენძელებიტერიტორია ნელ-ნელა იცლება. ყველა „ჰეილა“ მომავალ ზაფხულამდე გამოიკეტება და ერთიანად ახმაურებულ მთაში 7-8 თვით ისევ სიმშვიდე დაისადგურებს.
| Print |
თეგები: არლის მთა / მთა /