ტურისტული ობიექტები
საფარის მონასტერი
საფარა არის მართლმადიდებლური სამონასტრო კომპლექსი, რომელიც მდებარეობს სამხრეთ საქართველოში, ისტორიულ სამცხეში. მონასტერი მდებარეობს სოფელ ღრელთან, ახალციხიდან 11 კმ-ში. მნახველს სრულიად მოულოდნელად წარმოუდგება მონასტერი. გზად მიმავალ მნახველს, სრულიად მოულოდნელად თვალწინ გადაეშლება დაფარული მამათა მონასტერი. ერთ-ერთი ვერსიით, სახელწოდება - საფარაც აქედან მოდის.
საფარა მდებარეობს ულამაზეს ტყიან ხეობაში. სამონასტრო კომპლექსი შედგება ეკლესიების, სასახლის ნანგრევებისა და თავდაცვითი საფორტიფიკაციო ნაგებობებისგან. საფარის დაარსების თარიღად 8-9 სს მიიჩნევა. XIII საუკუნეში კომპლექსი უკვე ექვემდებარებოდა ჯაყელთა სახლს - სამცხის სამთავროს ძლევამოსილ ბატონებს. XVII საუკუნიდან საფარა მიტოვებულია, რადგან სამცხე ექცევა ოსმალეთის იმპერიის ბატონობის ქვეშ.
მონასტრის მთავარი შენობა - წმ. საბას გუმბათოვანი ტაძარია. შესასვლელთან, კლდის პირას, წმ. სტეფანეს სახელობის მცირე სამლოცველოა - ერთნავიანი უგუმბათო შენობა. მონასტრის ცენტრში შენობები ძალიან მჭიდროდაა შეჯგუფებული, მარჯვნივ 2-3 მ-ის სიმაღლეზე სამრეკლოა აღმართული, ჩრდილოეთით კი მას იოანე ნათლისმცემლიც სამლოცველო აკრავს.
მარცხნივ კლდის კონცხი ფართო ბაქანს ქმნის - აქ დგას წმ. საბას ტაძარი, რომელსაც მერცხლის ბუდეებივით ეკვრის დანარჩენი მცირე ეკლესიები - სამხრეთით მიძინების ტაძარი, აღმოსავლეთით მცირე ზომის სამლოცველოა - წმ. დიმიტრის სახელობისა. აქვეა წმ. გიორგის სახელობის პატარა ეკლესია, ჩრდილო-აღმოსავლეთით იოანე ოქროპირის სამლოცველო დგას.
მონასტერში ყველაზე ძველი მიძინების ეკლესიაა. მისი დაარსების შესახებ წერილობითი წყაროები არ არსებობს, არც თვით შენობაზეა სააღმშენებლო წარწერა, მაგრამ მისი ხუროთმოძღვრული ფორმებისა და ჩუქურთმების ხასიათი მოწმობს-რომ იგი X ს-შია აგებული.
სამცხის მფლობელებს საერთოდ ათაბაგი ეწოდებოდათ, მაგრამ სარგის ჯაყელი, პირველი დამოუკიდებელი მფლობელი სამცხისა, იმავე დროს მეჭურჭლეთუხუცესიც იყო, ხოლო მის ძმას ბექას მანდატურთუხუცესის წოდება ჰქონდა. XIIIს-ის უკანასკნელ წლებში სამცხეს უკვე სარგისი კი აღარ განაგებდა, არამედ მისი ვაჟი-მანდატურთუხუცესი.
სარგისი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, მაგრამ სიბერისა და ავადმყოფობის გამო ჩამოშორდა სახელმწიფო საქმეებსა და ბერად აღიკვეცა საბას სახელით. ბექამ მამისთვის დიდი ეკლესია ააშენებინა საფარაში, რომელშიც, ალბათ ჯაყელთა სამარხიც იყო, წმინდა საბას სახელი ეწოდა.
ახალი ტაძრისთვის სამი მხრიდან - დასავლეთიდან, სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან მშენებლებს დაუტოვებიათ შესასვლელები, მაგრამ ხატმწერს სამხრეთის კარი ამოუშენებია და მთელი ფასადი ერთიან მოსახატ სიბრტყედ გადაუქცევია.
მგზავრობის მანძილი:
ახალციხიდან – 11 კმ (20 წთ);
ბორჯომიდან - 57 კმ (1 სთ);
ბათუმიდან – 173 კმ (5 სთ 15 წთ);
თბილისიდან - 220 კმ (3 სთ 20 წთ)
სამუშაო: ყოველდღე 09:00-18:00
მიღება: ლიტურგიის დროს შეზღუდულია.

| Print |